მიმდინარეობს საიტის განახლება

კომპანია RMG-ის მიერ, ქვეყნისა და დასაქმებულთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები

კომპანია RMG – ის მიერ, ქვეყნისა და დასაქმებულთა წინააღმდეგ ჩადენილი და განხორციელებული დანაშაულებრივი და დისკრიმინაციული ქმედებები გახლდათ მიმდინარე წლის 9 მარტს გამართული შეხვედრის მთავარი თემა.
შეხვედრა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საკონფერენციო დარბაზში შედგა და მასში საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის, რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ახალგაზრდული ორგანიზაციის, ორგანიზაცია მწვანე მუშტის, ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატების და სტუდენტთა თვითორგანიზებული ქსელის წარმომადგენლები ღებულობდნენ მონაწილეობას.

შეხვედრის მონაწილეებმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს ხელისუფლების წარმომადგენლების ქვეყნისთვის საზიანო ლოიალური და შემწყნარებლური დამოკიდებულება ზემოთაღნიშნული კომპანიის მიმართ, რომლის საქმიანობაც უკვე მე-2 წელია საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია, რომლის დანაშაულებრივ საქმიანობასაც არაერთი საპროტესტო აქცია, შეხვედრა, კონფერენცია თუ პრესკონფერენცია მიეძღვნა. ხელისუფლების არაადექვატური რეაქცია გვაფიქრებინებს, რომ მისი აზრით მთელი საზოგადოება მტყუანია, ხოლო კომპანია მართალი.

,,მტყუანია“ საზოგადოება, რომელმაც ვერ მიიღო პასუხები საყდრის-ყაჩაღიანის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის კანონიერებასთან დაკავშირებით, ვერ მიიღო პასუხი 2014 წელს გაფიცულებთან დადებული შეთანხმების შეუსრულებლობის მიზეზებზე, ვერ მიიღო პასუხი კომპანიის მიერ 2015 წელს განხორციელებული დისკრიმინაციული ქმედებების შესახებ და ამავე საზოგადოებამ ხელისუფლებისგანაც ვერ მიიღო პასუხი, კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დასაქმებულებს რატომ ელაპარაკებიან მმართველი კოალიციის სახელით.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელმა, თამაზ დოლაბერიძემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ყველა იმ მექანიზმის შესახებ, რომელიც გამოყენებული იქნა კომპანიის წინააღმდეგ, მაგალითად: კომპანიის წინააღმდეგ პროკურატურაში შესულია საჩივარი, საქართველოს პრემიერ მინისტრს წერილობით ეთხოვა, რომ კომპანიაში მიმდინარე დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით მოწვეული იქნას სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია, ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს ეთხოვა, რომ პირად კონტროლზე აიყვანოს ეს პროცესი, ანგარიშები დაეგზავნათ პროფესიულ კავშირთა საერთაშორისო კონფედერაციას, Industriall Global Union-ს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, მზადდება საჩივარი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისთვის.

შეხვედრის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება ადექვატურ რეაგირებას მოახდენს რათა კერძო ბიზნესკომპანიის მიერ შეწყდეს საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შელახვა, კულტურული ცნობიერების შეურაცხყოფა და მავნებლური დამოკიდებულება ქვეყნის ეკოლოგიური სისტემის მიმართ.shexvedra