მიმდინარეობს საიტის განახლება

გაფიცულ რკინიგზელებზე ზეწოლა ხორციელდება

საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები გაფიცვას განაგრძობენ. უკვე მესამე დღეა რკინიგზელები სამუშაო ადგილებზე დაბრუნებაზე უარს აცხადებენ. მათი მოთხოვნები უცვლელია. თანამშრომლები სახელფასო სქემის გადახედვას, მე-13 ხელფასს და ტესტირების სისტემის გაუქმებას ითხოვენ. მოთხოვნების შესრულებამდე გაფიცული რკინიგზელები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების ხელმძღვანელი, ვიტალი გიორგაძე ამბობს, რომ ბათუმში, სამტრედიაში, ხაშურში იგივე ვითარებაა და გაფიცვები გრძელდება.

გაფიცულებს გუშინ აქციაზე სტუდენტები, ახალგაზრდული სხვადასხვა პროფესიული პროფკავშირების წარმომადგენლები და კაზრეთიდან ჩამოსული საბადოს მუშები შეუერთდნენ. გაფიცულები ახალ სახელფასო სისტემას, პრემიებსა და მეცამეტე ხელფასს ითხოვენ. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების განცხადებით, ადმინისტრაციის წარმომადგენლები თანამშრომლებზე ზეწოლას ახორციელებენ.

ის რკინიგზელები, რომლებიც რკინიგზის პროფკავშირებში  არიან გაერთიანებული, ადმინისტრაციისგან ზეწოლას და მუქარას განიციდიან. მუქარის არს შეადგენს ის, რომ პროფკავშირებში გაწევრიანებული რკინიგზელები გაფიცვის შემთხვევაში სამუშაო ადგილებიდან გათავისუფლდებიან.  გაფიცულების თქმით, დაახლოებით 4 000 თანამშრომლის გათავისუფლება რკინიგზის მუშაობაში კრიზისს გამოიწვევს.  ისინი ასევე ამბობენ, რომ დღეს გაფიცულთა ადგილებზე შესაძლოა არაკვალიფიციური კადრები მუშაობდნენ, რაც მგზავრებს დისკომფორტს შეუქმნის და მაღალხარისიხიანი და ეფექტური მომსახურების გაწევას შეუშლის ხელს.

გუშინ სალოკომოტივო დეპოში გარკვეული სახის ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი.

“რაც დღეს ერთი საათის წინ სალოკომოტივიო დეპოში მოხდა ეს იყო რკინიგზაში არსებული მდგომარეობის სახე. ერთი საათის წინ თბილისის სალოკომოტივო დეპოში გაფიცულ მემანქანეებთან “საქმის გასარჩევად“ მოვიდნენ ალექსი ნიკოლაიშვილი, გურამ გურამიშვილი (რკინიგზის ერთ–ერთი დირექტორი), დაჩი ცაგურია, მელორ ვაჩნაძე და ის შავი კაცი, (პოლიტპატიმარი) რომ დაჰყვება ხოლმე მელორს. მათ ჩვენი დაშინება სურდათ. მაგრამ გაფიცვა გრძელდება! ეს კლანი მოშორდება! ვწუხვარ რომ მათ რიგებში რკინიგზელი მენეჯერებიც არიან. გულის სიღრმეში ხვალ მათგან ველი პირველ რეაქციას ამ სიბინძურეზე“ – ამბობს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე, ილია ლეჟავა.

რკინიგზელებზე ზეწოლის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილე გოჩა ალექსანდრიამაც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, წუხელ, თბილისის სალოკომოტივო დეპოში რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და კიდევ რამდენიმე პირი იმყოფებოდა. ისინი ადგილზე საპატრულო ეკიპაჟებთან ერთად მივიდნენ და შეეცადნენ, პროვოკაცია მოეწყოთ რკინიგზის გაფიცული თანამშრომლებისთვის.
გოჩა ალექსანდრიას ინფორმაციით, პირადად ლევან გოგიჩაიშვილი და მელორ ვაჩნაძე ემუქრებოდნენ რკინიგზის გაფიცულ თანამშრომლებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გაფიცვას არ შეწყვეტდნენ, სერიოზული პრობლემების წინაშე დადგებოდნენ.

ალექსანდრიას განცხადებით, პროცესებში აუცილებელია მთავრობის ჩართვა. მისივე მტკიცებით, ახალი სახელფასო სისტემა მთავრობის მოსაგვარებელია. დეპარტამენტი ყველას უმტკიცებს, რომ ახალი სახელფასო სქემა დაკლებას არ ითვალისწინებს, თუმცა ამაზე პირობას არავინ არ გვაძლევს.

მესამე დღეა საქართველოს სხვა ქალაქებთან ერთად, გურჯაანში რკინიგზის თანამშრომლების გაფიცვაც გრძელდება. გაფიცულთა განცხადებით, რკინიგზის ადმინისტრაციის დავალებით, მათ ადგილობრივი ხელმძღვანელობა გაფიცვის შეყვეტას აიძულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.

“გვეუბნებიან, რომ თუ გაფიცვას არ შევწყვეტთ სამსახურიდან გაგვიშვებენ. როგორც ჩანს ადმინისტრაციის დავალებით ხდება ეს ყველაფერი. ჩვენი მოთხოვნები უცვლელია, სახელფასის გაზრდას და ტესტირების სისტემის გაუქმებას ვითხოვთ“,- განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის რკინიგზის თანამშრომელმა გიორგი ბაბუნაშვილმა.

გაფიცვასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაკეთდა საქართველოს რკინიგზაშიც. როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, ხელმძღვანელობა მზად არის გაფიცულ თანამშრომლებს მოუსმინოს. მათივე განცხადებით, ცხრა მოთხოვნიდან შვიდზე შეთანხმება უკვე მიღწეულია.

“რატომ ჰქვია ამას გაფიცვა ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ არც ერთი ჩვენი ქვედანაყოფის მუშაობა, არც ერთი ჩვენი სტრუქტურული ერთეულის, სამსახურის, მოძრაობის შემადგენლობის მუშაობა, არც ერთი წუთით არ შეფერხებულა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ტელეგაფიცვას აწყობენ და რეალურად, ძალიან ცოტანი არიან, ერთი ადამიანიც რომ იყოს, ჩვენთვის ძლიან საინტერესოა მათი აზრი”, -განაცხადა რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დაჩი ცაგურიამ.

საქმეში უკვე ჩაერთო საქართველოს სახალხო დამცველი.რკინიგზის გაფიცული თანამშრომლების წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე ინფორმაცია სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მიეწოდა. რკინიგზის დეპარტამენტში დეპარტამენტის წარმომადგენლებს ახალი პროფკავშირებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ.

“მას შემდეგ, რაც გაფიცვა დაიწყო, აქტიურად მიმდინარეობს ზეწოლა რკინიგზის თანამშრომლების წინააღმდეგ. ჩვენ ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველს მივმართეთ. სახალხო დამცველის აპარატმა გამოყო წარმომადგენლები, რომლებიც ორივე მხარეს შეხვდნენ. გაფორმდა შესაბამისი ოქმი და ველოდებით რეაგირებას. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას რკინიგზის დეპარტამენტში, მათი მხრიდან იყო შემოთავაზება, რომ პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში დაიწყებენ ისინი მოლაპარაკებებს პირობების დაკმაყოფილებაზე, თუმცა ჩვენ პროტესტის შეწყვეტის წინააღმდეგები ვართ”, – განაცხადა ილია ლეჟავამ.mesame dge