შიდა ქართლის რეგიონალური ტელეკომპანია “დია” –ს თანამშრომლებს პროფკავშირები სოლიდარობას უცხადებს, ადმინისტრაციას კი კონტრაქტების კანონთან შესაბამისობაში მოყვანისკენ მოუწოდებს
შიდა ქართლის რეგიონული მაუწყებელი “დია” 11-მა ჟურნალისტმა და არხის საინფორმაციოს უფროსმა გუშინ დატოვეს. პროფკავშირების რეგიონული ოფისის მოკვლევით დასტურდება, რომ თანამშრომელთა პრეტენზიები სრულებით საფუძვლიანია.
როგორც ჟურნალისტები ამბობენ. ტელევიზიის ხელმძღვანელი ულტიმატუმის ენით საუბრობდა და აიძულებდა თანამშრომლებს დათანხმებოდნენ ამ პირობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოითხოვდა ურთიეთობა გაეწყვიტათ მათთან. ტელევიზიის ყოფილი თანამშრომლები აღნიშნული შეურაცხყოფისთვის ტელევიზიის ხელმძღვანელობისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას და კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ უფლებებს სასამართლოს გზით დაიცავენ. “დიას” ყოფილ თანამშრომლებთან ერთად მთელ რიგ დარღვევებზე მიუთითებენ იურისტები საქართველოს პროფკავშირებიდან, რომლებიც ხელშეკრულებას დეტალურად გაეცნენ. ამასთან, ისინი კონკრეტულ ეჭვებს გამოთქვამენ და ხელშეკრულებაში მოყვანილ პუნქტებს ტელევიზიის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებენ.
შრომითი ხელშეკრულება, რომელიც არხის დამფუძნებლებმა თანამშრომლებს შესთავაზეს ბუნდოვანია, არ არის გაწერილი თანამშრომელთა უფლება მოვალეობანი. გაურკვეველია თანამშრომელთა უფლებები სამსახურიდან გათავისუფლების და ავადმყოფობისას ბიულეტენით სარგებლობის შემთხვევაში. ჟურნალისტებს არ აქვთ საქმიანობაში ჩაურევლობის არავითარი გარანტია.
პროფკავშირები არხის დამფუძნებლებს მოუწოდებს- შრომითი კონტრაქტები საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს და თანამშრომლებთან კოლექტიური ხელშეკრულება გააფორმოს.
სამწუხაროა, რომ შრომითი კუთხით ანალოგიური ვითარებაა ბევრ სხვა ქართულ მედია საშუალებაშიც, რაც მედიის თავისუფალ და პროფესიულ საქმიანობასა და განვითარებას აფერხებს. პროფკავშირები ჟურნალისტებს საჭიროების შემთხვევაში ადვოკატირებას სთავაზობს.