იბიარდის” ყოველწლიური შეხვედრის მონაწილე 60 ქვეყნის სამთავრობო დელეგაციის წარმომადგენელი, საქართველოს შრომით ბაზარსა და პროფკავშირების საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მიიღებს. როგორც “ინტერპრესნიუსს” საქართველოს პროფკავშირებიდან აცნობეს, ჟურნალ “Georgian Finance”-ს სპეციალურ გამოცემაში, რომელიც მთლიანად საქართველოს დაეთმო და განვითარებული ქვეყნების საფინანსო და საინვესტიციო წრეებს მიეწოდება, ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ სამუშაო გარემოსა და პირობებზე, პროფკავშირების საქმიანობასა და შრომითი კუთხით არსებული ვითარებაზეც. მათივე შეფასებით, აღსანიშნავია, რომ ეს ბრიტანული ჟურნალის სპეციალური გამოცემაა.
“ევროპული და ამერიკული სტანდარტები, რომელთა დამკვიდრებისკენაც საქართველო ისწრაფვის და განათლება, რომელიც ინვესტირებას საჭიროებს – ეს ის თემებია, რომელზეც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე მისთვის დათმობილ ორ გვერდზე წერს. პეტრიაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ევროპა მომხიბლავია თავისი სტანდარტებით, შრომის კანონმდებლობით, დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობით, მაღალ ხარისხზე ორიენტირებული, დაცული სამუშაო პირობებით და სოციალური დიალოგის კულტურით. თუმცა, ევროპა მხოლოდ სახელმწიფო უწყებების შენობებზე მოფრიალე ევროკავშირის დროშები არ არის, ევროპა ღირებულებები და სტანდარტებია, რომელიც ჩვენს რეალობას და ეკონომიკურ მდგომარეობას უნდა შევუხამოთ. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება აქტიურად ესწრაფვის, ევროპულ და ამერიკულ ჭეშმარიტად დამოუკიდებელ და დემოკრატიულ პროფკავშირებთან დაახლოებას და იმ სტანდარტების დამკვიდრებას, რომელიც ცივილიზებულ სამყაროში სამოქალაქო საზოგადოების ფუნდამენტს წარმოადგენს”, – აცხადებენ პროფკავშირებში.
მათივე ინფორმაციით, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო მეტად მომხიბვლელობისთვის პეტრიაშვილი რამდენიმე ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის ქმედითი შრომის ინსპექციის აღდგენაზე, რომელიც უსაფრთხო შრომის გარანტი იქნება, ასევე განათლების ინვესტირებაზე, რაც პროფესიონალი კადრების არსებობას განაპირობებს.
“პროფესიული განათლების თანამედროვე სტანდარტებგთან შესაბამისობა და კადრების უწყვეტი მომზადება, ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც უსაფრთხო შრომას, მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნასა და უცხოეთის ბაზარზე მის გატანას და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ინვესტორების მოზიდვას განაპირობებს”, – აცხადებენ პროფკავშირებში.
მათივე ინფორმაციით, ჟურნალი “Georgian Finance”, რომელიც აღწერს ქვეყნის პრიორიტეტებს, განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს, ასევე მიუთითებს ბიზნესისთვის საინტერესო გარემოზე, არა მხოლოდ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შეხვედრის მონაწილეთათვის იქნება ხელმისაწვდომი, არამედ მას შავიზღვისპირეთის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრაზე და ასტანის ეკონომიკური ფორუმის წლიურ შეხვედრაზეც გაეცნობიან. ჟურნალი უკვე გადაეცათ, ბაქოში აზიის განვითარების ბანკის ფურუმის მონაწილეებს და პროფკავშირების ცნობით, პოზიტიური გამოხმაურება ჰპოვა.