ფოთის საქალაქო სასამართლოში შედგა მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადება, შპს “მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია“-ს ოპერირების ქვეშ არსებული ფოთის მეტალურგიული ქარხნის ყოფილი თანამშრომლის – ამირან გამზარდიას მიერ ამავე კომპანიის წინააღმდეგ წამოწყებულ შრომით დავასთან დაკავშირებით.
როგორც უკვე იცით, კომპანიის ადმინისტრაციამ ამირან გამზარდია მიმდინარე წლის 15 აპრილს შრომის შინაგანაწესისა და შრომის კონტრაქტის დარღვევის საფუძვლით გაანთავისუფლა სამსახურიდან.ამირან გამზარდიას მტკიცებით კი ეს ბრალდება უსაფუძვლოა, რადგან ადმინისტრაციის მიერ მოყვანილ ფაქტთან, როდესაც საწარმოო ავარიის დროს მოხდა დამდნარი ლითონის დაქცევა, იქიდან გამომდინარე, რომ ზემოთაღნიშნული ფაქტის პრევენცია მის სამსახურეობრივ მოვალეობებში არ შედის, მას კავშირი არ აქვს.
ამირან გამზარდია იყო ის ერთადერთი ადამიანი, რომელიც 2013 წლის გაფიცვაში მონაწილეობდა და დღემდე შემორჩა საწარმოში. მისი აზრით სწორედ ეს იყო კომპანიის ადმინისტრაციის ფარული მოტივი მისი სამსახურიდან განთავისუფლების გადაწყვეტილების მიღების დროს.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მოპასუხის მიერ სასამართლო პროცესებზე მოყვანილმა მოწმეებმაც კი დაადასტურეს, რომ 2014 წლის აპრილის თვეში მომხდარ საწარმოო ავარიასთან ამირან გამზარდიას კავშირი არ აქვს.
საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის იურიდიულმა სამსახურმა მოსამართლეს წარუდგინა უამრავი მტკიცებულება, რითაც ამირან გამზარდიას უდანაშაულობა დასტურდება, თუმცა ყოველივე ამის მიუხედავად, მოსამართლე თეა ბერაიამ სარჩელი არ დააკმაყოფილა. მან ისე გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომ მხარეებს არც კი განუმარტა რაზე დაყრდნობით მიიღო ეს გადაწყვეტილება.
სასამართლოზე მოსარჩელის ადვოკატირებას პროფკავშირის იურიდიული სამსახურის თანამშრომელი, იურისტი ხათუნა ბურჯანაძე ეწეოდა, ხოლო საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქუთაისის და ფოთის ოფისის თანამშრომლები: ირაკლი იობიძე, ემელიანე გუმბერიძე და ინგა გვასალია, მოსარჩელეს სასამართლოს დარბაზიდან გულშემატკივრობდნენ.
საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი თვლის, რომ ფოთში არ უნდათ რომ დაშვებული იქნას შრომითი დავის დასაქმებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრეცედენტი. შეგახსენებთ, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოში, ბოლო 5-6 წლის განმავლობაში შეტანილი არცერთი შრომითი სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული.
“ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ამირან გამზარდიას ინტერესებს, შესაბამისად პროფესიული კავშირის იურიდიული სამსახური აუცილებლად მოამზადებს სააპელაციო სარჩელს, როგორც კი 25 სექტემბერს გამოტანილი გადაწყვეტილება ოფიციალურად ჩაგვბარდება“ – განაცხადა საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ხელმღანელმა თამაზ დოლაბერიძემ