მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ევროპელ ექსპერტთა კომენტარები საქართველოს შრომის კოდექსზე

1334455
საქართველოს შრომის კოდექსით არა მხოლოდ ქართველები ინტერესდებიან და ეს დაინტერესება კანონზომიერია, საქართველო ხომ ევროკავშირთან ასოცირებულ ურთიერთობებშია და ეს ყურადღება აბსოლიტურად ლოგიკურია.
2014 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კერძო სამართლის მიმართულების ასისტენტის გიორგი ამირანაშვილის ინიციატივითა და იტალიელი პროფესორის ანდრეა ბორონის ხელმძღვანელობით, 18 იტალიელი და 1 ბრიტანელი ექსპერტის თანამონაწილეობით მომზადდა მუხლობრივი კომენტარი საქართველოს შრომის კოდექსზე. კომენტარების წიგნი ინგლისურ ენაზე გამოიცა. წიგნის წარდგენა მოხდა ქალაქ რომში და მან კუთვნილი ადგილი არა მხოლოდ მარადიულ ქალაქში, არამედ ჰარვარდის სამართლის სკოლისა და ქალაქ ჰამბურგის მაქს-პლანკის ინსტიტუტის ბიბლიოთეკებშიც დაიკავა.
2016 წელს უკვე სახეზე გვაქვს კომენტარების ქართული თარგმანიც. მისი გამოცემა შესაძლებელი გახდა ევროკავშირის პროექტის – „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა 2-ს” ფინანსური მხარდაჭერით. წიგნი აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის 140 წლის იუბილეს მიეძღვნა. წიგნის რედაქტორი და თანაავტორია კვლავ პროფესორი ანდრეა ბორონია.
საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარებში ამ ორგანული კანონის თითოეული მუხლი შედარებითი სამართლებრივი მეთოდით სკურპულოზულად არის გაანალიზებული, ამ მეთოდით განხილული და განმარტებულია შრომითი ურთიერთობები, სამუშაოს შესრულება, შესვენებისა და დასვენების დრო, ცვლებში მუშაობის განსაზღვრული დრო, შვებულება, შრომის პირობებისა და უსაფრთხოების დაცვის, შრომითი დავების განხილვისა და გადაწყვეტის და ასევე სხვა სათანადო საკითხები.
პროფესორმა ანდრეა ბორონიმ წიგნის წარდგენისას აღნიშნა:“სამუშაო მოცულობითი იყო. სირთულეს ის განაპირობებდა რომ ჩვენთვის ეს პირველი პროექტი იყო ქართულ შრომით სამართალში, რთული იყო სარწმუნო წყაროების მოძებნა. ჩვენ მივმართეთ შედარებით სამართლებრივ მეთოდს, რათა შეგვძლებოდა ძირითადი სამართლებრივი სისტემების განსხვავებულობის დანახვა. ეს წიგნი კანონმდებლებს სთავაზობს ცოდნას გლობალური მოდელების შესახებ, რაც მათ დაეხმარება ქვეყნის სამართლებრივი სისტემის განვითარებაში.“
წიგნის შესავალში მოცემულია საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის აზრი: „ კომენტარები ხელს შეუწყობს შრომით სფეროში არსებული ხარვეზების გამოკვეთას, შრომით საკითხებზე ერთიანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას, საზოგადოების უკეთ ინფორმირებას შრომის კოდექსის პრაქტიკაში იმპლემენტაციის საკითხებზე.“
პროფესორ ანდრეა ბორონის რედაქტირებითა და თანავტორობით გამოცემული „საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარები“ დღეს ქართული ენის მცოდნეთათვის ხელმისაწვდომია, როგორც ბეჭდური გამოცემის, ასევე ელექტრონული ვერსიის სახითაც.