ირაკლი პეტრიაშვილი ქალებს – ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს ულოცავს და პარლამენტს და მთავრობას მიმართავს

ამ დღესთან დაკავშირებით, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და მთავრობას გაატარონ ქმედითი ღონისძიებები შრომით ურთიერთობებში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად. მიუხედავად პროფკავშირების მრავალწლიანი ბრძოლისა და შედეგად, მიღწეული გარკვეული პროგრესისა, ქალთა შრომითი უფლებები კვლავ სისტემატურად და ყოველდღიურად ირღვევა. ფაქტია, რომ შრომითი უფლებები და გენდერული თანასწორობა ვერ იქცა პრიორიტეტად ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში. COVID-19-ის გავრცელების შედეგად განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ უფრო ცხადყო ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სოციალურ-ეკონომიკური და შრომითი უფლებების დაცვის სტანდარტებისა და მისი აღსრულების ეფექტური მექანიზმების განსაკუთრებული აუცილებლობა და საჭიროება.

კორონა ვირუსის გავრცელებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკურ აქტიურობაზე, რაც შესაბამისად ნეგატიურად აისახა დასაქმებულთა მდგომარეობაზე. ასიათასობით მოქალაქემ დაკარგა სამუშაო ადგილი ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე, ან გაურკვეველი ვადით დარჩა შემოსავლის გარეშე, დამსაქმებელთა მიერ უხელფასო შვებულებაში გაშვების და უკანონო საფუძვლებით შრომითი ურთიერთობის შეჩერების გამო. კიდევ უფრო დამძიმდა ქალების შრომა, რომელთაც საქართველოში ისედაც უთანასწორო გარემოში უწევთ მუშაობა. იმ ქალებს, რომლებმაც შეინარჩუნეს სამსახურები, მოუწიათ სამუშაო რეჟიმის პირობებში, კიდევ უფრო მეტი დატვირთვით მუშაობა და პარალელურად საოჯახო საქმის შესრულება, ოჯახის ხანდაზმულ წევრებზე ზრუნვა და შვილების ყოლის შემთხვევაში, ყოველივე ამის შეთავსება მათ მოვლასა და განათლებასთან.

მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში საქსტატის მიხედვით დასაქმებულთა რაოდენობა შემცირებული იყო 33.2 ათასი ადამიანით, მე-3 კვარტალში ეს შემცირება უკვე 62,5 ათასს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ მათ შორის ვინც მე-3 კვარტალში დაკარგა სამუშაო – 65,6% ქალია. კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ქალისა და მამაკაცის თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების მიღების საკითხი და შრომის ღირებულების გაზომვა/შეფასების მეთოდოლოგიის არქონა, რაც წარმოადგენს საქართველოს მიერ რატიფიცირებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური კონვენციების და ევრო დირექტივების მოთხოვნის უგულებელყოფას. შედეგად, ქალისა და კაცის ანაზღაურებას შორის სხვაობა საშუალოდ 36.2%-ს უტოლდება, დაბალია ქალთა წარმომადგენლობა გადაწყვეტილების მიმღებ, მენეჯერულ პოზიციებზე. აღსანიშნავია, რომ შრომის კანონმდებლობის სრულყოფის და შრომის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების კუთხით ქვეყნის მიერ გადაიდგა არაერთი პოზიტიური ნაბიჯი, თუმცა, კვლავ დღის წესრიგში რჩება არაერთი პრობლემა. საგრძნობლად დაბალია, ანაზღაურება ფემინიზირებულ სექტორებში, კანონით დადგენილი მინიმალური ხელფასი თვეში კი კვლავაც 20 ლარია. კვლავ მიზერულია და 1000 ლარს არ აღემატება დეკრეტული შვებულების გამო სახელმწიფო დახმარების ოდენობა, მის მიღმა კი დასაქმებულთა ძირითადი ნაწილი ყოველგვარი შემოსავლის გარეშე რჩება, რის გამოც მათი უმეტესობა უმოკლეს ვადებში იძულებულია დაუბრუნდეს სამუშაო ადგილს. გარდა ამისა, დაცვის არასაკმარისი საკანონმდებლო გარანტიების გამო, პრაქტიკაში პრობლემას ქმნის ხელშეკრულების ვადის გასვლის, რეორგანიზაციის ან სხვა საფუძვლების გამო ორსული ან/და დეკრეტულ შვებულებაში მყოფი ან აღნიშნული შვებულებიდან ახლად დაბრუნებული ქალების სამსახურიდან დათხოვნის საკითხი. ასეთი მოცემულობა, ხელს უშლის ქალს, განსაკუთრებით კი, ორსულებს და მრავალშვილიან დედებს, შეუთავსონ ოჯახური ვალდებულებები სამსახურს, რის შედეგადაც, ქალები ხშირად შრომითი დისკრიმინაციის მსხვერპლნი ხდებიან, კარგავენ სამსახურს და შრომის ბაზრის მიღმა რჩებიან, ყოველგვარი კომპენსაციისა თუ სახელმწიფო შემწეობის გარეშე.

დამკვიდრებული ტრადიციების, ადრეული ქორწინებების და მასთან დაკავშირებული განათლების ხელმისაწვდომობის და მთელი რიგი სხვა პრობლემების გამო, განსაკუთრებული გამოწვევაა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების ჩართულობა სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში, სადაც თანაბრად უზრუნველყოფილია ყველა მოქალაქის ინტერესებისა და გამოწვევების გათვალისწინება.

აუცილებელია დასაქმებულების ღირსეული შრომის პირობებით უზრუნველყოფა და შრომისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ისევე, როგორც არაფორმალური დასაქმების ფორმალიზება და ყველა დასაქმებულის დაცვის თანაბარი შესაძლებლობით უზრუნველყოფა. ამდენად, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიმართავს საქართველოს პარლამენტს და მთავრობას

1. შეიტანოს ცვლილებები კანონმდებლობაში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;

2. შეიმუშაოს შრომის ანაზღაურების შეფასების მეთოდოლოგია გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობის პრევენციისთვის;

3. მოახდინოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის იმ კონვენციების რატიფიცირება, რომელიც ეხება და უზრუნველყოფს დედობის უფლების დაცვას (N 183), ოჯახური ვალდებულებების სამსახურთან შეთავსებას (N 156) და კრძალავს შევიწროების და ძალადობას შრომის სფეროში ( N 190);

4. დაადგინოს ღირსეული მინიმალური ხელფასი;

5. უზრუნველყოს დეკრეტული შვებულების ღირსეული ანაზღაურება ყველა დასაქმებულისთვის ;

6. შეიმუშაოს გენდერულად მგრძნობიარე სოციალური დაცვის სქემები, მათ შორის არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთათვის;

7. გაატაროს ღონისძიებები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და არაფორმალური დასაქმების ფორმალიზების მიმართულებით;

8. შრომის ბაზარზე გენდერული უთანასწორობის შესამცირებლად მოახდინოს ინვესტირება ზრუნვის ეკონომიკაში;