2014 წლის თებერვალი გაფიცვებით გამორჩეული პერიოდი იყო და ერთბაშად საქართველოს რამდენიმე ქალაქსა თუ დაბაში მიმდინარეობდა საგაფიცვო ღონისძიებები, რომელთა უმეტესობა დასაქმებულთათვის დადებითი შედეგით დასრულდა.
თებერვლის თვეში დასრულდა კონსულტაციები თვითმმართველი ქალაქ რუსთავის ტრანსპორტის სფეროში შექმნილი სიტუაციის თაობაზე, რომელსაც რუსთავის მერი დავით ჯიქია დარგის სპეციალისტებთან რამოდენიმე დღის განმავლობაში მართვადა. რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და საქართველოს ტრანსპორტის პროფესიული კავშირების თავმჯდომარემ ლავრენტი ალანიამ ერთობლივი განცხადება გააკეთეს კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ. ამ ყველაფერს წინ რუსთაველი მძღოლების გაფიცვა უძღოდა.
წესი, რომლის მიხედვითაც გამოცხადდება კონკურსი, რუსთავის საკრებულობ 10 თებერვალს მიიღო, რასაც წინ უსწრებდა რუსთაველი მძღოლების გაფიცვა. მძღოლები კონკურსის 5 წლის ვადით გადადებას ითხოვდნენ. რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ თუ აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, მძღოლები კვლავ გამოაცხადებენ გაფიცვას, თვითმმართველობა მზად არის იმისთვის, რომ აღნიშნულ ხაზზე მგზავრების გადაადგილება შეუფერხებლად განხორციელდეს, გარადა ამისა, ასეთ შემთხვევაში, თვითმმართველობა იტოვებს უფლებას გაფიცვის შემთხვევაში, გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფლება და შეწყვიტოს ხელშეკრულება მათთან.
14 თებერვალს დილით ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში „არ-ემ-ჯი გოლდისა“ და „არ- ემ-ჯი კოპერის“ 300-ზე მეტი თანამშრომელი გაიფიცა. საწარმო ამ დროისთვის პარალიზებულია. ოქროს საბადოს თანამშრომლების მოთხოვნები 30 იანვარს სამსახურიდან გათავისუფლებული 180-ზე მეტი ადამიანის სამსახურში უპირობო აღდგენა, ხელფასების მინიმუმ 40- პროცენტიანი მატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება იყო.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, მუშაობისას მათი უსაფრთხოება დაცული არ არის და მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ. რაც შეეხება ხელფასს, გაფიცულების თქმით, ანაზღაურება მინიმალურია და მათ მიერ გაწეულ შრომას არ შეესაბამებოდა. აქციის მონაწილეებს სხვა თანამშრომლები უნდა შეეცვალათ, თუმცა, ოქროს საბადოს ნაცვლად, ისინი კაზრეთში კულტურის სახლის წინ შეიკრიბნენ.
RMG Gold-ისა და RMG Copper-ის გაფიცულ თანამშრომლებს 19 თებერვალს, პირველი პროფკავშირელი, ირაკლი პეტრიაშვილი შეხვდა. მისი თქმით, ბრალდებები, თითქოს გაფიცულთა პროტესტი პროფკავშირების ორგანიზებულია, სიმართლეს არ შეესაბამება.
“გაფიცვაში პროფკავშირები მონაწილეობენ და ეს მონაწილეობა იმაში აისახება, რომ გაფიცვა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს. რაც შეეხება პროფკავშირების ძირითად ინტერესს, ის არის, რომ დასაქმებულთა ინტერესები კანონის შესაბამისად იყოს დაცული. მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაიდოს პრობლემები, რომლებიც დამსაქმებლებს და დასაქმებულებს აქვთ. ეს არის გზა იქითკენ, რომ საწარმო კონფლიქტი არ იყოს“,– განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
საქართველოს მეტალურგთა პროფკავშირის თავმჯდომარე, თამაზ დოლაბერიძე აცხადებს, რომ გაფიცული მუშები მათი მოთხოვნის შესრულებამდე არ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს.
როგორც გაფიცულები ყვებოდნენ, ხელმძღვანელობის მხრიდან მათზე რეგულარულად ხდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, საწარმოში არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები და მუშებს არ აქვთ სამუშაოს მშვიდად შესრულების საშუალება.6 დღიანი? გაფიცვა კანონის სრული დაცვით ხორციელდებოდა და გაფიცვის დასაწყისისათვის უკვე გასული იყო წინასაგაფიცვო 21 დღიანი ვადა. გაფიცვა დღეს განსაკუთრებულად რთულ ფაზაშია შესული.
ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებმა დაანონსებული აქცია შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვნელის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით 12 თებერვალს დაიწყეს. გასულ წელს დადებული ხელშეკრულების მიხედვით, მძღოლების საათობრივი ანაზღაურება ოთხი ლარიდან ოთხ ლარ ნახევრამდე უნდა გაზრდილიყო, რაც არ შესრულდა.
“ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც მძღოლების მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა. ამბობს, რომ ეკონომიის პარალელურად ახალი ხაზების დამატება გახდა საჭირო, დანაზოგიც ამ მიმართულებებით გადანაწილდა, თუმცა მისივე განცხადებით, გაყიდული ბილეთების ხარჯზე მძღოლების შემოსავალი ბევრად გაზრდილია.
მძღოლები კოლექტიური მოლაპარაკებების გაჭიანურებასაც აპროტესტებდნენ. ორგანიზაციაში კი ამბობენ, პრეტენზიებს ვერ გაითვალისწინებენ.
მძღოლები ავტობუსის მწყობრიდან გამოსვლის გამო შემცირებულ ხელფასზეც საუბრობდნენ. ამბობდნენ, რომ მარაგში ისეთი ავტონაწილებია, რომლებიც მწყობრიდან თითქმის არასოდეს გამოდის, ამიტომაც საჭირო ნაწილებს თავიანთი სახსრებით იძენენ. ფაქტს „ავტოტრანსპორტში“ გამორიცხავენ.
ბათუმელ მძღოლებს აჭარის პროფკავშირი თავიდან–ბოლომდე გვერდში ედგა. მიუხედავად იმისა, რომ აქცია დაანონსებული იყო, გაფიცვამ დისკომფორტი მგზავრებს მაინც შეუქმნა. მძღოლები სამსახურში გამოსვლას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებდნენ, რამაც საბოლოოდ ტავისი ედეგი გამოიღო.
საბოლოოდ მძღოლების ერთკვირიანი გაფიცვა და 3 დღიანი შიმშილობა იმით დასრულდა, რომ შპს “ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელმა, გია ლორიამ დააკმაყოფილა გაფიცული მძღოლების მოთხოვნა და თანამდებობიდან გადადგა. 9-დღიანი გაფიცვისა და 6 დღიანი შიმშილობის შემდეგ შპს “ავტოტრანპორტის“ დირექტორმა, გია ლორიამ თანამდებობის დატოვების მოთხოვნით საკრებულოს მიმართა.
ბათუმელ მძღოლებს ეს ინფორმაცია აჭარაში გაფიცული მძღოლებისათვის სოლიდარობის გამოსახატად და მხარდაჭერის გამოსაცხადებლად ჩასულმა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა ამცნო.
“გაათავხედე დის შვილი, დაგვაწყებინე შიმშილი“, “თემურ ცრუ წადი“, “რომ გადმორიცხა მერიამ, რატომ არ დაჯდა პრემია“. ამ ტრანსფარანტებით მეხანძრე მაშველები შიმშილობისაქცია 12 ტეერვალს დაიწყეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის წინ აქციის მონაწილეებმა კარავი გაშალეს, მათი ძირითადი მოთხოვნა საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღავენლის თემურ გიორგაძის და მისი დისშვილის გათავისუფლებაა, რომელიც ვაკე-საბურთალოს უფროსის თანამდებობას იკავებს.
აქციის მონაწილეების თქმით, თემურ გიორგაძე სახელმწიფო ქონებას საკუთარი ინტერესებისთვის ხარჯავდა, კარავზე მათ გამოაკრეს გამოძახებაზე გასვლის საგზურის ასლები, რომლის მიხედვითაც, მეხანძრე მაშველები სპეცდავალებით საგურამოში არიან გასული.
ნუკრი ჭიჭარაული, საჯარო მოხელეთა პროფკავშირის თავმჯდომარე: “ამ ხალხის მოთხოვნები სამართლიანი იყო და ჩვენ გვინდოდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურში გიორგაძის კლანის პარპაში. ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დასაქმებულების ხარჯზე საკუთარი ცხოვრება მოიწყონ. მეხანძრე–მაშველებს კი მიზერული ხელფასით უწევთ ცხოვრება“.
მეხანძრე–მაშველებს სოლიდარობა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმაც გამოუცხადა. პეტრიაშვილი პირადად შეხვდა მოშიმშილეებს და აღუთქვა, რომ პროფკავშირი მათ ყოველთვის დაუდგება გვერდში, რადგან მათი მოთხოვნები სამართლიანია და ლაგიკურია. ირაკლი პეტრიაშვილმა თემურ გიორგაძეს მეხანძრეების მოთხოვნების გათვალისწინებისაკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ შიმშილობა მალე დასრულდება და მოშიმშილეების მოთხოვნები ბოლომდე იქნება შესრულებული
“თემურ გიორგაძე იმდენად მდაბიო სულის ადამიანია, რომ აქციის მონაწილეებს, მოშიმშილეებს ნასვამი ადამიანები მიუგზავნა. უნდოდა პროვოკაციის მოწყობა, იყო სერიოზული შეხლა-შემოხლა, უწმაწური სიტყვები და ა.შ. რა უნდოდათ სამუშაო ადგილზე ნასვამ თანამშრომლებს? ადამიანებს, რომლებიც მისი დისშვილის მიყვანილები გახლავთ?“ – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვლმა.
მოშიმშილე მეხანძრე–მაშველებს სოლიდარობა საერთაშორისო საჯარო პროფკავშირების გაერიანებებმა გამოუცხადეს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოსა და საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენელების სახელზე გაგზავნილ წერილში სათაურით: “მეხანძრე–მაშველების დასაცავად საქართველოში!“ საერთაშორისო საჯარო მოხელეთა პროფკავშირის (PSI) გენერალური მდივანი, როსა პავანელი და საჯარო მოხელეთა პროფკავშირების ევროპის ფედერაციის (EPSU) გენერალური მდივანი, კაროლა ფიშბახ–პიტელი იმედს გამოთქვამენ, რომ მეხანძრე–მაშველების სამართლიანი მოთხოვნები შესრულდება.
(სტატია გამოქვეყნდა გაზეთ “სოლიდარობის” თებერვლის ნომერში)