პროფკავშირების გაერთიანებამ დაარსებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილი მე-XV საიუბილეო ყრილობა გამართა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ პროფკავშირული მოძრაობის შექმნიდან 115, ხოლო გაერთიანების დაარსებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მე-XV საიუბილეო (რიგგარეშე) ყრილობა გამართა.

ღონისძიებას 250-მდე სტუმარი, მათ შორის, 40-მდე საერთაშორისო, საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო სექტორის, მოწვეული დელეგატები (167) და პროფკავშირის ლიდერები/წევრები დაესწრნენ.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა დასაქმებულთა შრომითი უფლებების კუთხით საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

მოწვეულმა უცხოელმა და ქართველმა სტუმრებმა, მათ შორის, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, საკუთარი პოზიციები და მოსაზრებები დააფიქსირეს.

საიუბილეო ყრილობა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ პროფკავშირების საქმიანობის მხარდაჭერაში შეტანილი წვლილისთვის და საუკეთესო სოციალური პარტნიორობისთვის: პარტნიორი ორგანიზაციები, საუკეთესო კოლექტიური ხელშეკრულების დამდები კომპანია, მედია სფეროს წარმომადგენლები – ჟურნალისტები და ტელეწამყვანები და პროფკავშირების ლიდერები/ღვაწლმოსილი წევრები დააჯილდოვა.

გაიმართა ფილმის – „საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება 30 წლისაა“ ჩვენება, რის შემდეგაც, დელეგატების ხმათა უმრავლესობის მიერ დამტკიცდა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები და მანიფესტი.

13 დეკემბერს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენცია – „გამოწვევები საქართველოსა და მსოფლიოში, მათი გადაწყვეტის მექანიზმები – მშვიდობა და მდგრადი განვითარება“ სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული საერთაშორისო სტუმრების ჩართულობით გაიმართა.

კონფერენციას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მშრომელთა აქტივობების ბიუროს ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის წარმომადგენელი სერგიუს გლოვაცკასი, უფროსი სპეციალისტი გოჩა ალექსანდრია, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი გაუძღვნენ და მასში ჩართულები იყვნენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების დარგობრივი ორგანიზაციების ლიდერები.

ღონისძიებაზე პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) იურიდიული დეპარტამენტის უფროსი პააპა დანქუა ონლაინ ფორმატით ჩაერთო და პასუხისმგებლიანი ბიზნესის განხორციელების შესახებ ისაუბრა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მშრომელთა აქტივობების ბიუროს უფროსმა სპეციალისტმა დასაქმების საკითხებში – კაძუტოში ჩატანიმ კი წარმოადგინა პრეზენტაცია: „კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ“.

პროფკავშირების გაერთიანების დაარსებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ყრილობა „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ 12-13 დეკემბერს გაიმართა.

ფოტოები: Facebook