მიმდინარეობს საიტის განახლება

გაფიცვის დროს რკინიგზა უსაფრთხოების წესების დარღვევით მუშაობს

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილის, ილია ლეჟავას განცხადებით, დღეს საქართველოში რკინიგზა უსაფრთხოების წესების დარღვევით მუშაობს, რადგან რკინიგზელთა დიდი ნაწილი გაფიცულია და მათ მოვალეობას ხელმძღვანელი პირები ასრულებენ.

“ჩვენ, რკინიგზელთა პროფესიული კავშირი, სრულ პასუხისმგებლეობას იმაზე, თუ რა მოხდება რკინიგზაზე უსაფრთხოების მხრივ, მგზავრების შემთხვევაში, ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში, ვაკისრებთ რკინიგზის ადმინისტრაციის ასეთ უპასუხისმგებლო ქმედებებს. სრული უსაფრთხოების წესების დარღვევით მუშაობს დღეს რკინიგზა. მოვუწოდებთ თითოერულ მგზავრს, მოვუწოდებთ ტვირთის გადამზიდავ კომპანიებს, დღეს თავი შეიკავონ რკინიგზაში დაკვეთების განხირციელებისგან,”– უთხრა “ნეტგაზეთს” ილია ლეჟავამ.

საქართველოს რკინიგზაში კი აცხადებენ, რომ რკინიგზა აგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, რადგან რკინიგზელების უმრავლესობა არ იფიცება:

“გვინდა ვაცნობოთ საქართველოს მოსახლეობას და ჩვენს პარტნიორებს, რომ გაფიცვის მონაწილეთა მცირე რაოდენობიდან გამომდინარე (საქართველოს რკინიგზაში 12 682 ადამიანია დასაქმებული) საქართველოს რკინიგზა განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო გადაზიდვების კუთხით და არანაირ შეფერხებას რკინიგზის სამუშაო პროცესის არცერთ კომპონენტში ადგილი არ ექნება,”– ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ილია ლეჟავას თქმით, გაფიცულია რკინიგზის თანამშრომელთა 60–70%, რომლებიც თბილისში, ბათუმში, სამტრედიაში, ქუთაისში, გურჯაანში, გარდაბანსა და ზესტაფონში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილები.

ის ამბობს, რომ რკინიგზის ადმინისტრაციას არ სურს შეეგუოს, რომ რკინიგზა გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა გაჩერდეს, რადგან რკინიგზელები თავიანთ კონსტიტუციურ უფლებას იყენებენ.

“ისინი დასხდნენ ელმავლებთან, დასხდნენ სამორიგეო მაგიდასთან და ვიზუალურად ხალხს აჩვენებენ, რომ რკინიგზა არ არის გაჩერებული,”– განაცხადა ლეჟავამ.

ილია ლეჟავა ამბობს, რომ პროფკავშირის წევრებს რკინიგზის ადმინისტრაციასთან 3 ძირითადი მოთხოვნა აქვს, რაც ახალ სახელფასო სისტემას; საახალწლოდ პრემიის სახით მეცამეტე ხელფასის გადახდასა და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურებას მოიცავს.

საქართველოს რკინიგზამ დღეს დილით გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ წარმოდგენილი 9 მოთხოვნიდან 7–ზე შეთანხმება მიღწეულია.

“დაფიქსირებული მოთხოვნების ცხრა პუნქტიდან საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტმა შვიდი დადებითად გადაჭრა, დარჩენილი ორი პუნქტიდან ერთ სასამართლო განხილვის საგანია, ხოლო დარჩენილ პუნქტზე ვერ მოხერხდა შეთანხმება. თუკი გავითვალისწინებთ საქართველოს რკინიგზის ახალი მენეჯმენტის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიის შიგნით გატარებულ კორპორატიულ – სოციალურ პოლიტიკას და მის კონსტრუქციულ ნაბიჯებს თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიმართულებით, აღნიშნული ორი პუნქტის გამო პროფკავშირის ამ ჯგუფის მიერ დაჟინებით გაფიცვის ფორმატის შერჩევა და რადიკალური პოზიცია ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გაფიცვა წარმოადგენს მათი ცალკეული ხელძღვანელების თვითმიზანს და არა მოლაპარაკების და დიალოგის გზით საკითხების მოგვარების სურვილს.”

ილია ლეჟავას თქმით, პროფკავშირსა და რკინიგზის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების პროცესში მათ მიერ დაყენებული 3 საკითხი ჩაიშალა.

“არცერთ იმ 3 საკითხზე, რომელზეც შრომითი დავა წარმოებს დღეს რკინიგზაში, შეთანხმება არ არის მიღწეული,”– აცხადებს ის.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში გაფიცვა გაგრძელდება და თბილისში აქცია გაიმართება:

“თუ რკინიგზის ადმინისტრაცია გააგრძელებს ასეთ ქმედებას, ჩვენ 13000 რკინიგზელიდან 60–70%–ს რკინიგზის ადმინისტრაციის წინ შევკრიბავთ და დავანახებთ საზოგადოებას, რეალურად რამდენი ვართ,”– აცხადებს ილია ლეჟავა.usafrt