სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ხელისუფლებას დღეს დაბა კაზრეთიდან მოუწოდებს, დაინტერესდნენ კაზრეთში მიმდინარე მოვლენებით. როგორც სახალხო დამცველი აცხადებს მდგომარეობა ადგილზე მართლაც საგანგაშოა.
უჩა ნანუაშვილი პროფკავშირის ლიდერთან ერთად დღეს დაბა კაზრეთში იმყოფებოდა და ის RMG ჯგუფის საწარმოსთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს, გაფიცულ მუშებსა და მოშიმშილეებს შეხვდა.
“იმდენად რთული სიტუაციაა, რომ შესაძლებელია, ცოტა ხანში მოვლენები უმართავი გახდეს. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამ ადამიანების მოთხოვნა არის სამართლიანი. ადგილი ჰქონდა თანამშრომელთა მასობრივ დათხოვნას. მათ ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ და მათი მოთხოვნა ხელფასების გაზრდაზე სამართლიანია. პირველ რიგში, უნდა მოხდეს ხელფასების გაზრდა. მე მივმართავ ხელისუფლებას, რომ ჩაერთოს ამ პროცესებში და დიალოგი დაიწყოს. სახელმწიფოს აქვს იმის ბერკეტები, რომ სიტუაცია ამ მდგომარეობიდან გამოიყვანოს, ვიდრე უმართავი არ გახდება,” – განაცხადა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველთან ერთად კაზრეთში საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე იარკლი პეტრიაშილიც იმყოფება.
როგორც პეტრიაშვილმა განაცხადა, გუშინ ,”RMG ჯგუფის” ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრაზე, შემხვედრი წინადადებები ჰქონდათ: პირველი, რომ უნდა მოხდეს გათავისუფლებული მუშების სამსახურში აღდგენა, ფინანსური სანქციების დაკისრების გარეშე, დაურიგდეთ იანვრის ხელფასები, რომელიც ხელმძღვანელობის მიერ ამ დრომდე “გაყინულია”, ასევე სამსახურიდან უნდა გათავისუფლდნენ საწარმოს ადმინისტრაციის შუა რგოლის ის თანამშრომლები, რომელებმაც ხალხი ქუჩაში გამოიყვანა.