„ინდუსტრიული პოლიტიკის გამოწვევები“.

15139322_10206156996683921_729559300_n 14971839_10206156996563918_606548010_nსტატიის ავტორი: დავით არაბიძე

„ინდუსტრიული პოლიტიკის გამოწვევები“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში ეკონომიკის დამოუკიდებელმა მკვლევარებმა კვლევა წარმოადგინეს . კვლევის პრეზენტაცია 2016 წლის 17 ნოემბერს გაიმართა.  შეხვედრა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით შედგა. დოკუმენტი წარმოადგინეს ეკონომიკის დამოუკიდებელმა  მკვლევარებმა – ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა დავით ადეიშვილმა და ეკონომიკის ექსპერტმა ტატო ხუნდაძემ. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია, გაერთიანების წევრი დარგობრივი პროფკავშირების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, სოციალურ საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი გაერთიანებების აქტივისტები.

„ინდუსტრიული პოლიტიკის გამოწვევები“.

კვლევა იყოფოდა 4 ნაწილად, თითოეული მათგანი აჩვენებდა:

ა) სად იმყოფება დღეს საქართველოს ეკონომიკა;

ბ) რატომ უნდა გაკეთდეს არჩევანი ინდუსტრიაზე;

გ) რა ხდება დღეს საქართველოს ეკონომიკაში;

დ) რა არის გასაკეთებელი ინდუსტრიული არჩევანის შემთხვევაში.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა დავით ადეიშვილმა შესავალში აღნიშნა, რომ საქართველო დღეს საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყანაა და ეს განპირობებულია მეოთხედი საუკუნის წინ მომხდარი დეინდუსტრიალიზაციით. 1988 წელი საქართველოს ეკონომიკური და სოციალური ზრდის ბოლო წელი იყო, ხოლო 1992 -1995 წლები კატასტროფული დაცემის წლები, როდესაც საქართველოს ინდუსტრიული შესაძლებლობა თითქმის 10-ჯერ შემცირდა. შემდგომმა წლებმა ეს დანაკარგი ვერ შეავსო. დღეს საქართველო ადამიანური განვითარების თვალსაზრისით 76-ე ადგილზეა, ხოლო გლობალური ეკონომიკური კონკურენციის ინდექსში 66-ე ადგილზე. ამ ფონზე სტატისტიკის ეროვნული სამსახური ოფიციალურად აცხადებს, რომ უმუშევართა რიცხვი12%-ს არა აღემატება, ეს მაშინ როდესაც ქვეყანაში იმპორტი 4-ჯერ აღემატება ექსპორტს, რაც ადასტურებს რომ სახეზეა ვალუტის დეფიციტი. აღსანიშნავია ისიც რომ ინვესტიციად შემოსული უცხოური კაპიტალი არ მიემართება წარმოებისკენ, შედეგად კი საქართველო ინდუსტრიული კონკურენტუნარიანობის ინდექსში 95-ე ადგილზეა. ქვეყნის წარმოების სტრუქტურაში პირველ ადგილზე კვების წარმოებაა.

საქართველოს მთავრობას არ გააჩნია ინდუსტრიული განვითარების პროგრამა, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ასეთი პროგრამის არ არსებობა განაპირობებს იმ ვითარებას რომ გადამამუშავებელი წარმოების წილი სულ რაღაც 13%-ა, როდესაც ეს მაჩვენებელი 30%-ს არ უნდა ჩამოუვარდებოდეს.

ინდუსტრიას აქვს მნიშვნელოვანი თვისება შეცვალოს საზოგადოების სოციალური სტრუქტურა. საქართველოში დღეს არის მეწარმეობის ხელშემწყობი სააგენტო, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშემწყობი სააგენტო, მაგრამ სახეზეა დაბალტექნოლოგიური საქონლის დომინანტი, დივერსიფიცირების სიმწირე, თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განუვითარებლობა.

დღეს პირველი რიგის ამოცანას შეადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეიქმნეს ინდუსტრიული პროცესების ანალიზისა და დაგეგმვის სახელმწიფო კვლევითი ცენტრი და ინდუსტრიული განვითარების სააგენტო. მნიშვნელოვანი ამოცანაა სამრეწველო პრიორიტეტების დადგენა. დღეს საჭიროა ფინანსური ინსტრუმენტები, წარმოების წამახალისებელი მექანიზმები, სათანადო კვლევითი დაწესებულებებისა და განვითარების დაგეგმარების სტრუქტურების  ფორმირება, რომ შესაძლებელი გახდეს ინდუსტრიული პოლიტიკის გამოწვევებთან გამკლავება.

ეკონომიკის ექსპერტმა ტატო ხუნდაძემ რეინდუსტრიალიზაციის უმნიშვნელოვანეს ამოცანად მიიჩნია პროტექციონიზმის განხორციელება. სოფლის მეურნეობას კაპიტალზე კლებადი უკუგება გააჩნია, მაშინ როდესაც ინდუსტრია ზრდად უკუგებას იძლევა კაპიტალზე. გადამამუშავებელი წარმოება დაბალ დონეზეა, რაც იწვევს ასეთ მაღალ უმუშევრობას ქვეყანაში.

პროფკავშირებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ერთმნიშვნელოვნად მხარი დაუჭირეს რეინდუსტრიალიზაციის პოზიციას და აღნიშნეს წარმოდგენილი კვლევის მნიშვნელოვანი როლი ამ მართებული იდეის განხორციელებაში.

საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ გოჩა ალექსანდრიამ მადლობა მოახსენა ეკონომიკის დამოუკიდებელ მკვლევარებს დავით ადეიშვილსა და ტატო ხუნდაძეს შინაარსიანი და მნიშვნელოვანი კვლევის წარმოდგენისთვის და აღნიშნა მისი სრული მხარდაჭერა ინდუსტრიის განვითარების საკითხში.