ზამთრის სადღესასწაულო დღეებში, როცა კულტურული მოთხოვნილებისა და მატერიალური შესაძლებლობის შესაბამისად საზოგადოების ყველა წევრი ზეიმობს, არის პროფესიები და არიან მშრომელები, ვინც ამ დღეებშიც ერთგულად ასრულებს შრომით მოვალეობასა და ემსახურება საზოგადოების კეთილდღეობას. ასე არის ამ ახალ 2016 წელსაც.
საქართველო სახელმწიფოა საკუთარი საზღვრები გააჩნია. საზღვარი სამართლებრივ-პოლიტიკური და ეკონომიკური კატეგორიაა და მას დაცვა ესაჭიროება. მისი დაცვა კი სადღეღამისო შრომაა და ამ საპასუხისმგებლო შრომას ეწევა სასაზღვრო პოლიცია და საბაჟო სამსახური.
სამწუხაროდ დღეს საქართველოს ორი რეგიონი: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და ყოფილი სამხრეთი-ოსეთის ავტონომიური ოლქი რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულია და ამ რეგიონების ადმინისტრაციული საზღვრები საოკუპაციო ზოლს წარმოადგენენ. მათგან მომდინარე უწყვეტი საფრთხის აღსაკვეთად სადღეღამისო გუშაგის შრომას ეწევიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები. მათი მხედრული შრომა რთული და საპასუხისმგებლოა.
საზეიმო დღეებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან მცირე ინცინდენტსაც კი შეუძლია საფრთხე შეუქმნას ადამიანთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, უწესრიგობამ შეიძლება ზეიმი დიდ მატერიალურ დანაკარგადაც აქციოს. საზოგადოებაში საზეიმო განწყობის შენარჩუნებას ემსახურება საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვისკენ მიმართული პოლიციელთა შრომა.
ცხოვრებაში მოძრაობა უწყვეტია და ადამიანების დანიშნულების ადგილზე უსაფრთხოდ და დროულად მისვლა საზეიმო განწყობას მხოლოდ ამაღლებს. გემს, თვითმფრინავს, ვერტმფრენს, რკინიგზას, მეტროპოლიტენის, ავტობუსს, მიკროავტობუსს, ტაქსს ადამიანები ამუშავებენ და იმ წუთებშიც კი როცა ყველა ზეიმობს ტრანსპორტის მუშაკები უწყვეტად შრომობენ.
წარმოების ისეთ სფეროებში, როგორიც არის მეტალურგია, სამთამადნო მოპოვება და კავშირგაბმულობა ხშირია უწყვეტი ციკლები. ზეიმის მიუხედავად უწყვეტი ციკლის ფუნქციონირება ვერ შეწყდება და ის გამრჯეთა დამსახურებით არ წყდება კიდეც, რაც საზოგადოებას აძლევს განვითარებისთვის საჭირო მატერიალურ ბაზას. საზეიმო დღეებშიც ადამიანებს უწყვეტად აქვთ ელექტროენერგია, გაზი, წყლი, კავშირგაბმულობა, ტელევიზია და რადიო. ზეიმის წუთებში ეს მუყაითი შრომით მიიღწევა.
სადღესასწაულო დღეებში ბენზინისა და გაზის გასამართი სადგურები, სუპერმარკეტები და ბაზრობები უწყვეტად მუშაობენ, ნათელია რომ ამ ობიექტებზე დასაქმებულთა შრომის გარეშე ვერანაირი ზეიმი ვერ შედგებოდა.
საზეიმო დღეები ხანდახან საგანგებო სიტუაციებითაც არის გაჯერებული. უსაფრთხოების წესების დარღვევას და ზოგჯერ ბუნების სტიქიაც საზეიმო დღეების ჩაშლა ძალუძთ. ამ ვითარებაში შეუცვლელნი არიან როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მუშაკები, ასევე მეხანძრე-მაშველები. სიმაღლე, სივრცე, წყალი და ცეცხლი, აირი და მიწა ვერ აბრკოლებს მათ და დახმარების ხელს იღებს განსაცდელში მყოფი.
დღესასწაული საზეიმო სუფრის გარეშე არ არსებობს. ფინანსური შესაძლებლობების უკიდურესი დაძაბვის ხარჯზეც კი საზოგადოების ყველა წევრი ცდილობს გაშლილი სუფრით შეხვდეს მას. ამ სუფრის მომზადება დიასახლისთა კულინარიულ ხელოვნებას და შრომის მოყვარეობას ეფუძნება. მათი ოსტატობა და შრომა მოკრძალებული ბიუჯეტითაც კი ქმნის საზეიმო სუფრას, რითაც მრავალგზის ხალისდება ზეიმი და სიხარული.
ზეიმის და შრომის ერთობა ქმნის საზოგადოების შინაარსიან, მომავლის იმედით აღსავსე ცხოვრებას. სხვადასხვა პროფესიის მშრომელთა საერთო შრომის კრებული ქმნიდა, ქმნის და მომავალშიც შექმნის ზეიმის საფუძველს და ეს მშრომელები მართალნი იზეიმებენ მრავალგზის.
დავით არაბიძე