პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს ქალთა ორგანიზაციის ვიცე პრეზიდენტის პოსტზე – ეთერ მათურელი აირჩიეს. ის საქართველოს პროფკავშირების ქალთა ორგანიზაციის ლიდერია და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე.
ევროპის პროფკავშირების ქალთა ორგანიზაციის კომიტეტის, პრეზიდენტის და ორი ვიცე პრეზიდენტის არჩევნები თბილისში შედგა. კომიტეტის პრეზიდენტის პოსტს ბელგიის პროფკავშირების წარმომადგენელი საბინა შლეგერი დაიკავებს.
ქალთა კომიტეტის შემადგენლობა, პრეზიდენტი და ორ ვიცე პრეზიდენტი, ოთხ წლიანი ვადით აირჩიეს. არჩევნებში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი 41 დელეგატი მონაწილეობდა.
ეთერ მათურელი აცხადებს, რომ მისი არჩევა მისთვის საპატია და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაცაა:”დღემდე სახელმწიფომ ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესებისთვის ვერ მოიცალა, დაუცველნი არიან დედები, უმუშევარი ახალგაზრდა ქალები, ორსულები და მცირეწლოვანთა დედები სახელმწიფოსგან ყოველგვარი ზრუნვის გარეშე არიან დარჩენილნი, რთულია თვითდასაქმებულ ქალთა შრომითი უფლებები, უნდა გაუმჯობესდეს ქალთა უსაფრთხო შრომის პირობები. ეს სტატუსი მე შესაძლებლობას მომცემს გავააქტიურო მუშაობა და ამისთვის გამოვიყენო ქვეყნის შიგნით და გარეთ ტრიბუნები. ხელისუფლებას კარგად უნდა ესმოდეს რომ ევროპა არაა მხოლოდ სიტყვა და ის პირველ რიგში ადამიანის ღირსეულ უფლებებს გულისხმობს.”
ქალთა ასეთი დიდი კონფერენციის თბილისში ჩატარების გადაწყვეტილება, საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციამ წელს პირველად მიიღო.
კონფერენციის ფარგლებში განიხილეს საქართველოში დასაქმებულ ქალთა უფლებები და მასთან დაკავშირებულ საკითხები. აგრეთვე ევროპის მასშტაბით ქალთა როლის წამოწევა პოლიტიკაში და ხელმძღვანელ თანამდებობებზე
პროფკავშირების კონფედედრაციის პან ევროპული ორგანიზაცია, ევროპის კონტინენტის ყველა ქვეყნის პროფკავშირებს (87 პროფ. ორგანიზაციას) მათ 87 მილიონ წევრს აერთიანებს, მათ შორის, ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნებიდან.
ქალთა შრომითი უფლებები და გენდერული საკითხები ორგანიზაციის მთავარი მიმართულებაა.