ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ინვესტიციების მოზიდვაა. უცხოური ინვესტიციების ზრდა ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკის რესტრუქტურიზაციაში.
ოფიციალური მონაცემებით, უკანასკნელ წლებში საქართველოში ინვესტიციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს მხრიდან დაფიქსირდა. თუმცა, სახეზეა თურქეთის, რუსეთისა და ყაზახეთის სახელმწიფოს ინტერესებიც.
როგორც ეკონომისტები მიიჩნევენ, დიდწილად ეკონომიკის ინვესტირებაზეა დამოკიდებული სამუშაო ადგილების შექმნა და შესაბამისად, ბიზნესის განვითარება. იმ დროს, როცა ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო და ინვესტორებისთვის სასურველი ბიზნეს-კლიმატი იყო, ბოლო დროს საქართველოში საკმაოდ დიდი მოცულობის ინვესტიციები შემოვიდა. მსოფლიო მასშტაბით, ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდებოდა. თუმცა, მედალს ორი მხარე აქვს და უცნაური ისაა, რომ ეს მოსახლეობის ჯიბესა და დასაქმებული ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას ნაკლებად დაეტყო.
“ინვესტორისთვის, რომელიც შენს ქვეყანაში შემოდის და ქართული ფაბრიკების, ქარხნებისა და ამა თუ იმ საწარმოს მესაკუთრე ხდება, მთავარი ამოცანა, რაც შეიძლება მეტი ფულის შოვნაა,” – მიიჩნევს ეკონომისტების ერთი ნაწილი.
მაგალითად, ენერგეტიკაში სულ უცხოური კაპიტალი ჩაიდო. ამიტომაც არის, რომ 1 კვ. ენერგიაში 17 თეთრს ვიხდით, მაშინ, როცა მისი წარმოება, მაქსიმუმ, 3 თეთრი ჯდება. ჩვენი უცხოელი ინვესტორები არ ითვალისწინებენ იმ სოციალურ მდგომარეობას, რომელშიც საქართველო იმყოფება, თუმცა მდგომარეობა უფრო რთულადაა.
არსებობს აზრი, რომ უცხოელი ინვესტორების ერთი ნაწილი ვერაგულ პოლიტიკას ატარებენ, მართვის აპარატში, მაღალანაზღაურებად ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისა და მუშების თანამდებობებზე, ძირითადად, თავიანთი ხალხი მოჰყავთ და მხოლოდ, დაბალანაზღაურებად შავ სამუშაოებზე ასაქმებენ ადგილობრივ მოსახლეობას. რუსთავის აზოტის ქარხანაში 5-6 წლის წინათ მშენებლობა რომ მიმდინარეობდა, თურქები თავიაანთ მუშებს თვეში 2500-3000 დოლარს უხდიდნენ, ხოლო ქართველებს _ 350-400 ლარს. უცხოელი ინვესტორები ადგილობრივ ადგილობრივ მოსახლეობას, ხშირად ძირითადად, დისკრიმინაციის ხარჯზე ასაქმებენ. მაშინ როცა, საკუთარ ქვეყანაში უცხოელი ინვესტორი თავის ქვეყნის წარმომადგენელს მაღალ ხელფასს უხდის, ხოლო შენ ხშირ შემთხვევაში _ მიზერულს, ჩნდება კითხვა, ადრე რატომ არ არსებობდა ისეთი კანონი, რომელიც ვითარებას დაარეგულირებდა?
ევროკავშირში მოქმედებს სოციალურ-ეკონომიკური ქარტია, რომელიც სავალდებულოა ევროკავშირის ქვეყნებისთვის. დედამიწის ამ ნაწილში თავისუფლად ხდება ქვეყნიდან ქვეყანაში მუშახელის გადასვლა, თუმცა ვერც ერთი დამქირავებელი მუშახელს საათში 7,50 ევროზე ნაკლებს ვერ გადაუხდის. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს იმედი აქვს, რომ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან ასოცირების შემდეგ, ეს პრობლემები დასაქმებულთა სასიკეთოდ გადაწყდება.
“როდესაც ქვეყანაში შრომის ინსპექცია არ არსებობს, და ასოცირების ხელშეკრულება ინსპექციის შექმნას გულისხმობს, ეკონომიკის სამინისტროს მოხელეებს. ნუთუ არ ესმით, რომ ევროპა მონური შრომის შედეგად წარმოებულ პროდუქციას თავის ბაზარზე არ შეუშვებს?! არ შეუშვებს არა იმიტომ, რომ ევროპელი ბიზნესმენების მაღალ მორალურ და ზნეობრივ ღირებულებასთან გვაქვს საქმე. მიზეზი ისაა, რომ ევროპაში მთელი რიგი რეგულაციები არებობს და ამიტომაც მათი პროდუქცია ყოველთვის ძვირია იმ პროდუქციაზე, რომელიც მონური შრომითაა შექმნილი. მონური შრომით შექმნილი პროდუქცია არაკონკურენტულია ევროპული სტანდარტებით შექმნილ პროდუქციასთან შედარებით და ევროპა ბუნებრივია არ გააკოტრებს თავის ბიზნესმენებს მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში მავანი დამსაქმებლები კვლავ ძველი მეთოდებით უწევდნენ დასაქმებულებს ექსპლუატაციას“ – წერს ირაკლი პეტრიაშვილი თავის პერსონალურ ბლოგზე.
ეკონომისტების ერთი ნაწილის აზრით, თუ ჩვენ სამამულო წარმოების განვითარება გვინდა, ადგილი ქართველ მეწარმეებსაც უნდა დავუტოვოთ. უცხოელი მიღებულ მოგებას რეპატრიაციას უკეთებს და თავის ქვეყანაში აბრუნებს, მასთან ადგილობრივი მოსახლეობა დროებით დასაქმებულია. ეკონომიკური კრიზისი დროს, როდესაც შემცირებების პირველი ტალღა დაიწყო, უცხოელმა ინვესტორებმა, პირველ ყოვლისა, სწორედ ადგილობრივი მოსახლეობა გაათავისუფლეს, მათ მიერ მოყვანილ ხალხს კი ადგილები შეუნარჩუნეს.
ჩვენ შევეცადეთ დაგვედგინა, უკანასკნელ პერიოდში ინვესტიციების შემოსვლის შემდეგ, რამდენი ადამიანი დასაქმდა საქართველოში, თუმცა, სტატისტიკის სამსახურს ასეთი ზუსტი მონაცემები არ გააჩნია.