მიმდინარეობს საიტის განახლება

ეთერ მათურელი: “მაღალანაზღაურებად სამსახურებში ქალებს საპასუხისმგებლო თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა არ ეძლევათ”

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, ქალთა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპის ქალთა კომიტეტის წევრი, განათლებით ისტორიკოსი ეuთერ მათურელი, პროფკავშირებში საკმაოდ დიდი ხანია მუშაობს. ამბობს, რომ პროფკავშირები ერთადერთი თუ არა ერთ­ერთია ქვეყანაში, რომელიც შრომითი სამართლიანობის საკითხებზე მუშაობს და დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვაზე ზრუნავს. ქალბატონი ეთერი ბათუმის ხშირი სტუმარია, იგი ამჯერად სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქალბატონებს, უმთავრესად კი პროფკავშირის წევრებს არაოფიციალურ გარემოში შეხვდა, რისი მიზანიც კამპანია «უკეთესი მომავლისათვის» მზადებაა. მის ფარგლებში პროფკავშირები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183­ე ­ «დედობის დაცვის» შესახებ კონვენციის რატიფიცირებას მოითხოვს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას, ისე ამისთვის განსაზღვრულ დღეთა რაოდენობას, ისაუბრეს შობადობის სირთულეების გამომწვევ მიზეზთა და მათი დაძლევის გზებზე.

ეთერ მათურელის განმარტებით, ქალბატონების ჩართვა ამ საკითხებზე მუშაობაში ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ქვეყანაში კონვენციის რატიფიცირებისთვის მუშაობა. ეს აუცილებელია, რადგან საქართველოს თორმეტი წელია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის არც ერთი კონვენციის რატიფიცირება არ განუხორციელებია. საქართველოს პროფკავშირის ქალთა კომიტეტი, გაერთიანებასთან ერთად, ნორვეგიის პროფესიული განათლების პროფკავშირების მიერ დაწესებული წლის თანასწორობის ჯილდოთი დაჯილდოვდა. ჩვენ, როგორც ამ ჯილდოს მფლობელი ორგანიზაცია, შრომით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მეორე ეტაპზე ვმუშაობთ. შრომის კოდექსში აუცილებლად უნდა შევიდეს ცვლილებები, რომელიც უმთავრესად ქალთა უფლებების გაუმჯობესებას შეეხება. ვფიქრობ, მეორე ეტაპის დაწყება საკმაოდ დიდხანს გაჭიანურდა. მეორე წელია, რაც ამ ცვლილებების პაკეტი შევიმუშავეთ და გადავუგზავნეთ. ჩვენი სურვილია, დასაქმებულ ქალთა შრომითი უფლებები, ძირითადად გაუთანაბრდეს ორივე კატეგორიას ­ საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულ ქალბატონებს, ისინი ერთნაირ პირობებში მუშაობენ. ჩვენს ბროშურაში ჩამოთვლილია ის განსხვავებები, რაც მათ შრომის უფლებებს შორისაა და რომელთა გათანაბრებისთვის ამჟამად ვიბრძვით. გარდა ამისა, უნდა გადაიხედოს ისეთი საკითხები, როგორიცაა ფეხმძიმობის პერიოდში ქალისა და მეძუძური დედის ხელშეწყობა, ასევე აუცილებელია მრავალშვილიანი დედის სტატუსის შემოღება, ­ გვითხრა ეთერ მათურელმა.

საქართველოს პარლამენტმა შემოიღო მარტოხელა მშობლის, აღმზრდელის სტატუსი. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ამ ფაქტს დადებითად აფასებს, თუმცა ვერ ხედავს რა სოციალური და ეკონომიკური პარამეტრებით განისაზღვრა, ან რა შეღავათები დაწესდება მომავალში. ეთერ მათურელის განმარტებით, მარტოხელა მშობლად ის დედა ითვლება, რომლის ბავშვის დაბადების მოწმობაშიც არ არის აღნიშნული მამის ვინაობა, ანუ მამამ არ აღიარა ეს ბავშვი თავის შვილად, მარტოხელად კი ის მამა ითვლება, რომლის ბავშვსაც არ ჰყავს დედა.

ამ საკითხზე მუშაობას დიდი ხმაური მოჰყვა. არიან ისეთი მამებიც, რომლებსაც ისეთი ბავშვი აყავთ ვისი დედაც არ ჩანს, შესაძლებელია გარდაიცვალა ან სხვა სიტუაციაა. მართალია, ასეთი მამების რიცხვი ცოტაა, მაგრამ ერთი ფაქტიც რომ იყოს, აუცილებლად გასათვალისწინებელია. ჩვენ მომავალში აუცილებლად წამოვწევთ ამ საკითხს, მივმართავთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, დროულად გაასწოროს ბრძანებულება დეკრეტული შვებულების ანაზღაურების წესის შესახებ, რომელიც მამას უფლებას აძლევს, გავიდეს დეკრეტულ შვებულებაში. ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში აუცილებლად უნდა გადაიხედოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეასე კონვენცია, რაც თანაბარი შრომის პირობებში თანაბარ ანაზღაურებას ითვალისწინებს. საშუალო ხელფასის პარამეტრებს თუ გადავხედავთ, დასაქმებული ქალი დასაქმებული მამაკაცის საშუალო ხელფასთან შედარებით ოთხასი ლარით ნაკლებ გასამრჯელოს იღებს. თუ ვამბობთ, რომ ქალებში 12,3 პროცენტია უმუშევრობა, მამაკაცებში ეს ციფრი 16,3 პროცენტს უტოლდება, ცხადია, უფრო მეტი მამაკაცია უმუშევარი, ­ გვითხრა ეთერ მათურელმა.

საშუალო ხელფასის დაბალ მაჩვენებელს რაც შეეხება, პროფკავშირებში აცხადებენ, რომ მაღალანაზღაურებად სამსახურებში ქალბატონებს საპასუხისმგებლო თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა არ ეძლევათ. პრიორიტეტი მამაკაცებს ენიჭებათ, რადგან ითვლება, რომ მამაკაცს უფრო მეტად შეუძლია მართვა, გააჩნია მენეჯერული უნარ­თვისებები, ასეთი მიდგომა პროფკავშირებისთვის მიუღებელია. მათი მოსაზრებით, ქალი უფრო დიპლომატია, შრომისმოყვარე, ერთგული. ქალი მამაკაცზე ნაკლებად შედის კორუფციულ გარიგებაში, ფრთხილია და როგორც ხელმძღვანელები, უფრო სამართლიანები არიან. ამდენად თვლიან, რომ ქალს მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდონ, ხელი შეუწყონ დაწინაურებაში. კარიერულ წინსვლაში საკანონმდებლო დონეზე ­ პარლამენტში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში, პროფკავშირებში თუ რიგით, კერძო დაწესებულებებში, ისინი აუცილებლად უნდა წახალისდნენ.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, 2015 წელი ქალთა წლად გამოცხადდა.

«საქართველოს ყველაზე დიდი გასაჭირის დროს ქალებმა თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი ეკონომიკური, პოლიტიკური ნგრევა გადაიტანეს. აუცილებელია, ქალები იყვნენ ჩართულები პოლიტიკაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში», ­ საქართველოს პრეზიდენტის ეს სიტყვები გვაიმედებს, რომ 2015, როგორც ქალთა წელი, ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესების წელი იქნება. საქართველოს პროფკავშირები აცხადებენ, რომ ამ ხმამაღალ განცხადებას უნდა ახლდეს სამოქმედო პროგრამა, რომლის შემუშავებაშიც ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა.

პროფკავშირები იმ დასაქმებულ ქალბატონთა ინტერესებს წარმოადგენს, რომელთა გადასახადებისგანაც შედგება ბიუჯეტი, საიდანაც მოხელეები ხელფასებს ღებულობენ, ამიტომ მოვითხოვთ, მოუსმინონ დასაქმებულ ქალბატონებს და გაითვალისწინონ ჩვენი შენიშვნები და მოსაზრებები, ­ გვითხრა ქალბატონმა ეთერმა.

საქართველოს პროფკავშირებისთვის შრომის ინსპექციის შექმნა დღეისთვის ყველაზე მთავარი სირთულე და გამოწვევაა.

ერთია, ცვლილებების შრომის კოდექსში შეტანა, მაგრამ მეორეა ­ რამდენად ხორციელდება ისინი პრაქტიკულად. ცხადია, რომ არ სრულდება. შეტანილ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან უშუალოდ დამსაქმებლები, რომლებიც არ აფორმებენ კოლექტიურ ხელშეკრულებას, იმითაც, რომ თავს იკავებენ სამსახურში ქალის დასაქმებისგან, თუმცა ვერ ასაბუთებენ ­ რატომ! თავის შეკავება ნიშნავს, რომ არ აჰყავს სამსახურში, რადგან ქალია და ეს ყოვლად დაუშვებელია. პროფკავშირის წევრთა პრივილეგიებს რაც შეეხება, გეტყვით, რომ ჩვენ შევიმუშავეთ ერთიანი პროფკავშირული ბილეთი. რამდენიმე კომპანიასთან გავაფორმებთ ხელშეკრულებას, ასე მაგალითად, ბენზინგასამართ სადგურში, სააფთიაქო თუ სასურსათო ქსელში დასაქმებულ პროფკავშირის წევრებზე გარკვეული პროცენტით დაწესდება შეღავათები. ეს ცვლილებები აღნიშნულია ჩვენს მიერ გამოცემულ ბროშურაში, რომელსაც შეხვედრების დროს პროფკავშირის ყველა წევრსა და გაწევრიანების მსურველებს ვურიგებთ. ამ ბროშურაში შესულია ის მუხლები, რომელთა შრომის კოდექსში გათვალისწინებასაც ქალთა ორგანიზაცია მოითხოვს.

eter matureli1გაზეთი “აჭარა”