გასულ კვირას გახდა ცნობილი საინტერესო კანონპროექტის შესახებ, რომლის განხილვა პარლამენტში უახლოეს მომავალში დაიწყება. ამ პროექტის თანახმად, იმ კომპანიებს, რომლებიც განსაკუთრებით მავნე და საშიში პირობების მქონე საწარმოების ჩამონათვალში მოხვდებიან გაუჩნდებათ ვალდებულება, რომ შესაბამისი რეგისტრაცია გაიარონ. ხუთშაბათს 25 მაისს, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სხდომაზე გააჟღერა. როგორც სერგეენკომ აღნიშნა, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი თავისი შინაარსით მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტს.
პროფკავშირების აპარატის უფროსი ლაშა ბლიაძე: “სამწუხაროდ, როგორც ყველა სხვა რეფორმამ, ამ რეფორმამაც დაიგვიანა და ათობით ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა იმ პერიოდში, როდესაც ამ კანონპროექტზე ძალიან ნელა, აუჩქარებლად მუშაობდა საქართველოს მთავრობა, შრომის სამინისტრო. ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ეს არის ის, რომ კომპანიებში გათვალისწინებული იქნება ის, რომ საფრთხის შეფასებისას ჩართული იქნებიან პროფკავშირების, დამსაქმებლების წარმომადგენლები და ასევე რა თქმა უნდა, შრომის ინსპექცია. ეს მოთხოვნა არის ევროკავშირის მხრიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პროცესი გაეჯანჯლებინა. ჩვენ, ომბუდსმენის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ასევე მივიღეთ საპარლამენტო უმრავლესობიდან დაპირება, რომ უახლოეს დღეებში შრომის ინსპექციის საკითხი გადაიხედება.”
შრომითი ინსპექციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ბექა ფერაძე: “სამწუხაროდ, ტყიბულის მოვლენების შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური გახდა ეს კანონი და მთავრობის სხდომაზე განხილული იქნა შრომის უსაფრთხოების კანონი. პირველ ეტაპზე კანონი გავრცელდება მძიმე,მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოზე. ამ სამუშაოთა ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა და კომპანიები, რომლებიც ამ სამუშაოთა ნუსხაში მოხვდებიან ვალდებულნი იქნებიან ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით დარეგისტრირდნენ საჯარო რეესტრში და ამის შემდგომ უკვე მოხდება გეგმა-გრაფიკის შედგენა და შრომის ინსპექცია უკვე შეამოწმებს კონკრეტულ საწარმოებს, რომლებიც დარეგისტრირებულნი იქნებიან თავიანთი პროფილის მიხედვით.”
გამოყენებულია რადიო პალიტრას ინფორმაცია.