მძიმე დიაგნოზით დაავადებული პედაგოგების მკურნალობისთვის დამატებითი ფინანსები გამოიყოფა – პედაგოგების უფლებების გაუმჯობესების საკითხებთან დაკავშირებული სპეციალური შეხვედრა პედაგოგთა პროფკავშირის თავმჯდომარესა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს შორის შედგა.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს: სოფრომაძემ ისაუბრა განათლების სისტემისადმი სამინისტროს განსაკუთრებული დამოკიდებულების შესახებ და დასძინა, რომ ჯანმრთელობის სამინისტროსთვის პედაგოგი პრიორიტეტია: ,,შექმნილია კომისია, რომელიც იხილავს იმ გამონაკლის შემთხვევებს, რომელსაც ვერ ფარავს საყოველთაო დაზღვევა, პედაგოგებისათვის საყოველთაო დაზღვევის დადგენილება გაუმჯებესებულ პირობებს შეიცავს და შემუშავებულია დასაქმების პროგრამა, რომელიც სამუშაოს მაძიებლებს სთავაზობს გადამზადებას პროფესიულ კოლეჯებში, რათა აიმაღლონ კვალიფიკაცია. ასევე, გადამზადების პროცესში სამუშაოს მაძიებლებისათვის სახელმწიფოს განსაზღვრული აქვს მატერიალური დახმარებაც, რაც გამოიხატება მათთვის 1000 ლარიანი ვაუჩერის გამოყოფაში”–განაცხადა სოფრომაძემ. მან ხაზი გაუსვა შრომის ინსპექტირების სამსახურის როლს, რომელიც ხელს შეუწყობს ღირსეული სამუშაო პირობების შექმნას.
შეხვედრაზე სპმთპ-ს პრეზიდენტმა პირველად გააჟღერა ინიციატივა, რომელიც მასწავლებლის დროებითი შრომისუუნარობის ანაზღაურების პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ინიციატივა ეხება დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის მე-6 მუხლში შესატან ცვლილებას. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მაია კობახიძის მიერ წამოჭრილი საკითხები დადებითად შეაფასა და მზადყოფნა გამოთქვა თანამშრომლობისთვის.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციის წარმომადგენელი ჯოანა ბრემენი, სპმთპ-ს ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში ნათია კორძაძე და ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია.
მაია კობახიძემ ამერიკელი პარტნიორების როლზე ისაუბრა პედაგოგთა უფლებების დამცველი დემოკრატიული ორგანიზაციის, სპმთპ–ის განვითარებაში. მან მადლობა გადაუხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სპმთპ–ის ყველა იმ მოთხოვნის დადებითად გადაჭრასთან დაკავშირებით, რომელიც მძიმე დიაგნოზით დაავადებული პედაგოგების მკურნალობის დამატებით დაფინანსებას ეხება.