ტრაგედია ჟვანიას ქუჩაზე, გარდაცვლილი 26 წლის ახალგაზრდა მამაკაცია. ის მშენებარე კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. პროფკავშირების წინასწარი შეფასებით უხეშადაა დარღვეული უსაფრთხოების ნორმები. ახალგაზრდას არ ჰქონდა დამცავი აღჭურვილობა. . . ტრაგიკული შემთხვევა მეხუთეა ფატალურ შემთხვევებს შორის, რომელიც წელს სამუშაო ადგილზე მოხდა. მხოლოდ ორ თვეში გარდაცვლილი 5 ადამიანიდან 3 მშენებლობაზე მუშაობდა. პროფკავშირები ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას კატეგორიულად მოითხოვს და ხელისუფლებას სასწრაფო ზომების მიღებისკემ მოუწოდებს.
სამწუხაროდ კანონპროექტის განხილვა, რომელიც პარლამენტში ჯერ კიდევ გასულ კვირას უნდა დაწყებულიყო, გაურკვეველი ვადით გადაიდო. თუმცა პროფკავშირების გაერთიანებას – აღნიშნულ პროექტთანაც შენიშვნები აქვს.
პროფესიული კავშირების გაერთიანება ეხმაურება დღეს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევა და მთავრობას მიმართვას უგზავნის.
“ვფიქრობთ, რომ აღნიშნული შემთხვევა არის სახელმწიფოს უმოქმედობის და შრომის სფეროში არაეფექტური პოლიტიკის შედეგი.
მიუხედევად იმისა, რომ პროფკავშირები 10 წელიწადზე მეტია ითხოვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებთან შესაბამისი შრომის ინსპექციის შექმნას, დღემდე ამ მიმართულებით ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.
უკვე მეცხრე თვეა პარლამენტში იხილება კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულთა უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების დაცვასაც ვერ უზრუნველყოფს – კვლავ აწყდება დაბრკოლებებს (მათ შორის ამერიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის მხრიდან, რომელსაც გავლენა აქვს საქართველოს მთავრობაზე) და მისი განხილვა დაუსაბუთებლად ჭიანურდება. ამ პერიოდის განმავლობაში პროექტი მუდმივ ცვლილებებს განიცდის – ბიზნეს ლობისტების ზეწოლით დასაქმებულთა უფლებების დაკნინების და გაუარესების მიმართულებით.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უმოკლეს ვადებში შექმნას ეფექტიანი შრომის ინსპექცია საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმებულთა შრომითი უფლებების რეალურად დაცვას, რაც გამორიცხავს ხშირ ფატალურ შემთხვევებს და მოახდენს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო დარღვევებზე დროულ და ადეკვატურ რეაგირებას.” ნათქვამია განცხადებაში