მიმდინარეობს საიტის განახლება

მნიშვნელოვანი კვლევა მშრომელთა უფლებებთან დაკავშირებით

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების საპრესკონფერენციაო დარბაზში ”მშრომელთა უფლებების კვლევა საქართველოში” – პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე მედიის წარმომადგენლებს, პარტნიორ ორგანიზაციებსა და პროფკავშირების დარგებს გააცნეს კვლევის შედეგები, რომლებიც დღეს ქვეყანაში არსებულ შრომის პირობებსა და ზოგადად შრომით ურთიერთობებს უკავშირდება. კვლევა ფრიდიხ ებერტის ფონდის თანადგომით ჩატარდა.

2013 წლის ზაფხულში შრომის კოდექსის ცვლილებებმა გამოიწვია გარკვეული სახის წინსვლა საქართველოს ინდუსტრიულ სფეროში. მიუხედავად ამისა, დასაქმებულთა მდგომარეობა დიდად არ გაუმჯობესებულა. ეს ანსაკუთრებით ეხება დასაქმებულთა შრომით უფლებებს.

სოციალური დიალოგის მინიმალურმა დონემ გარკვეულწილად შეაფერხა შრომის კოდექსის იმ ძირითადი მუხლების ამოქმედება, რომლებსაც იდეაში უნდა მოეწესრიგებინათ ურთიერთობა დასაქმებულსა და დამქირავებელს შორის. შრომის კოდექსის აღნიშნული მუხლები ეხებოდა ისეთ ინდიკატორებს, როგორიცაა შვებულება, სამუშაო საათი, ზეგანაკვეთური სამუშაო დრო და ა.შ.

ზემოთ აღნიშნულმა მოვლენებმა გამოიწვია იმ ორგანიზაცია/საზოგადოებრივი გაერთიანებების გარკვეული უკმაყოფილება, რომლებიც მუშაობენ შრომით უფლებებზე. ამ გამოკვლევის მიზანია, გარკვეული იქნას, თუ სად არის დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებულ ურთიერთობებში ძირითადი პრობლემები. გამოკვლევის მეშვეობით შესაძლებელია გამოიკვეთოს ის ძირითადი ინდუსტრიული სფეროები, სადაც ფიქსირდება უთანხმოება ამ ორ სუბიექტს შორის.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის, გოჩა ალექსანდრიას აზრით, მოცემული გამოკვლევის ანალიზის ინტერპრეტაცია დაინტერესებულ პირებს მისცემს საშუალებას, სახელმწიფოს მოთხოვოს მათი გადაჭრის გზების ძიება, რათა შესაძლებელი გახდეს,  მშრომელმა ადამიანებმა და მათი ოჯახის წევრებმა უკეთეს პირობებში შეძლონ ცხოვრება და მუშაობა.

აღნიშნული პროექტის ძირითადი მიგნებებია:

  • წერილობითი ინდივიდუალური ხელშეკრულებების დადების შემთხვევები დასაქმებულთან სახელმწიფო სექტორში გაცილებით მაღალი პროცენტული მაჩვენებლით ხასიათდება და შეადგენს 98.2 პროცენტს, იმ დროს, როდესაც ანალოგიური მაჩვენებელი კერძო სექტორში 79.8 პროცენტია;
  • ზეპირი ხელშეკრულებების შემთხვევები მაინც არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ მისი პროცენტული მაჩვენებელი უმნიშვნელოა და შეადგენს მხოლოდ 0.5 პროცენტს. ეს შემთხვევა ფიქსირდება კერძო სექტორში დასაქმებულ პირებთან;
  • უვადო ხელშეკრულებების შემთხვევები როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში თითქმის იდენტური პროცენტული მაჩვენებლით ხასიათდება და შეადგენს შესაბამისად 44.2 და 43.6-ს, რაც მისასალმებელი ფაქტორია;
  • ვადიანი ხელშეკრულებების შემთხვევები როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში თითქმის ასევე იდენტურია და შეადგენს შესაბამისად 47.0 და 41.4 პროცენტს;
  • კოლექტიური ხელშეკრულებების შემთხვევათა პროცენტული მაჩვენებელი გაცილებით მეტია კერძო სექტორში, ვიდრე სახელმწიფო სექტორში. კერძო სექტორში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 19.2 პროცენტს, იმ დროს, როდესაც სახელმწიფო სექტორში კოლექტიურ ხელშეკრულებათა პროცენტული მაჩვენებელი 1.5-ია;
  • როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში დაქირავებულთა ხელშეკრულებები უმეტეს შემთხვევაში მოკლევადიანია.
  • სამუშაო დროის საშუალო ხანგრძლივობა კვირის მანძილზე სახელმწიფო სექტორში გაცილებით მაღალია და მიახლოებულია 48 საათიან ზღვარს – შეადგენს 45 საათს, იმ დროს, როდესაც ანალოგიური მაჩვენებელი კერძო სექტორში საშუალოდ 37 საათია;
  • ზეგანაკვეთური გრაფიკით მომუშავეები, რომლებიც კერძო სექტორში მოღვაწეობენ, აცხადებენ, რომ მათ ისინი არ იღებენ არანაირ დამატებით ანაზღაურებას. ამ გამოპასუხების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს 37.2 პროცენტს. ეს კი, თავის მხრივ, არაა დაბალი მაჩვენებელი; ანალოგიური შემთხვევები სახელმწიფო სექტორში 39.5 პროცენტია.
  • ზეგანაკვეთური გრაფიკით მუშაობის საშუალო ხანგრძლივობა კერძო სექტორში დაახლოებით 3.5-ჯერ მეტია თვის მანძილზე, ვიდრე ეს სახელმწიფო სექტორშია;
  • სადღესასწაულო დღეებში მუშაობის შემთხვევათა პროცენტული რაოდენობები, როდესაც ამისთვის დასაქმებულს არ მიეცემა დამატებითი ანაზღაურება, კერძო სექტორში 42.0 პროცენტს შეადგენს, ხოლო სახელმწიფო სექტორში – 57.1-ს.
  • ღამის ცვლაში მუშაობის დროს კერძო სექტორში დასაქმებულთა 75.0 პროცენტი არ ღებულობს არანაირ დამატებით ანაზღაურებას ან/და შეღავათს. ანალოგიური მაჩვენებელი სახელმწიფო სექტორში შეადგენს 53.6 პროცენტს;
  • მძიმე, მავნე და საშიშ პირობებში მომუშავეთა ის ნაწილი, რომელიც, არ სარგებლობს ამისთვის განკუთვნილ დამატებით 10 დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში თანაბარი პროცენტითაა დაფიქსირებული;
  • წინასწარ გაფრთხილების გარეშე სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევათა უფრო მაღალი მაჩვენებელი კერძო სექტორში ფიქსირდება და შეადგენს 52.5 პროცენტს. ანალოგიური მაჩვენებელი სახელმწიფო სექტორში 33.3-ია;
  • კომპენსაცია სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაცემულა კერძო სექტორში 72.0 პროცენტის შემთხვევაში და სახელმწიფო სექტორის 28.0 პროცენტის შემთხვევაში;
  • ორგანიზაციის ადმინისტრაციის მხრიდან რაიმე სახის ზეწოლა დასაქმებულზე კერძო სექტორში გაცილებით მაღალია და ჯამში შეადგენს 20.3 პროცენტს. ზეწოლა ძირითადად განპირობებულია ისეთი მიზეზების გამო, როგორიცაა საკუთარი შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნა და ასევე კოლეგის შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნა. მსგავს ინდიკატორებზე სახელმწიფო სექტორში გაცილებით დაბალი პროცენტი ფიქსირდება.kvleva1