2 დღის წინ, ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში ელმავლის მემანქანე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა 6 აგვისტოს გამთენიისას მოხდა. 53 წლის ზაალ ტყემალაძე, სავარაუდოდ, დენის დარტყმას ემსხვერპლა. უბედური შემთხვევის მიზეზებს სპეციალური კომისია იკვლევს. გარდაცვლილს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლის პასუხი, დაახლოებით, ერთ თვეში გახდება ცნობილი.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოში ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ადამიანი ზიანდება. ჭიათურის მაღაროში კი ერთ-ერთი ინციდენტი სამიოდე კვირის წინაც მოხდა, წერეთლის სახელობის მაღაროს მუშა რამაზ ჩიხელიძე მანგანუმით დატვირთული ვაგონის ქვეშ მოჰყვა. ჩიხელიძე, საბედნიეროდ, გადარჩა – სამედიცინო პერსონალმა დროულად მიუსწრო და საკმაოდ რთული ოპერაციები ჩაუტარეს.
უბედური შემთხვევების გახშირებას უსაფრთხოების ზომების სათანადოდ დაუცველობას უკავშირებენ პროფკავშირების წარმომადგენლები.
“გვაქვს შეკითხვები, რატომ იყო ამობრუნებული სადენები და რატომ დასჭირდათ გასწორება, რატომ იყო მარტო ეს ადამიანი, რამდენად ხშირად ხდება ასეთი რამ. წესით, არ უნდა იქმნებოდეს სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაცია, სხვა მაღაროებში რა ვითარებაა და სხვა… იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლის ბრალეულობა გამოიკვეთა, ჩვენ არ დავტოვებთ ამ საქმეს და სასამართლოს მივმართავთ” ,- აცხადებს საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი, თამაზ დოლაბერიძე.
ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის მენეჯერმა აკაკი გურჯიძე განმარტავს, რომ კომპანია გარდაცვლილი მაღაროელის დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს და მის ოჯახს ფულად კომპენსაციას გადაუხდის.
“ფულადი კომპენსაცია იმის მიხედვით განისაზღვრება, რამდენი წელი მუშაობდა პირი მაღაროში და რა დამსახურებები ჰქონდა, როგორც თანამშრომელს. რა თქმა უნდა, ადამიანის სიცოცხლე შეუფასებელია და რამე თანხა ვერ შეამსუბუქებს დანაკარგს, მაგრამ, კომპანია სოლიდურ თანხებს იხდის უბედური შემთხვევების დროს“, – აცახდებს აკაკი გურჯიძე.
ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის მენეჯერი აღნიშნავს, რომ ელმავლის მემანქანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ვრცლად საუბარს მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც კომპანიის უსაფრთხოების სამსახური სპეციალური მოკვლევის საფუძველზე დასკვნას მოამზადებს.
“ველოდებით მოკვლევის შედეგს. შესაძლოა, ხელმძღვანელი პირების ან რომელიმე კონკრეტული თანამშრომლის დანაშაულიც გამოიკვეთოს. არ არის გამორიცხული, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს“,- აცხადებს აკაკი გურჯიძე.
ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებაზე სახელმწიფო ლიცენზია 2006 წელს 40 წლის ვადით გაიცა და ის კომპანია „ჯორჯიან მანაგანეზმა“ მოიპოვა. 2013 წლის გაზაფხულზე აღნიშნული კომპანია „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზმა“ იყიდა. დღეს ჭიათურაში მანგანუმის მოპოვება-გადამუშავებას, სწორედ, ეს კომპანია ახორციელებს.