ჩემო დებო და ძმებო
სწრაფად გაირბინა ყოველდღიური შრომითა და დაძაბულობით სავსე ოთხმა წელმა. ძნელად, მაგრამ მაინც გავიარეთ ჩვენი ეკლიანი გზა და მოვედით მეთორმეტე ყრილობამდე. განვლილი ოთხი წელი ის წლებია, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურებისა და დამსაქმებელთა მხრიდან განხორციელებული ანტიპროფკავშირული კამპანიის შედეგად, არაერთხელ დამდგარა პროფკავშირების ყოფნა–არყოფნის საკითხი. იყო წარმატებებიც და იყო უამარავი პრობლემაც, მაგრამ ჩვენ ერთი წუთითაც არ დაგვიხევია უკან და საკუთარ პრობლემებთან მარტო არ მიგვიტოვებია დასაქმებულები მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს წინააღმდეგ გამუდმებულად იყენებდნენ: დაპატიმრებების, პროფკავშირულ სტრუქტურებზე ზეწოლის, ძალადობის და დაშიანების მეთოდებს.
ვფიქრობ, რომ პროფკავშირული მოძრაობა საქართველოში საანგარიშო პერიოდში შეიძლება ასე შეფასდეს: “საქართველოს პროფკავშირები – კრიზისის პერიოდში” და ეს კრიზისი კვალიფიცირებული იქნეს, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების სათავეში მოსული ე. წ. ნეო-ლიბერალური გუნდის მცდელობა პროფკავშირულ მოძრაობის დისკრედიტაციის, იმიჯისა და ავტორიტეტის შელახვის გზით, მისი მთლიანი ლიკვიდაციის მიღწევა.
პროფკავშირების გაერთიანებისა და მისი თითოეული წევრის სასახელოდ უნდა აღინიშნოს, რომ პროფკავშირებმა წარმატებით გაუძლო ამ გამოცდას, მისი ძალები შეივსო ახალი წევრებით, რამაც ის უფრო ორგანიზებულ და მონოლითურ კავშირად აქცია და დღეს ჩვენ ისევ ერთიანი და სოციალურ ბრძოლებში გამობრძმედილი გუნდი ვართ.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ შესძლო მსოფლიო პროფკავშირულ მოძრაობის ყურადღების ცენტრში მოქცევა, როგორც ერთ-ერთი რეფორმირებული ეროვნული პროფცენტრი და სწორედ საერთაშორისო პროფკავშირული მოძრაობის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერითა და დახმარებით გაერთიანებამ, არა თუ მოახერხა კრიზისის მოსალოდნელი შედეგების თავიდან აცილება, არამედ პროფკავშირულ პოლიტიკის სწორად წარმართვის გზით შესძლო ამ გამოწვევების დაძლევა და ის ქვეყნის სოციალურ პოლიტიკასა და შრომით ურთიერთობების მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტების შემუშავების დროს ანგარიშგასაწევ ძალად იქცა.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, თავის მორიგ XII საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე წარსდგება, როგორც ბრძოლისუნარიანი და სოციალური სამართლიანობისათვის მემბრძოლი უალტერნატივო ორგანიზაცია საქართველოში.
თუმცა ეს ყველაფერი როდია… ჩვენ უნდა შევქმნათ თვისობრივად ახალი ორგანიზაცია, რომელსაც მომავალში ადვილად ვეღარავინ დააჩოქებს და რომელიც იქნება ნიმუში სოლიდარობისა, თანადგომისა და წარმატებულობისა!
იქნება სოლიდარობა, ყველაფერი გამოვა!
ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე