მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები კუთვნილ პრემიებს ითხოვენ და გაფიცვას აანონსებენ

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები, მათ შორის ყვითელი ავტობუსის მძღოლები და მეტროს მემანქანეები შესაძლოა 14 აპრილს გაიფიცონ.  ამის მიზეზი მერიის მხრიდან მათთვის პრემიის ჩაურიცხაობაა.
თბილისის მერიამ მის დაქვემდებარებაში მყოფ თითქმის ყველა შპს-ს და მის თანამშრომლებს სააღდგომო პრემიები ჩაურიცხა ხელფასის 80%-ის ოდენობით, თუმცა მათთან მიმართებაში ასე არ მოქცეულა.

დღეს, პროფკავშირების გაერთიანების ეზოში შეიკრიბნენ ქალაქ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებული ყვითელი ავტობუსის მძღოლები, მეტროს თანამშრომლები (და ყველა ის ადამიანი, რომლებიც აღნიშნულ კომპანიაში არიან დასაქმებულნი, მაგრამ დღეს ისვენებენ) და ტრანსპორტის პროფკავშირის ლიდერებთან ერთად, გააკეთეს განცხადებას გაფიცვასთან დაკავშირებით.

“მადლობას ვუხდით სატრანსპორტო კომპანის ხელმძღვანელობას, მათ თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე 100 ლარი ჩაგვირიცხეს პრემიის სახით. თბილისის მერიამ მის თანამშრომლებს, მის დაქვემდებარებაში მყოფ შპს-ებს, საკრებულოს წევრებს პრემიის სახით ხელფასის 80%-ის ოდენობის პრემია ჩაურიცხა, თუმცა ჩვენთვის არ ჩაურიცხავს. არადა ყველას კარგად მოეხსენება, თუ რა დატვირთვით გვიწევს მუშაობა, მითუმეტეს აღდგომის დღეებში”, – აცხადებენ მძღოლები და თბილისის მოსახლეობას მოუწოდა, რომ მათი მხრიდან სწორად იყოს აღქმული გაფიცვის შესახებ გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული.

ტრანსპორტის მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარის, ლავრენტი ალანიას თქმით კი, სატრანსპორტო კომპანიის გარდა პრემია ასევე არ ჩაერიცხა დასუფთავების სამსახურსა და შპს “სინათლის ქალაქს”. ალანია არ გამორიცხავს, რომ თუ გაფიცვა დაიწყება მათ ამ სამსახურების თანამშრომლებიც შეუერთდნენ.

“პრემიებს ურიცხავენ თავის თანამშრომლებს, საკრებულოს თანამშრომლებს, თითქმის ყველა შპს-ს, თუმცა ამ ხალხზე არავინ ფიქრობს. დღეს მივეცით გაფრთხილება მერიას და იმ შემთხვევაში, თუ ეს პრობლემა არ გამოსწორდება, აღდგომების მერე, 14 აპრილიდან დაიწყება ფართომასშტაბიანი გაფიცვა”, – განაცხადა ალანიამ.1