მიმდინარეობს საიტის განახლება

ITUC-ის გენერალური მდივნის მოადგილე, ოუენ ტიუდორი, სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვია

საქართველოში სპეციალური ვიზიტით პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) გენერალური მდივნის მოადგილე ოუენ ტიუდორი იმყოფება. მისი მასპინძელი საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაა.

მსოფლიოში შრომით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და გავლენიანი ორგანიზაციის მაღალი რანგის წარმომადგენელი საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს, მის მოადგილეებს, აპარატის წარმომადგენლებს და წევრი ორგანიზაციის ლიდერებს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოს პროფკავშირების გამოწვევებსა და ადგილს მსოფლიო პროფკავშირების ოჯახში. ტიუდორის განცხადებით საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება რეგიონში გამორჩეული და სამაგალითო ორგანიზაციაა სწრაფი განვითარების სწორი კურსით, ფუნქციონალური და ბრძოლისუნარიანობის თვალსაზრისით.

მსჯელობის საგანი იყო თბილისში, 2020 წლის ნოემბერში დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიება, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის ( ITUC) გენერალური საბჭოს სხდომა, რომელიც არსებობის ისტორიაში არათუ საქართველოში, არამედ არცერთ მცირე ზომის განვითარებად ქვეყანაში არ გამართულა. საქართველოში ამ ღონისძიების დაგეგმვა, რომელსაც ასობით უცხოელი მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დიდი საერთაშორისო აღიარებაა.

ტიუდორს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების გარდა, შეხვედრა ჰქონდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში. მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ და ოუენ ტიუდორმა განიხილეს საქართველოში შრომით და სოციალურ სფეროში არსებული ვითარება, კანონმდებლობა და მისი შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობა საერთაშორისო სტანდარტებთან და ნორმებთან. საუბარი შეეხო ზემოთ აღნიშნულ მსხვილ ღონისძიებასაც, რომლის მასპინძელიც ჩვენი ქვეყანა შემოდგომაზე იქნება.