ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში, მეშვიდე დღეა, RMG Gold-ისა და RMG Copper-ის თანამშრომლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სოციალური პირობების გაუმჯობესებას და სამსახურიდან გათავისუფლებული 184 თანამშრომლის დაბრუნებას ითხოვენ. მათივე განცხადებით, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტი პერმანენტულ სახეს მიიღებს.
საწარმოს თანამშრომლები კომპანიის განცხადებას, რომ მუშების სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი ფინანსური პრობლემები გახდა, ტყუილს უწოდებენ და ამბობენ, რომ 2013 წელს, კომპანიამ საკმაოდ სოლიდური მოგება ნახა.
RMG Gold-ისა და RMG Copper-ის გაფიცულ თანამშრომლებს გუშინ, 19 თებერვალს, პირველი პროფკავშირელი, ირაკლი პეტრიაშვილი შეხვდა. მისი თქმით, ბრალდებები, თითქოს გაფიცულთა პროტესტი პროფკავშირების ორგანიზებულია, სიმართლეს არ შეესაბამება.
“გაფიცვაში პროფკავშირები მონაწილეობენ და ეს მონაწილეობა იმაში აისახება, რომ გაფიცვა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს. რაც შეეხება პროფკავშირების ძირითად ინტერესს, ის არის, რომ დასაქმებულთა ინტერესები კანონის შესაბამისად იყოს დაცული. მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაიდოს პრობლემები, რომლებიც დამსაქმებლებს და დასაქმებულებს აქვთ. ეს არის გზა იქითკენ, რომ საწარმო კონფლიქტი არ იყოს“,– განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
ოქროს და სპილენძის მომპოვებელი კომპანია RMG Cooper და RMG Gold-ის 184 თანამშრომელი კომპანიის ადმინისტრაციის 30 იანვრის გადაწყვეტილებით გათავისუფლეს. გათავისუფლებულმა თანამშრომელმა 4 თებერვალს, ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთის ცენტრში საპროტესტო აქცია გამართეს. მათ სამსახურში აღდგენა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს. იგივე მოთხოვნებით საწარმოს თანამშრომელები აქციას 14 თებერვლიდან მართავენ.
icn.ge