დაბინძურებული ჰაერი და წყალი, ღია კარიერები და გახშირებული ონკოლოგიური დაავადებები – ამ საკითხებზე იმსჯელეს ადამიანის უფლებათა სახლში გამართულ დისკუსიაზე – „ეკოლოგიური პრობლემები ჭიათურაში“.
დისკუსიაში მოინაწილეობა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებმაც მიიღეს.
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, გოჩა ალექსანდიამ მანგანუმის მომპოვებელ საწარმოში არსებულ შრომით პირობებზე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, საწარმოში საჩვენებლად მოწესრიდგა საპირფარეშოები, საშხაპეები და გასახდელები, თუმცა იქ დასაქმებულ ადამიანებს მოძველებული ხელსაწყოებით უწევთ მუშაობა, რაც მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ყოველდღიურად უქმნის საფრთხეს.
„70-80-იანი წლების მეთოდებით ხდება მანგანუმის მოპოვება, პრობლემაა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, ვაგონები, რომელიც მაღაროში შედის და გამოდის. კვლავ პრობლემაა ელექტროგაყვანილობები. ერთია, რომ ჭიათურაში ხალხი ცუდ ეკოლოგიურ პირობებში მუშაობს, მაგრამ შემდეგ გამოდის და დაბინძურებულ ეკოლოგიურ გარემოში უწევს ცხოვრობა“, – ამბობს ალექსანდრია.
ალექსანდრიამ, შრომის ინსპექციის დროულად შექმნის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინსპექციამ პირველ რიგში უბედური შემთხვევების პრევენცია უნდა მოახდინოს.
მისი თქმით, ინსპექცია დაეხმარება დამსაქმებელს და დასაქმებულებს, რომ წინდაწინ შეისწავლონ სარისკო პირობები, შეაფასონ რისკები, რათა უბედური შემთხვევა არ მოხდეს.
ხოლო თუ ასეთი შემთხვევა მაინც მოხდა, სამუშაო პირობების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, ინსპექციას სანქციების დაწესების უფლება ექნება.
როგორც დისკუსიისას „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელმა სოფო ბეროშვილმა აღნიშნა, მდინარის დაბინძურება მხოლოდ მათი კომპანიის მხრიდან არ ხდება.
მისი თქმით, მდინარეში სხვა კომპანიების საწარმოო ჩამდინარე წყლებიც ხვდება. ბეროშვილის თქმით, „ჯორჯიან მანგანეზმა“ ამ საკითხის მოსაგვარებლად, სპეციალური ქარხანა შეიძინა, რომელიც 2016 წლიდან შევა ექსპლუატაციაში.
„შესაბამისად, „ჯორჯიან მანგანეზის“ მხრიდან მდინარეში დაბინძურებული წყალი აღარ ჩავა, თუმცა ვერ გეტყვით, სხვა კომპანიები რას იზამენ“, – ამბობს ბეროშვილი.
მისივე თქმით, გარემოს დაცვის სამინისტროში წარადგინეს დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია, თუ როგორ შეამცირებენ გარემოზე ზემოქმედებას, რას აპირებენ ამ კუთხით.
ბეროშვილის ინფორმაციით, სამოქმედო გეგმა 10 წელს მოიცავს.
მისი თქმით, კომპანიას ჰაერის დაბინძურებაშიც ნაკლებად მიუძღვის ბრალი. როგორც ბეროშვილი ამბობს, კომპანიის საქმიანობა ჭიათურაში რეკულტივაციასა და წყალს უკავშირდება.
როგორც ბეროშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, გარემოს დაცვის სამინისტროსთან ასევე შეთანხმებულია რეკულტივაციის გეგმები.
„სანამ არ მივიღებთ იმ შედეგს, რომ იქ ტყე გაშენდეს, არ მოვეშვებით. ამ გაზაფხულზე დაიხურება 10-13 ჰექტარამდე კარიერი, შემდეგ კი კომპანია სხვა კარიერზე გადავა“, – ამბობს ბეროშვილი.