მიმდინარეობს საიტის განახლება

დამსაქმებელმა ვერცერთი ბრალდება ვერ დაადასტურა – სასამართლომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო

შპს ბი თი ეი ჯორჯიაშიბარისტას პოზიციაზე დასაქმებული დინა ხორგუანი გასული წლის 21 ნოემბერს დამსაქმებელმა დაუსაბუთებელი ბრალდებებით, ვითომდა შრომითი ვალდებულებების უხეში დარღვევის საფუძვლით გაათავისუფლა.

როდესაც დინამ საკუთარი სიმართლის დამტკიცება პროფკავშირების დახმარებით,  სასამართლოს გზით გადაწყვიტა, დამსაქმებელმა მასზე მოსამართლესთან არაერთი პრეტენზია ჩამოაყალიბა. მათ შორის, ამბობდა, რომ ახალგაზრდა ქალი კონფლიქტური იყო, კლიენტებს არასასიამოვნო გარემოს უქმნიდა და სამუშაო საათებში ეძინა კიდეც. გარდა ამისა, 2022 წლის 19 ნოემბერს, ავადმყოფობის გამო სამუშაოს შესრულების შეუძლებლობის თაობაზე არ შეატყობინა პასუხისმგებელ პირს და ა.შ.

როდესაც საქმე მტკიცებულებების წარდგენაზე მიდგა, აღმოჩნდა, რომ დამსაქმებელს არცერთი მის მიერ ჩამოთვლილი გარემოების დადასტურება არ შეეძლო. ამასთან, ერთ-ერთი ბრალდების _ სამუშაოს დროს ძილის ვითომდა დამტკიცების მოტივითდამსაქმებელმა წარმოადგინა სამუშაო ადგილზე მონიტორინგის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები, რომლებშიც არც ის დასტურდებოდა, რომ დინას სამუშაო საათებში ეძინა და სასამართლომაც  დაუშვებელ მტკიცებულებებად ცნო.  ამასთან, მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა, რომ: ვიდეო ჩანაწერები მოპოვებული იყო კანონის დარღვევით და ლახავდა კონსტიტუციით გარანტირებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, რადგან ჩანაწერები შეიცავდა დასაქმებულის პერსონალურ მონაცემებს, პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის შესახებ კი მხარეები არ შეთანხმებულან. დამსაქმებელმა სამუშაო ადგილზე ვიდეო მონიტორინგის შესახებ დასაქმებულის წინასწარი წერილობითი ინფორმირებისა და უფლებების განმარტების შესახებ მტკიცებულებაც ვერ წარმოადგინა, როგორც ამას მოითხოვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი. სასამართლოს გადაწყვეტილება ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის პრეცედენტს საქმეზე „ბარბულესკუ რუმინეთის წინააღმდეგ“.

საბოლოოდ, 2023 წლის 04 ოქტომბერს სასამართლომ უკანონოდ ცნო დინა ხორგუანის გათავისუფლება,იძულებითი განაცდურის სახით კი შპს ბი თი ეი ჯორჯიას დასაქმებულის სასარგებლოდ 4996 ლარის გადახდა დააკისრა. ხელშეკრულების პირობა ხელფასთან დაკავშირებით შეიცავდა ჩანაწერს, რომ დასაქმებულის ხელფასი შეადგენდა 1008 ლარს, რომლიდანაც რეგულარული ხელფასი 870 ლარი იყო +ფიქსირებული ზეგანაკვეთური სამუშაო 138 ლარი. მოსარჩელის პოზიცია იყო, რომ ზეგანაკვეთური სამუშაო, შრომის კოდექსის მიხედვით, საგამონაკლისო უნდა იყოს და თუ ის რეგულარულია ისე, რომ თავიდანვე ხელფასის ნაწილია, შესაძლებელია, დამსაქმებელი ამით ცდილობდეს ხელფასის ხელოვნურ შემცირებას შვებულების, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდის, იძულებითი მოცდენისა და განაცდურის დასაანგარიშებლად. ხელშეკრულების ასეთი პირობაარ უნდა განმარტებულიყო დასაქმებულის საუარესოდ, რაც სასამართლომ გაიზიარა.

სასამართლოში დინა ხორგუანის ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე იცავს. მან დახმარების თხოვნით, აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფკავშირს მიმართა.