მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირები ქალთა შრომითი პირობების რეალურ გაუმჯობესებას ითხოვენ

ოფიციალური სტატისტიკით ყოველი მეორე ორსული აბორტს იკეთებს, რაც ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობისთვის კატასტროფის ტოლფასია. პროფკავშირები არსებულ მდგომარეობას ქალთა უუფლებობას, უმუშევრობას და მძიმე შრომით პირობებს უკავშირებენ. ქალებს არ აქვთ გარანტია, რომ ორსულობის და ბავშვის გაჩენის შემდეგ სამსახურს შეინარჩუნებენ, დეკრეტულ შვებულებაში ყოფნისას დეკრეტულის ასანაზღაურებლად გამოყოფილი თანხა არასაკმარისია ერთზე მეტი ბავშვის რჩენისთვის. სამსახურში აყვანისას ორსულობა შემაფერხებელი გარემოებაა და ორსულებსა და მრავალშვილიანებს პრატიკულად არ ეძლევათ სამსახურეობრივი წინსვლის პერსპექტივა.

მიგვაჩნია, რომ არსებული ვითარება ხელისუფლების სწრაფ და გადამჭრელ ზომებს მოითხოვს, მით უმეტეს, რომ ხელისუფლების მზაობა არსებობს, როგორც ამას პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავად ადასტურებს.

ჩვენ ყურადღებით გავეცანით საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას, გაეროს შტაბბინაში მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე, ასევე “ათასწლეულის განვითარების მიზნების საქართველოს ეროვნული ანგარიშის პრეზენტაციაზე” , რომელშიც აქცენტები კვლავ გენდერულ თანასწორობაზე, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობასა და სიღარიბის დაძლევის საკითხებზე გაკეთდა.

მოხარულნი ვართ, რომ ეს სწორედ ის საკითხებია, რომლებსაც პროფკავშირების ქალთა ორგანიზაცია, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აყენებდა ხელისუფლების წინაშე და მიიჩნევდა, რომ აღნიშნული პრობლემების გადაჭრისათვის სახლემწიფოებრივი მიდგომები ქვეყნის წარმატებული განვითარებისთვის გადადგული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა. აღნიშნული საკითხების გადასაწყვეტად საუკეთესო საშუალება”შრომის კოდექსის” მეორე ეტაპზე შესატანი ცვლილებების დაჩქარება იქნება.

პრემიერის ძირითადი აქცენტები სწორედ ქალთა შრომით ურთიერთობებსა და გენდერული თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებას ეხებოდა- რაც ერთ ერთი მთავარი განმაპირობებელია ოჯახების კეთილდღეობის, ქალთა დაცულობის და აქედან გამომდინარე შობადობის გაზრდისთვის. ჩვენ წლების განმავლობაში ვითხოვდით და ვითხოვთ ჩვენმა ქვეყანამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183-ე კონვენციის რატიფიცირება მოახდინოს დედობის დაცვის შესახებ. მით უმეტეს, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართელოს ხელისუფლებას შსო-ს არც ერთი კონვენციის რატიფიცირება არ მოუხდენია. კარგი იქნება თუ პირველივე ეტაპზე მოხდება სწორედ დედობის დაცვის შესახებ კონვენციის რატიფიცირება, რაც კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ ხელისუფლების პოლიტიკა ქალთა მდგომარეობის რეალური გაუმჯობესებისკენაა მიმართული. აქვე იმედს გამოვთქვამთ, მოკლე დროში მოხდება ქალთა და მამაკაცთა შორის სახელფასო სხვაობის მინიმალურ ზღვარამდე დაყვანაც და ადამიანები მხოლოდ იმიტომ არ დაიჩაგრებიან რადგან ქალები არიან- როგორც თქვენ თავად განაცხადეთ.

ის ფაქტი, რომ ქვეყნის დემოგრაფიული მდგომრეობის და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ერთ ერთი ძირითადი მიმართულებაა, გვაძლევს იმედს, რომ არსებული პრობლემების გადაწყვეტის განხორციელებას უახლოეს მომავალში დაიწყებთ, რაც ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრისთვის უმნიშვნელოვანესი ბერკეტი იქნება.Businesswoman Using Telephone in Office