მიმდინარეობს საიტის განახლება

გოჩა ალექსანდრია: "თითქმის არ არსებობს პუნქტი შრომით კანონმდებლობაში, რომელიც საწარმოებში არ ირღვევა"

პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, გოჩა ალექსანდრია გამოცემა “ლიბერალთან” საუბარში აცხადებს, რომ შრომითი უფლებების დაცვის თვალსაზრისით უამრავი გამოწვევა არსებობს და ეს განსაკუთრებით რეგიონებს ეხება.

“თითქმის არ არსებობს პუნქტი კანონმდებლობაში, რომელიც საწარმოებსა და ორგანიზაციებში არ ირღვევა. პირველ რიგში ეს შრომით კონტრაქტებს ეხება. ახალი კანონმდებლობით, წახალისებულია გრძელვადიანი და უვადო შრომით კონტრაქტები. ხშირ შემთხვევაში დამსაქმებლები ამას არ ითვალისწინებენ და არღვევენ კანონს,  დასაქმებულები კი საკუთარ უფლებებს არ იცნობენ. ჩვენ მათ ვეხმარებით, რომ საკუთარი უფლებების დაცვა მოითხოვონ. საქმეები სასამართლომდეც მიდის, რამდენიმე ათეული საქმე ვაწარმოეთ“ – ამბობს გოჩა ალექსანდრია.

მისი თქმით, ამ თვალსაზრისით, მრავალი პრობლემა არსებობს, რომელთა მიზეზიც კანონმდებლობის არასრულყოფილება, ინსტიტუტების, მათ შორის, შრომის სახელმწიფო ინსპექციისა და პოლიტიკური ნების არარსებობაა.

“არსებობს დარღვევები ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია შვებულებების საკითხი, რადგან ხშირია შემთხვევები, როცა დასაქმებულებს ანაზღაურებადი ფასიანი შვებულებით სარგებლობის საშუალებას არ აძლევენ, აღარაფერს ვამბობ მძიმე და საშიშ პირობებში მომუშავეთათვის დამატებით 10-დღიან კალენდარულ შვებულებაზე. რკინიგზასა და განათლების სექტორში რამდენიმე შემთხვევა გვქონდა, როდესაც მამაკაცებმა დეკრეტული შვებულება მოითხოვეს, მაგრამ არ მისცეს. კანონში ხარვეზებია, რომელთა შესახებაც საქართველოს მთავრობას მივმართეთ. ეს არა პარლამენტის, არამედ მთავრობის გამოსასწორებელია, რადგან ეს საკითხი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დადგენილებით რეგულირდება. ცოტა არაადეკვატური პასუხი მივიღეთ, – ამაზე ვმუშაობთო. რა მუშაობა ამას უნდა, როცა თავად მინისტრის ბრძანებაა და მისი გადასწორება შეუძლია“, – ამბობს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე.

მისი განმარტებით, ადამიანები პრობლემას პროფკავშირების შექმნის უფლების გამოყენების თვალსაზრისითაც აწყდებიან.

“ადამიანებზე ზეწოლას ახორციელებენ დაშინებისა და სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით. არის შემთხვევებიც, როცა არა უშუალოდ მათ, არამედ მათ ახლობლებს ათავისუფლებენ. რკინიგზელთა ბოლო გაფიცვის შემდეგ სამტრედიაში ერთ-ერთი გაფიცულის მამა გაუშვეს სამსახურიდან“, – განაცხადა  გოჩა ალექსანდრიამ.