1918 წლის 26 მაისს აღსდგა საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ოთხნახევარი საუკუნის შემდეგ ქართველებმა დაიბრუნეს ერთიანი სახელმწიფო და დღის წესრიგში დადგა ამ სახელმწიფოს საზოგადოებრივი ცხოვრების ორგანიზება სოციალური პროგრესის პრინციპების შესაბამისად.
1917 წლის 26-31 დეკემბერს თბილისში გაიმართა კავკასიის პროფესიული კავშირების პირველი სამხარეო კონფერენცია, რომელზეც არჩეულ იქნა კავკასიის პროფესიული კავშირების სამხარეო საბჭო, რომელმაც თავის მხრივ აირჩია კავკასიის პროფესიული კავშირების სამხარეო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი, რომელშიც წამყვანი პოზიციები ეკავათ ქართველ სოციალ-დემოკრატებს. კავკასიის პროფესიული კავშირების სამხარეო საბჭომ კავკასიის პროფესიული კავშირების პირველი სამხარეო კონფერენციის მასალები 1918 წლის 15 იანვარს გამოაქვეყნა თავის ბეჭვდით ორგანო ჟურნალ „кавказский рабочий союз“-ში. კავკასიის პროფესიული კავშირების სამხარეო საბჭო სოციალური პროგრესის იდეის განხორციელებას უკავშირებდა არა ოქტობბრის რევოლუციით ხელისუფლებაში მოსულ სახალხო კომისართა საბჭოს, არამედ დემოკრატიულად არჩეული დამფუძნებელი კრების მუშაობის დაწყებას.
საყურადღებო ფაქტია, რომ 1918 წლის 7-14 იანვარს პეტროგრადში გამართულ სრულიად რუსეთის პროფესიული კავშირების პირველ ყრილობაზე არ ესწრებოდა ქართველი დელეგაცია, რადგან ამ ყრილობის დელეგატთა არჩევნები საქართველოსი პროფესიულ კავშირებში არ გამართულა.
საქართველოს ეროვნული ყრილობის მიერ 1917 წლის 22 ნოემბერს არჩეულმა საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა გამოაცხადა და ქართული პროფკავშირული ორგანიზაციები კავკასიის პროფკავშირების სამხარო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისაგან დამოუკიდებლად მოქმედებდნენ, სამხარეო სტრუქტურა ფორმალურადღა არსებობდა.
1919 წლის დამდეგს ქ. ბაქოში მოქმედმა პროფკავშირების საბჭომ კავკასიის პროფკავშირების სამხარეო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს მიმართა წინადადებით ქ. ბაქოში მოწვეულ ყოფილიყო სრულად კავკასიის პროფესიული კავშირების ყრილობა. შეთანხმება ვერ შედგა და ქ. ბაქოში 1919 წლის 7 აპრილს გაიხსნა ამიერ და იმიერ კავკასიის, კასპიისპირეთის პროფკავშირების ყრილობა, რომელიც საბჭოთა რუსეთზე იყო ორიენტირებული. ამ ყრილობაზე საქართველოდან 9 გადამწყვეტი და 2 სათათბირო ხმის მქონე ბოლშევიკურ პლატფორმის წარმომადგენელი დელეგატი ესწრებოდა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ თბილისში 1919 წლის 11 აპრილს გაიხსნა საქართველოს პროფესიული კავშირების პირველი ყრილობა, რომელსაც 182 გადამწყვეტი და 16 სათათბირო ხმის მქონე დელეგატი ესწრებოდა. დელეგატები არჩეული იყვნენ თბილისის, ქუთაისის, სოხუმის, ბათუმის, ფოთის, თელავის, სიღნაღის, გორის, ხაშურის, ბორჯომის, შორაპნის, ყვირილის, ჭიათურის, ტყიბულის, სამტრედიის, ოზურგეთის, ზუგდიდის, სენაკის პროფკავშირის წევრი მშრომელების მიერ. პირველ ყრილობაზე საქართველოსი მოქმედი 87 პროფკავშირული ორგანიზაციიდან ( დაახლოებით 55 ათასი წევრით) წარმოდგენილი იყო 63 პროფკავშირული ორგანიზაცია, ასევე წარმოდგენილი იყო თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ფოთის საქალაქო პროფსაბჭოები და რკინიგზელთა და ფარმაცევტთა პროფცენტრები. დელეგატთა შორის 134 სოციალ-დემოკრატიულ, ხოლო 6 ბოლშევიკურ პლატფორმას წარმოადგენდნენ, ასევე იყვნენ სხვა პოლიტიკური პლატფორმებისა და უპარტიო დელეგატებიც.
საქართველოს პროფესიული კავშირების პირველმა ყრილობამ განიხილა მშრომელთათვის აქტუალური საკითხები. მის სამუშაო დღისწესრიგში შევიდა:
ა) კავკასიის პროფესიული კავშირების სამხარეო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის საანგარიშო მოხსენება;
ბ) მოხსენებები რეგიონებიდან;
გ) მოხსენება შრომის სამინისტროს მიერ გაწეულ მუშაობაზე;
დ) მოხსენება ფასების ზრდისა და რეალური ხელფასის შესახებ;
ე) მოხსენება შრომის ბაზრის სრულყოფის თაობაზე;
ვ) მოხსენება მიმდინარე მომენტისა და პროფესიული კავშირების მუშაობის თაობაზე;
ზ) საქართველოს პროფესიული კავშირების ცენტრალური საბჭოს არჩევნები;
თ) მოხსენება საქართველოს პროფესიული კავშირების ცენტრალური საბჭოს ბეჭვდითი ორგანოს შესახებ.
საქართველოს პროფესიული კავშირების პირველი ყრილობის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღო ბევრმა სტუმარმა. მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სრომის მინისტრის გ. ერაძის გამოსვლა. მინისტრი დაწვრილებით შეეხო რესპუბლიკის სოციალურ-შრომით კონფლიქტების დინამიკას, მაგალითად მოიყვანა ტყიბული მაღაროების მუშათა გაფიცვა და 8 საათიანი სამუშაო დღის დამკვიდრების პრობლემა. მინისტრმა საქართველოს პროფესიული კავშირების პირველ ყრილობას მიმართა ინიციატივით დემოკრატიულ რესპუბლიკაში სატარიფო პალატისა და სატარიფო კომისიების დაფუძნების თაობაზე.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შრომის მინისტრის ინიციატივა დაწვრილებით წარმოადგინა შრომის სამინისტროს წარმომადგენელმა ი. გოლდმანმა. თავის მოხსენებაში „ფასების ზრდა და რეალური ხელფასი“, საჯარო მოხელემ აღნიშნა რომ ქვეყანაში მშრომელთა „მატერიალური მდგომარეობა იმდენად კრიტიკულია, რომ იგი საფრთხეს უქმნის მათ ფიზიკურ არსებობას“.
საქართველოს პროფესიული კავშირების პირველმა ყრილობამ დადგენილებით მხარი დაუჭირა დემოკრატიულ რესპუბლიკაში სატარიფო პალატის ფორმირებას და შრომის სანარდო სისტემის შემოღებას.
შრომის ბაზრის სრულყოფის საკითხზე, განსაკუთრებით უმუშევრობისა და შრომის ბირჟის ფორმირების თაობაზე ყრილობამ შეთანხმებას ვერ მიაღწია და სათანადო დადგენილება ვერ მიიღო.
მიმდინარე მომენტისა და პროფკავშირების მუშაობაზე ვრცელი მოხსენებით გამოვიდა ცნობილი ქართველი სოციალ-დემოკრატი რ. არსენიძე, რომელმაც დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ სოციალური პროგრესისკენ სვლის ერთადერთ მისაღებ გზად დემოკრატია გამოაცხადა.
საქართველოს პროფესიული კავშირების პირველ ყრილობაზე ბაქოს მუშათა კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილის სტატუსით გამოვიდა, ცნობილი ბილშევიკი ანასტას მიქოიანი, რომელმაც დემოკრატიული რესპუბლიკის მუშათა კლასს მოუწოდა გაერთიანებულიყვნენ კავკასიის მუშებთან ერთიან კლასობრივ ფრონტში.
საქართველოს პროფესიული კავშირების პირველმა ყრილობამ 1919 წლის 16 აპრილს თავის ბოლო სხდომაზე დადგენილებით გადაწყვიტა საქართველოს პროფესიული კავშირების ცენტრალური საბჭოს ბეჭვდითი ორგანოს დაფუძნება, რისთვისც აუცილებლად ჩათვალა პროფკავშირის თითოეული წევრის მიერ ამ ბეჭვდითი ორგანოს ფონდში ერთდროულად 2 მანეთის გადახდა.
საქართველოს პროფესიული კავშირების პირველი ყრილობამ მნიშვნელოვანი სამუშაო მიზნად დასახა პროფკავშირული ორგანიზაციების საწარმოო პრინციპის შეაბამისად ორგანიზება.
დამოუკდებელ საქართველოში პირველად გამართულ პროფესიული კავშირების ყრილობაზე არჩეულ იქნა საქართველოს პროფესიული კავშირების ცენტრალური საბჭო 19 წევრისა და 8 კანდიდატის შემადგენლობით და დამტკიცებულ იქნა მისი წესდება. ყრილობის დასრულების შემდეგ საქართველოს პროფესიული კავშირების ცენტრალურმა საბჭომ თავის რიგებიდან აირჩია 7 წვრიანი აღმასრულებელი კომიტეტი. დემოკრატიული რესპუბლიკის მშრომელთა სოციალური, შრომითი, პროფესიული და მატერიალური უფლებებისა და ინტერესების წარმომადგენელმა და დამცველმა საქართველოს პროფესიული კავშირების ცენტრალურმა საბჭომ იფუნქციონირა 1921 წლის 25 თებერვლამდე საქართველოს რევოლუციური კომიტეტის მიერ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის გამოცხადებამდე.
საქართველოს პროფესიული კავშირების პირველი ყრილობა დღეს საქართველოს ისტორიის კუთვნილებაა და მას ამ ისტორიის ფურცლებზე სახელოვანი და ღირსეული ადგილი უკავია.
დავით არაბიძე