საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება საწყის ეტაპზევე კრიტიკულად გამოეხმაურა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის აუარესებს საჯარო მოხელეთა დაცვის არსებულ გარანტიებს, ეწინააღმდეგება შრომის საერთაშორისო სტანდარტებს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, საქართველოს კონსტიტუციას, ეროვნულ კანონმდებლობას, საქართველოს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების დადგენილ პრაქტიკას.
კანონპროექტის მომზადების პროცესში უგულებელყოფილ იქნა ქვეყანაში მოქმედი ყველაზე წარმომადგენლობითი დასაქმებულთა ორგანიზაციის – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ჩართულობა, რითაც დარღვეულ იქნა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური სტანდარტები და საქართველოს მიერ რატიფიცირებული შსო-№144 კონვენციის მოთხოვნები, რომელიც ავალებს წევრ სახელმწიფოებს შრომის საკითხებზე უზრუნველყოს ეფექტიანი კონსულტაციების გამართვა დამსაქმებელთა გაერთიანებებთან და პროფესიულ კავშირებთან.
კანონპროექტი საპარლამენტო მოსმენების ეტაპზე მკვეთრად გაუარესდა და შედეგად მივიღეთ იმაზე უარესი მდგომარეობა, ვიდრე გვქონდა 2006 წელს მიღებული შრომის კოდექსით, რომელიც სწორედ ჩვენი ანგარიშების საფუძველზე, წლების მანძილზე წარმოადგენდა არაერთი კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის მწვავე კრიტიკის საგანს.
ჩვენ დაგვჭირდა მრავალწლიანი ბრძოლა, რათა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის უშუალო ჩართულობით შეგვეცვალა დასაქმებულთა უფლებების სრული იგნორირებით მიღებული ნეოლიბერალური, კაბალური შრომის კანონმდებლობა.
მიგვაჩნია, რომ მხარდაჭერილმა ცვლილებებმა საფუძველი გამოაცალა აქამდე შრომის კანონმდებლობაში მიღწეულ პროგრესს.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება კვლავაც გამოიყენებს ყველა სამართლებრივ მექანიზმს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების წინააღმდეგ, მათ შორის მივმართავთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას მიღებული ცვლილებების ექსპერტიზისთვის მისი საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგოდ აღიარების მოთხოვნით.
მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაიწვიოს კანონპროექტი და ნუ დააბრუნებს ქვეყანას 2006 წელს არსებულ რეალობასთან. ასეთი ნაბიჯები იწვევს ქვეყანაში არსებული ისედაც მძიმე ფონის კიდევ უფრო დამძიმებას და არაპროგნოზირებადს და უმართავს ხდის შექმნილ მდგომარეობას.
საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების სრული იგნორირებით, სამი მოსმენით მიღებული კანონპროექტის მიხედვით:
საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები აღარ მიიჩნევიან საჯარო მოხელეებად, არამედ იქნებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. ამ პირების ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადას. ხოლო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტა, იწვევს მათი უფლებამოსილების შეწყვეტას. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს შეიძლება შეუწყდეთ ხელშეკრულება ნებისმიერ დროს 1 თვით ადრე გაფრთხილების პირობით და მიიღებენ მხოლოდ 1 თვის კომპენსაციას. შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე დანიშვნა განხორციელდება პირდაპირ დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, კონკურსის გარეშე. ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მათ მოადგილეები მიიჩნევიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად, რითაც მკვეთრად უარესდება მათი, როგორც თანამდებობაზე უვადოდ დანიშნული მოხელეების სტატუსი. მათთვის სავალდებულო მოთხოვნა აღარაა სახელმწიფო ენის ცოდნა, 18 წლის ასაკის მიღწევა და ასევე არ მოეთხოვებათ მოხელის სერთიფიკატი. განსხვავებით, მათ დაქვემდაბარებაში მყოფი მოხელეებისა.
საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ნიშნავს ამ საჯარო დაწესებულების უკვე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, მის მოადგილეს ან ამავე დაწესებულებაში მეორე რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელეს.
ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელის შეფასება მოხდება 6 თვეში ერთხელ, ნაცვლად წელიწადში ერთხელ შეფასებისა. შესაბამისად წელიწადში არა ერთხელ, არამედ ორჯერ მოხდება მოხელის შეფასება და ორივეჯერ არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლდება. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები აღარ ექვემდებარებიან შეფასებას. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ენიჭება უფლებამოსილება შეცვალოს მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ მომზადებული შეფასება ამ შეფასებიდან 1 თვის ვადაში. შეფასებაზე კი დამოკიდებულია, მათ შორის, მოხელის კლასი, საკლასო დანამატი. ამასთან, 2 ჯერ უარყოფითი შეფასების მიღების შედეგად შესაძლებელია პირის სამსახურიდან გათავისუფლება. მოხელის მიერ არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში, მას დაუკავდება თანამდებობრივი სარგოს 20% მისი მომდევნო შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე.
მობილობის წესი არ ვრცელდება რეორგანიზაციის შემთხვევებზე. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ აჩერებს მიღებულ აქტებს. ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებით რეორგანიზაციის საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლებული პირის მოთხოვნის დაკმაყოფილება არ იწვევს უკანონოდ გათავისუფლებული პირის სამსახურში აღდგენას. დავის მოგების შემთხვევაში, გათავისუფლებულ მოხელეს მიეცემა მხოლოდ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით კომპენსაცია.
საგულისხმოა, რომ გარდამავალ პერიოდში რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ნორმები და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან და მოადგილეებთან მიმართებით რეგულაციები გავრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე.