ჭიათურის საკრებულომ ახალი დადგენილება მიიღო, რომელიც მანგანუმით დატვირთული მანქანებისათვის ქალაქში გადაადგილებასთან დაწესებული შეზღუდვის დროებით მოხსნას ითვალისწინებს. 2015 წლის 7 აგვისტოდან, მადნით დატვირთული მძიმეწონიანი ავტომანქანები ქალაქის ქუჩებში თავისუფლად იმოძრავებენ.
ინიციატივა მანგანუმის გადამტანი ავტომანქანებისათვის ქალაქში გადაადგილებასთან დაწესებული შეზღუდვის მოხსნის შესახებ ჭიათურის გამგებელს, სულხან მახათაძეს ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ჭიათურის მოსახლეობას, დადგენილება მაინც მიიღეს.
მადნით დატვირთული ავტომანქანების ქალაქში მოძრაობა ჭიათურის მოსახლეობისათვის საკმაოდ მძიმე შედეგებს მოიტანს. იქიდან გამომდინარე, რომ მანგანუმი სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების გამომწვევი ნივთიერებაა, მას სჭირდება გადატანის სპეციალური წესები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული და დაცული მეწარმეების მხრიდან. აღნიშნული დადგენილება, რომელიც მეწარმეებისთვის მადანის გადატანის გამარტივებას ისახავს მიზნად, პირდაპირი ხელის მოწერაა უკიდურესად გაჭირვებული ჭიათურელების ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენებაზე. ცენტრალურ გზაზე განთავსებულია სხვადასხვა საჯარო დაწესებულებები, მათ შორის სკოლა. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა განწირულია ყოველდღიურად ისუნთქოს მანგანუმი, რომელიც აბინძურებს ჰაერს, იწვევსკიბოსა და სასუნთქი გზების დაავადებებს. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, სადაც გარემოსდამცველთა კვლევებით და ანგარიშებით ჭიათურა ისედაც ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზე იმყოფება. მდინარე ყვირილაში, რომელიც მთლიანად გაშავებულია, გაქრა ფაუნა, დაბინძურებულია სასმელი წყალი და მოსახლეობა წყლის მარაგს წყაროებიდან იღებს. მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა 2006 წელს საქართველოში „ჯორჯიან მანგანეზის“ შემოსვლის შემდეგ, რომელიც დღეს ფლობს ჭიათურის მაღაროებს. კომპანია არ იცავს უსაფრთხოების ნორმებს არც მაღაროებში დასაქმებულთა და არც ქალაქის მოსახლეობის მიმართ.
მანგანუმით დატვირთული ავტომანქანებისათვის ქალაქში მოძრაობის შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებულ სამომავლო საფრთხეებთან დაკავშირებით ჭიათურის გამგებელი აცხადებს, რომ რეგულარულად მოხდება ქალაქის ქუჩების მორწყვა და მეწარმეები შეიძენენ ახალ სარწყავ მანქანებს. ჭიათურელები ფიქრობენ, რომ მეწარმეები არ შეასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს, რის შედეგადაც ჭიათურა უფრო დაბინძურდება, მოსახლეობა კი უფრო დაავადდება.
მიუხედავად იმისა, რომ დადგენილება ითვალისწინებს მადნით დატვირთული ავტომანქანებისათვის მოძრაობის შეზღუდვის დროებით მოხსნას, არსებობს გონივრული ეჭვი იმის შესახებ, რომ დადგენილება ძალაში დარჩება და საკრებულო შეზღუდვას აღარ აღადგენს.