მიმდინარეობს საიტის განახლება

ირაკლი პეტრიაშვილი: “იმისთვის, რომ შრომის ინსპექციამ გამართულად იმუშაოს, საჭიროა მასზე სამმხრივი კონტროლი”

 

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედ საწარმოებში სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა, 500-მდე დასაქმებული კი, მძიმედ დაშავდა. შრომითი უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად საქართველოს მთავრობამ გასულ თვეში შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც საწყის ეტაპზე მონიტორინგის ჯგუფი საწარმოს მხოლოდ მისივე მოთხოვნის საფუძველზე შეამოწმებს, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი, მითითებებითა და რეკომენდაციებით შემოიფარგლება.

“2014 წლის 8 მაისს ხელვაჩაურში, სოფელ ახალსოფელში მშენებარე ეკლესიის გუმბათისა და კედლების ჩამონგრევის შედეგად ადგილზე დაიღუპა ორი ადამიანი; 2014 წლის 2 ივნისს ბათუმში, რუსთაველისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში, შპს „ტამ ჯეოს” მიერ მაღლივი კორპუსის მშენებლობაზე, ელექტროგაყვანილობის მონტაჟისას დაიღუპა ელექტროტექნიკოსი; 2014 წლის 3 ივლისს ბათუმში, ასათიანისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში სამშენებლო კომპანია “აკმე ჯორჯიას” მაღლივი კორპუსის მშენებლობისას, გარე ფასადის მიშენების პროცესში ჩამოვარდა 45 წლის მშენებელი, რომელმაც მიიღო თავის ტვინის მძიმე ტრავმა; 2014 წლის 13 ნოემბერს დაბა ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, სარიტუალო დარბაზის მშენებლობისას დაიღუპა 47 წლის მამაკაცი, რომელსაც ბეტონის გადასატუმბი მოწყობილობა დაეცა. შემთხვევის შედეგად მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს მშენებლობის მეპატრონე და მშენებლობაზე დასაქმებული კიდევ ერთი ადამიანი; 2014 წლის 7 დეკემბერს ხოფის ბაზრობაზე, მე-5 რიგში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი…” – პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარე ილია ვერძაძე გასულ წელს სამშენებლო და ტექნიკური სამუშაოების შესრულებისას ადამიანების გარდაცვალებისა და დაზიანების შემთხვევებს იხსენებს. ამ შემთხვევებს ერთი რამ აერთიანებს – შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, რომლის შედეგიც ბევრი ოჯახისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა.

ილია ვერძაძე ამბობს, რომ სათანადო კონტროლის არარსებობის გამო საქართველოში შრომის უსაფრთხოების ელემენტარულ ნორმებსაც კი არ იცავენ, რის გამოც 2013 წელს მხოლოდ აჭარაში შრომის საფრთხოების ნორმების დარღვევის გამო 5 ადამიანი გარდაიცვალა და 32 დასახიჩრდა, 2014 წელს კი, 7 ადამიანი გარდაიცვალა და 15 მძიმედ დაშავდა. “არ გამოვრიცხავ, რომ ეს რიცხვები ბევრად მეტი იყოს, ვიდრე რეგისტრირებულია. იქ, სადაც პროფკავშირები არ არის და სადაც დახურული სისტემებია, იმისთვისაც კი ვერ შევაღწიეთ, რომ მუშებს დაველაპარაკოთ”, – ამბობს ის.

ილია ვერძაძის თქმით, შრომის პირობების უსაფრთხოება ბევრგან ირღვევა, თუმცა ყველაზე თვალსაჩინო მაინც მშენებლობებია: “ხილული და აშკარა დარღვევები მშენებლობებზეა. იქ ჩანს, რამდენად უსაფრთხოდაა ხარაჩოები დამონტაჟებული, რომ არ ახურავს დამცავი ჩაფხუტი მშენებელს, არ აქვს დამცავი ღვედი, არ არის პერიმეტრის შემომსაზღვრელი ლენტები, ჯანმრთელობის პრევენციისთვის სანიტარული კუთხეები, მავნე და საშიშ პირობებში არ ანიავებენ ოთახს, არ ატარებენ პირბადეებს და ა.შ. მშენებლობაზე დაშავებული ადამიანის ზარალი ეგრევე ჩანს. აი ის ადამიანები კი, რომლებიც წლებია ჩახურულ სივრცეში, მტვერსა და ნესტში, არქივებსა და დოკუმენტებში მუშაობენ, უფრო ნაკლებად ჩანან, არადა, მათ ჯანმრთელობასაც სერიოზული ზიანი ადგება”.

შრომის მონიტორინგი საქართველოს მთავრობამ რვა წლის შემდეგ განაახლა და სახელმწიფო პროგრამაც შექმნა, რომლის მიზანი შრომის პირობებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციაა, თუმცა საწარმოებში შრომის უსაფრთხოების ინსპექტირება 2015 წელსაც არ იქნება სავალდებულო.

შრომის დეპარტამენტის უფროსის ელზა ჯგერენაიას განმარტებით, შრომის ინსპექტირება სავალდებულო გახდება, თუმცა ამ ეტაპზე სპეციალისტების არარსებობა ამის საშუალებას არ იძლევა: “პროგრამა ითვალ ისწინებს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნას, მონიტორინგის ჩასატარებლად კადრების გადამზადებას, რის შემდეგაც შემოწმება სავალდებულო იქნება ყველასთვის, იქამდე კი მხოლოდ სასამართლოს გზით მოპოვებული ნებართვის საფუძველზეა შესაძლებელი, კვალიფიციური ინსპექტორი შევიდეს და განახორციელოს ინსპექტირება საწარმოში.”

იმისთვის, რომ შრომის ინსპექციამ გამართულად იმუშაოს, ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, საჭიროა მასზე სამმხრივი კონტროლი – როგორც მთავრობის, ისე პროფკავშირებისა და დამსაქმებლებთა გაერთიანებების: “ეს სამი ინსტიტუტი იმუშავებს ერთად. შუბლის ძარღვი უნდა გაიწყვიტონ, რომ ერთმანეთს რამეზე გაურიგდნენ. ამ შემთხვევაში არც კორუფციას ექნება ადგილი და ის სანქციებიც, რასაც ისინი დააწესებენ, დარღვეული უფლებების ადეკვატური იქნება”.

ელზა ჯგერენაიას თქმით, შრომის დეპარტამენტმა გაითვალისწინა ბიზნესსექტორის ინტერესებიც. პროცესი ბიზნესისთვის უმტკივნეულო რომ ყოფილიყო და ინვესტორები არ დამფრთხალიყვნენ, პროგრამაზე მუშაობისას რეკომენდაციები მათგანაც მიიღეს: “სამუშაო ჯგუფში წევრის სახით არის დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენელი. ეს პროცესები ბიზნესსექტორთან შეთანხმებული იქნება. ყველა ზომა იქნება მიღებული იმისთვის, რომ არ დაზარალდეს ბიზნესი. ფაქტია, რომ არსებული გამოცდილების მიხედვით, შრომის ინსპექცია არც ერთ ქვეყანაში არ აფერხებს ბიზნესს, პირიქით დამსაქმებლებს ხელს უწყობს მიიღოს პროდუქტიული მუშაობა, რაც პოზიტიურად აისახება მის ფინანსურ ინტერესზე”.

ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, მოსაზრება იმის შესახებ, რომ სავალდებულო ინსპექტირება და დარღვევების შემთხვევაში დაკისრებული სანქციები შეაფერხებს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას, აბსურდულია, რადგან ბიზნესმა უნდა იმოქმედოს იმ საკანონმდებლო სივრცეში, რომელიც ქვეყანაში არსებობს: “შრომის ინსპექციამ უნდა იმუშაოს შრომის კანონმდებლობის იმპლემენტაციაზე და მეორე მხრივ, შრომის უსაფრთხოებაზე, თუ სახელმწიფოს არ უნდა, რომ ხალხი პანტა-პუნტად იხოცებოდეს საწარმოებში. ხოლო თუ ბიზნესს არ აწყობს ის საკანონმდებლო სივრცე, რომელიც არის საქართველოში, მაშინ ისინი არიან მონათმფლობელები და ბიზნესთან მათ არაფერი ესაქმებათ”.

პროგრამის პირველ ეტაპზე განისაზღვრება საკვალიფიკაციო ნუსხა, ანუ იმ სპეციალისტების ჩამონათვალი, რომლებიც შრომის ინსპექტორებად უნდა გადამზადდნენ. პროგრამის ბიუჯეტი 1 000 000 ლარია.

irakliწყარო: http://www.netgazeti.ge/GE/105/News/43586/