მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღეა

ბოლო პერიოდში გადადგმული არაერთი საკანონმდებლო და პრაქტიკული პოზიტიური ნაბიჯისა, სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობა და უსაფრთხოება საქართველოში კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება.

ბოლო წლების მანძილზე, სამუშაო ადგილებზე, წინა წელთან შედარებით ყოველ მომდევნო წელს უფრო ნაკლებ ფატალურ შემთხვევას აქვს ადგილი, თუმცა, გარდაცვალების და დაშავების შემთხვევების რიცხვი კვლავ მაღალია.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომის ინსპექციის სამსახურის მონაცემებით, სამუშაო ადგილებზე 2023 წელს ქვეყანაში საწარმოო ტრავმებისგან გარდაიცვალა – 34 და მძიმედ დაშავდა – 97 დასაქმებული.

საქართველოში სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების სიხშირის მხრივ განსაკუთრებით სამშენებლო სექტორი გამოირჩევა (2023 წელს გარდაიცვალა -18 ადამიანი, 2022 წელს -16, 2021 წელს- 18). ქვეყანაში საწარმოო ტრავმებისგან გარდაცვალების შემთხვევების 50%-ზე მეტი წილი სწორედ სამშენებლო სექტორზე მოდის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შრომის ინსპექციის სამსახურის აღდგენამდე სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევების რიცხვი უფრო მაღალი იყო. სამშენებლო სექტორის შემდეგ ლიდერობს მრეწველობის, სამთო-მოპოვების და ენერგეტიკის სექტორები.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ განხორციელებული კვლევებისა და ანალიზის საფუძველზე, სამუშაო ადგილებზე უბედურ შემთხვევებს ოთხი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს:

შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებული პერსონალის არასათანადო კვალიფიკაცია;

კოლექტიური ან/და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არ არსებობა ან კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა;

მანქანა-დანადგარებისა და ხელსაწყოების გაუმართაობა;

სამუშაო ადგილებზე დამსაქმებლის მიერ არასათანადო კონტროლის განხორციელება.

კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევებად რჩება: 1) შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო სისხლის სამართლის წარმოების არასამართლიანი პოლიტიკა, რომელიც უმეტეს შემთხვევებში გამორიცხავს ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობას და 2. სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადების შედეგად დაზარალებულთა ზიანის ანაზღაურების საკითხი.

ამ ფონზე, საგულისხმოა, რომ საქართველოს რატიფიცირებული არ აქვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის არცერთი კონვენცია, რომელიც შრომის უსაფრთხოების საკითხებს არეგულირებს. შსო-ს კონვენციების რატიფიცირება მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, დამატებითი ახალი რეგულაციების მისაღებად იმ ნაწილში, სადაც არ არის უზრუნველყოფილი  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობა და მეორე მხრივ, არსებული რეგულაციების მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

საგულისხმოა, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ, სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა აღიარა, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლება და მისი დაცვა ევალება შსო-ს ყველა წევრ სახელმწიფოს, მიუხედავად შესაბამისი კონვენციების რატიფიცირებისა.

2014 წელს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული „ასოცირების ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია მთელი რიგი კანონქვემდებარე აქტების მიღება, რაც ჭიანურდება, რის რის გამოც კვლავ ძალაში რჩება 1992 წლამდე მიღებული საბჭოთა ნორმატიული აქტები, რომელიც, ცხადია, ვერ პასუხობს შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს.

გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში, ევროკომისიის გასული წლის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შრომის უსაფრთხოების და შსო-ს 81-ე კონვენციის რატიფიცირების საკითხს.

წელს, საერთაშორისო პროფკავშირები ითხოვენ სასწრაფო მოქმედებას „დასაქმებულთათვის კლიმატის რისკების“ საწინააღმდეგოდ! მთელ მსოფლიოში მზარდია კლიმატის ცვლილებებით განპირობებული საფრთხეები დასაქმებულთათვის. კლიმატური მოვლენებით (სიცხე, ქარიშხალი, წყალდიდობა, ტყის ხანძრები და ა.შ.) განსაკუთრებით დაზარალდნენ სოფლის მეურნეობის, მშენებლობების, საფოსტო მიწოდების და სხვა სექტორებში დასაქმებულები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მოითხოვს:

➢ მოხდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის #81-ე კონვენციის – „შრომის ინსპექციის შესახებ ვაჭრობასა და მრეწველობაში“, #155-ე კონვენციის – „პროფესიული უსაფრთხოებისა და  ჯანმრთელობის შესახებ“ #121-ე კონვენციის – „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისას დახმარების გაწევის  შესახებ“ და #187 კონვენციის- ,,ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ხელშემწყობი ჩარჩოს“ შესახებ რატიფიცირება.

➢ სოციალური პარტნიორების ჩართულობით, დაჩქარებული წესით მოხდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებთან და ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მყოფი შრომის უსაფრთხოების საკითხების მარეგულირებელ კანონქვემდებარე აქტების მომზადება და მიღება.

➢ მოხდეს შრომის ინსპექციის სამსახურის ორგანიზაციული გაძლიერება, მათ შორის, გაიზარდოს რეგიონული ოფისების რაოდენობა.