ავტორი: გიორგი ჭანტურიძე
საქსტატის 2025 წლის საბოლოო მონაცემებით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2 165.2 ლარია. წინასწარი მაჩვენებელი 2 282.7 ლარი იყო, ამიტომ საბოლოო მონაცემი წინასწარზე 117.5 ლარით დაბალია. ამავე დროს, 2025 წლის მედიანური ხელფასი 1 531 ლარს შეადგენს. ეს ორი მაჩვენებელი ერთად ბევრად მეტს გვიჩვენებს, ვიდრე მხოლოდ საშუალო ხელფასი.
საშუალო ხელფასი ხშირად გამოიყენება ხელფასების დინამიკის, სოციალური პოლიტიკისა და სხვადასხვა საორიენტაციო მაჩვენებლის შესაფასებლად. შესაბამისად, როდესაც წინასწარი მაჩვენებელი საბოლოო მონაცემით იცვლება, მასზე დაყრდნობილი შეფასებებიც საბოლოო მონაცემს უნდა მოერგოს.
მედიანური ხელფასი ხელფასების განაწილების შუა წერტილია. თუ დასაქმებულებს ხელფასის მიხედვით ყველაზე დაბლიდან ყველაზე მაღლისკენ დავალაგებთ, ნახევარს მედიანაზე ნაკლები, ხოლო ნახევარს მეტი ხელფასი აქვს. საშუალო ხელფასი კი, გამარტივებულად, მთლიანი დარიცხული ანაზღაურებისა და დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით გამოითვლება. რამდენიმე ძალიან მაღალმა ხელფასმა საშუალო შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს, მაშინ როდესაც მედიანაზე ასეთ ხელფასებს გაცილებით ნაკლები გავლენა აქვს.
2025 წელს მედიანური ხელფასი საშუალოზე სწრაფად გაიზარდა. საშუალო ხელფასი 9.9%-ით გაიზარდა, მედიანური კი – 14.9%-ით. შედეგად, მედიანა საშუალო ხელფასის 70.7%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც 2024 წელს ეს მაჩვენებელი 67.6% იყო. მედიანა კვლავ საშუალოზე 29.3%-ით დაბალია, თუმცა სხვაობა შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ ხელფასების განაწილების შუა წერტილი საშუალო მაჩვენებელზე სწრაფად გაიზარდა.
ეს პოზიტიური ცვლილებაა, მაგრამ ხელფასების განაწილების სრული სურათი მხოლოდ საშუალოსა და მედიანის შედარებით არ ჩანს. უფრო ფართო სურათს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის ადმინისტრაციული მონაცემები გვაძლევს. ეს მონაცემები 2026 ერთთვიან ადმინისტრაციულ სურათს აღწერს და აქ მათ ვიყენებთ იმის სანახავად, როგორ ნაწილდება სახელფასო შემოსავალი სხვადასხვა ჯგუფს შორის. მაისში დასაბეგრი სახელფასო შემოსავალი 1 016 903 პირს უფიქსირდებოდა. მათგან 29.5%-ს თვეში 1 200 ლარზე ნაკლები ჰქონდა.
განაწილების მეორე მხარეს უკიდურესად მაღალი შემოსავლებია. ყველაზე მაღალანაზღაურებადი 417 პირი თვეში ჯამურად დაახლოებით 140.4 მლნ ლარს იღებდა. ეს დაახლოებით იმდენივეა, რამდენსაც 235 ათასამდე დაბალანაზღაურებადი პირი ერთად აღებული. უფრო ფართო სურათში, მაღალანაზღაურებადი 10.3% იღებდა მთლიანი დასაბეგრი სახელფასო შემოსავლის 41.8%-ს – დაახლოებით იმდენივეს, რამდენსაც დაბალანაზღაურებადი 77% ერთად. შესაბამისად, სახელფასო შემოსავლის დიდი ნაწილი შედარებით მცირე მაღალანაზღაურებად ჯგუფზე მოდის.
დიდია განსხვავება დარგებს შორისაც. 2025 წელს საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში საშუალო ხელფასი 4 123.6 ლარი იყო, მედიანური – 2 211 ლარი. განათლებაში საშუალო ხელფასი 1 386.1 ლარს, მედიანური კი 1 169 ლარს შეადგენდა. ეს ორი დარგი მაგალითია იმისა, რამდენად განსხვავებულ სახელფასო რეალობებს აერთიანებს ეროვნული საშუალო.
ამ ფონზე განსაკუთრებით მკვეთრად ჩანს დაბალი ხელფასების პრობლემა. საქართველოში საჭიროა ეფექტიანი ეროვნული მინიმალური ხელფასი, რომელიც ანაზღაურების საერთო ქვედა ზღვარს შექმნის. პროფკავშირების ინიციატივით მინიმალური ხელფასი საშუალო ხელფასის 40%-ის დონეზე უნდა განისაზღვროს. ასეთი მიდგომა მინიმალური ხელფასის დონეს ხელფასების საერთო დინამიკასთან დააკავშირებს და მისი რეგულარული გადახედვის საფუძველსაც შექმნის
წყაროები