19 ოქტომბერს ქ. თბილისში ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მშენებარე ობიექტზე კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა, რომლის სიცოცხლეც სამშენებლო კომპანიის შპს „სოლო-დეველოპმენტის“ ადმინისტრაციის მხრიდან უსაფრთხოების წესების უხეშ იგნორირებას ემსხვერპლა.
საქართველოში მშენებარე ობიექტებზე იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ არის კოლექტიური დაცვის საშუალებები, კერძოდ, სართულები და შიდა კიბის უჯრედები არ არის შემოფარგლული დამცავი მოაჯირებით. მაღლივი სამუშაოების შესრულებისას მომუშავეები არ არიან აღჭურვილნი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, კერძოდ, სამშენებლო კომპანიები არ უზრუნველყოფენ მუშებს სპეციალური სახის ფეხსაცმლით, დამცავი ქამრით, თოკით და და ა. შ. სწორედ ამ საშუალებების არ არსებობა ან არ გამოყენება ხდება უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი.
ბოლო წლების მანძილზე, მას შემდეგ, რაც გაუქმდა შრომის სახელმწიფო ინსპექცია, სამუშაო ადგილებზე სასიკვდილო შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამშენებლო სექტორში ფიქსირდება. მშენებარე ობიექტებზე წლის განმავლობაში საშუალოდ 15 ადამიანი იღუპება. საქართველოს პროფესიული კავშირებისა და შინაგან საქმეთა სამინისტორს ერთობლივი მონაცემებით 2007-2015 წლებში საქართველოში საწარმოო ტრავმების შედეგად 356 ადამიანი დაიღუპა და 643 მძიმედ დაშავდა, თუმცა სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების რიცხვი ბევრად მეტია. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შრომის ინსპექციის გაუქმებამდე 2002-2005 წლებში სამუშაო ადგილებზე გარდაიცვალა 95 და მძიმედ დაშავდა 55 ადამიანი. საწარმოო შემთხვევების გამოწვევი მთავარი განმაპირობებელი მიზეზი არის ის, რომ არ ხდება კანონის აღსრულება, ერთის მხრივ სამშენებლო კომპანიების მხრიდან, რომლებიც უხეშად არღვევენ უსაფრთხოების წესებს და მეორეს მხრივ სახელმწიფოს მხრიდან, რადგან არ ხორციელდება სათანადო ზედამხედველობა შესაბამისი უწყებების მიერ. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი, რომელიც გასულ წელს შეიქმნა არის უუფლებო, რადგან არ გააჩნია ქმედითი მექანიზმი, იმის, რომ იმ დამსაქმებლების მხრიდან რომლებიც არ იცავენ უსაფრთხოების წესებს მოაქციონ კანონის ფარგლებში. ამ უწყებას არ აქვს უფლება საწრმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე განახორციელოს ინსპექტირება და რომც განახორციელოს ვერ გასცემს საჯარიმო სანქციას, რადგან არც ამის უფლება გააჩნია. აქედან გამომდინარე ამ სამსახურის მუშაობა ვერ იქნება ქმედითი და შედეგის მომტანი.
ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, რომლის ფუნქცია-მოვალეობებშიც შედის სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების საკითხებზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება და კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს უფლება-მოსილება დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში გასცეს საჯარიმო სანქცია, ინსპექტირებისას არ ინტერესდება შრომის უსაფრთხოების საკითხებით. ეს სამსახური მხოლოდ სამშენებლო ობიექტების პერიმეტრებსა და სამშენებლო მოედნების მონიტორინგზეა პასუხისმგებელი და ამ მხრივაც პრობლემებია ქ.თბილისში.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე გვაქვს ის სავალალო სტატისტიკა, რომელიც არსებობს.
ნიკოლოზ კაკაშვილი
სტატიაში გამოყენებულია სააგენტო ფრონტნიუსის ფოტო.