ღირსეული შრომის პირობები და თანამედროვე გამოწვევები, პროფკავშირების როლი და მომავალი – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ბულგარეთის დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფედრაციის (CITUB) 8-ე კონგრესის ყრილობაზე, სადაც პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) გენერალურ მდივანთან, შ. ბაროუსთან და სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს. თავის გამოსვლაში ი. პეტრიაშვილი შეეხო ღირსეული შრომის პირობების შექმნის აუცილებლობას, თანამედროვე გამოწვევებს, აღნიშნა პროფკავშირული თანამშრომლობის როლი არსებულ პრობლემათა გადაჭრის საკითხში და პროფკავშირულ საზოგადოებას მოუწოდა წარმართოს მაქსიმალური ძალისხმევა და მოახდინოს ეფექტური რეაგირება ყოველ კონკრეტულ დარღვევაზე, რათა შესაძლებელი გახდეს რეალური შედეგების მიღწევა მშრომელთა უფლებების დაცვის საკითხში.
კონგრესს წინ უძღოდა CITUB-ის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია „ციფრული სამყარო და შრომის მომავალი“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე მიწვეული იყო ძირითად მომხსენებლად თემაზე „ციფრული სამყარო და გამოწვევები პროფესიული გაერთიანებებისთვის, ორგანაიზინგი, კოლექტიური მოლაპარაკებები და სოციალური დიალოგი ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ფონზე“. ღონისძიებები ბულგარეთში 2-3 მაისს შედგა.