მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფესიული კავშირები ისლანდიის რესპუბლიკაში

სტატიის ავტორი:  დავით  არაბიძე

ისლანდია 1944 წლიდან დამოუკიდებელი კუნძული-სახელმწიფოა. ატლანტიკის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში არსებული ეს კუნძული-რესპუბლიკა ძირითადად აგრარულ სექტორზეა ორიენტირებული, სადაც წამყვანი მიმართულება არის მეთევზეობა, რომელიც მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება და ძირითადად ექსპორტზეა ორიენტირებული, ასევე განვითარებულია მეცხოველეობა, რძისა და ხორცის პროდუქტების წარმოება საექსპორტოდ. ქვეყანაში არის განვითარებული კვების წარმოება, მოქმედებს საფეიქრო, ხის დამამუშავებელი და გემთმშენებელი საწარმოები. ისლანდიაში ბევრია გეოთერმული წყაროები, რომელიც რესპუბლიკას მნიშვნელოვნად უვსებს მოთხოვნილებას ენერგიაზე, მაგრამ კუნძული ღარიბია სხვა ბუნებრივი წიაღისეულით, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა რესპუბლიკის ინდუსტრიალიზაცია.

ისლანდიაში პროფკავშირულ მოძრაობას 130 წლის ისტორია აქვს. პირველი პროფკავშირული ორგანიზაცია კუნძულზე 1887 წელს დააფუძნეს მბეჭდავებმა. 1916 წელს ისლანდიაში მოქმედი პროფკავშირები შეკავშირდნენ ისლანდიის პროფკავშირების გაერთიანებაში, რომელიც განვითარების პირველ ეტაპზე სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან იყო მჭიდრო ორგანიზაციულე ერთობაში და მხოლოდ 1940 წელს გახდა პარტიისგან სრულიად დამოუკიდებელი.

პროფკავშირული მოძრაობა ისლანდიაში იმგვარად განვითარდა, რომ რომ ისლანდიის პროფკავშირების გაერთიანება რესპუბლიკაში ერთადერთი დიდი საერთო ეროვნული გაერთიანებაა, რომლისგან დამოუკიდებლად მოქმედებს მხოლოდ ისლანდიის საჯარო და მუნიციპალურ მოსამსახურეთა პროფკავშირების ფედერაცია, რომელიც ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების პროფკავშირების საბჭოს წევრი ორგანიზაციაა.

პროფკავშირული მოძრაობა ისლანდიაში მე-20 საუკუნის 70-ან წლებამდე ორგანიზაციულ-სტრუქტურული თვალსაზრისით დეცენტრალიზებული იყო. დღეს პროფკავშირების გაერთიანებაში შედიან როგორც დარგობრივი, ასევე ტერიტორიული ორგანიზაციები. ისლანდიის პროფკავშირების გაერთიანებაში არის 5 რეგიონული პროფკავშირული საბჭო: დედაქალაქი რეიკიავიკი, ჩრდილოეთი და სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი. გაერთიანების უმაღლესი ორგანო  4 წელიწადში ერთხელ მოწვეული ყრილობაა, რომელიც ირჩევს მმართველ ორგანოებსა და იღებს მომდევნო 4 წლის განმავლობაში გაერთიანების სამოქმედო პროგრამას. გაერთიანების მმართველობა მოიცავს აღმასრულებელ კომიტეტსა და ცენტრალურ გამგეობას. აღმასრულებელ კომიტეტში შედის ცენტრალური გამგეობის 21 წევრი, გაერთიანების ყრილობის მიერ არჩეული 18 პირი და სხვადასხვა დარგობრივი პროფკავშირების მიერ დადგენილი ნორმების შესაბამისად წარმოგზავნილი წარმომადგენლები. ყრილობა ირჩევს გაერთიანების თავმჯდომარეს, რომელიც ცენტრალურ გამგეობასთან ერთად ეწევა ყოველდღიურ მუშაობას.

ისლანდიის პროფკავშირების გაერთიანებაში შედიან მმართველობითა და ფინანსებით ავტონომიური ორგანიზაციები:

სახალხო საგანმანათლებლო კავშირი, რომლის ფუნქციაა მშრომელთა შორის საგანმანათლებლო და პროფკავშირული სწავლების წარმოება;

სახალხო ბანკი, რომლის აქციონერებიც არიან გაერთიანებაში შემავალი პროფკავშირები;

სამოგზაურო ბიურო „Langsin”, როლითაც სარგებლობენ მშრომელები;

ისლანდიის რესპუბლიკის უდიდესი სურათების გალერეა.

პროფკავშირების გაერთიანება გამოსცემს ყოველკვარტალურ ჟურნალს „Winnan“

(„შრომა“).

ჩრდილოეთ ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ისლანდიის პროფკავშირების გაერთიანება არ არის ერთნიშნად რომელიმე პოლიტიკურ პარტიაზე ორიენტირებული, მაგრამ ცალკეული დარგების პროფკავშირები ხშირად თანამშრომლობენ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან საკუთარი ინტერესების საკანონმდებლო დონეზე მისაღწევად. ეს კი იწვევს გაერთიანებაში ფრაქციების წარმოქმნას თავისი განსხვავებული პოზიციებით.

ისლანდიის პროფკავშირების გაერთიანებია მთავარი საზრუნავი საკითხებია: მშრომელთა ხელფასები, მისი მსყიდველობითი უნარიანობის დაცვა და ზრდა, ინფლაცია, ფასებისა და გადასახადებისა, განსაკუთრებით კომუნალურის გადასახადების ზრდასთან ბრძოლა, სოციალური ბინათმშენებლობა, ეკოსისტემის, განსაკუთრებით ზღვისპირეთისა და სათევზაო ზონების უსაფრთხოების დაცვა.

ისლანდიის პროფკავშირების გაერთიანების გამორჩეული მახასიათებელი ნიშანია მისი აქტიური პოზიცია მშვიდობის დაცვის მოძრაობაში. იგი არის ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების პროფკავშირების საბჭოს, პროფკავშირების ევროპული კონფედერაცისსა და პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის წევრი ორგანიზაცია, სარგებლობს რა ამ შესაძლებლობით იგი აქტიურად მონაწილეობს როგორც რეგიონალურ, ასევე საერთაშორისო პროფკავშირულ აქტივობებში.

3064189