მიმდინარეობს საიტის განახლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, 2023 წლის ანგარიშში, პროფკავშირების გაერთიანების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შრომით სფეროში არსებული არაერთი პრობლემა გამოკვეთა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიშში, პროფკავშირების გაერთიანების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შრომით სფეროში არსებული არაერთი პრობლემა გამოკვეთა.

დოკუმენტში, რომელიც ფართოდ მიმოიხილავს საქართველოს სოციალურ პოლიტიკასა და შრომითი უფლებებთან დაკავშირებულ  მდგომარეობას, მოხვდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: გაერთიანების თავისუფლება და კოლექტიური მოლაპარაკების უფლება, გაფიცვის უფლება,  შრომის ანაზღაურება, სამუშაო საათები და ზეგანაკვეთური შრომა, შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა და ა.შ.გაერთიანების თავისუფლებისა და კოლექტიური მოლაპარაკების უფლების ნაწილში, ანგარიშში აისახა ის გამოწვევები, რომელსაც დამოუკიდებელი პროფკავშირები წლებია აწყდებიან.

„კანონი ზოგადად ითვალისწინებს დასაქმებულთა უმრავლესობის, მათ შორის, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულების უფლებას, შექმნან და შეუერთდნენ დამოუკიდებელ პროფკავშირებს, კანონიერად გაიფიცონ  და აწარმოონ კოლექტიური მოლაპარაკებები. კანონის თანახმად, თუ პროფკავშირი ან დასაქმებულთა ჯგუფი წამოიწყებს კოლექტიურ მოლაპარაკებებს, დამსაქმებლებს კეთილსინდისიერად მოლაპარაკება მოეთხოვებათ. მხარეები ვალდებულნი არიან მოლაპარაკებების დროს განხილულ საკითხებთან დაკავშირებით ერთმანეთს ინფორმაცია მიაწოდონ.  მიუხედავად ამისა, დამსაქმებლები მოლაპარაკებებს ყოველთვის კეთილსინდისიერად არ აწარმოებენ.დამსაქმებლების ვალდებულება, შრომით დავებზე მედიაციაში მონაწილეობის თაობაზე, კანონით ან პრაქტიკით მკაფიოდ არ არის განსაზღვრული.

მიუხედავად იმისა, რომ კანონი ზოგადად კრძალავს დამსაქმებლების მიერ  თანამშრომლების  დისკრიმინაციას  პროფკავშირის  წევრობის  გამო,  ის პროფკავშირის საქმიანობაში ჩართულობის გამო სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას არ მკაფიოდ ავალდებულებს.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ  დააფიქსირა შრომითი და პროფკავშირული უფლებების სისტემური დარღვევა საქართველოს ფოსტაში. 18 აგვისტოს შრომის ინსპექციამ შრომითი უფლებების დარღვევისთვის საქართველოს ფოსტას  3000 ლარის (1130 დოლარი) სანქცია დააკისრა.

გარკვეული კატეგორიის დასაქმებულებს ,რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია „ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან“, მთავრობის დადგენილების მიხედვით,  გაფიცვის უფლება არ აქვთ. ანგარიშში აღნიშნულია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ დაფიქსირებული მრავალი შემთხვევა, როდესაც კოლექტიური მოლაპარაკება და გაერთიანების თავისუფლება, მათ შორის, გაფიცვის უფლება, არ იყო უზრუნველყოფილი კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციებში. ქვეყანაში გაერთიანების თავისუფლების, კოლექტიური მოლაპარაკებების და გაფიცვის უფლებასთან დაკავშირებით მუდმივი შეშფოთების გამო, პროფკავშირებმა მშრომელთა უფლებების დაცვის გასაძლიერებლად მთავრობას შემდგომი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. თუმცა, მთავრობამ ვერ უზრუნველყო კანონმდებლობის აღსრულება, რომლითაც დაცულია გაერთიანების თავისუფლება, კოლექტიურ მოლაპარაკებები ან გაფიცვის უფლება  და კრძალავს  პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციას. შრომითი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული ჯარიმები დაბალია, იშვითად გამოიყენება, ხოლო სასამართლო დავები წლობით ჭიანურდება.

დეპარტამენტის  ანგარიშში ასევე, ყურადღება დაეთმო პროფკავშირებისთვის მეტად მნიშვნელოვან, მინიმალური ხელფასის  საკითხს.

„როგორც სახელმწიფო, ისე, კერძო სექტორის დასაქმებულებისთვის მინიმალური ხელფასი ოფიციალურ საარსებო მინიმუმზე დაბალია. დამსაქმებლები არ იყენებენ ოფიციალურ მინიმალურ ხელფასს, რადგან, კერძო სექტორში ყველაზე დაბალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე ანაზღაურება, როგორც წესი, მინიმალურ ხელფასს მნიშვნელოვნად აღემატება. GTUC-მა გააკრიტიკა მთავრობა იმის გამო, რომ მინიმალური ხელფასის მაჩვენებელი, რომელიც 1999 წელს დაწესდა, კვლავ არ შეცვალა“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

რაც შეეხება სამუშაო საათებს, ანგარიშში ასახულია ის ცვლილებები, რომელიც მთავრობის მიერ, მათ შორის, პროფკავშირების ჩართულობით, რეკომენდაციების საფუძველზე განისაზღვრა. განმარტებულია, რომ კანონი 40-საათიან სამუშაო კვირას და ყოველკვირეულ 24-საათიან დასვენებას ითვალისწინებს, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ხოლო ზეგანაკვეთური სამუშაო განსაზღვრულია, როგორც ზრდასრული თანამშრომლის მიერ კვირაში 40-საათს ზემოთ შესრულებული სამუშაო. მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა კონკრეტული ძირითადი სექტორები. კანონში ნათქვამია, რომ ზეგანაკვეთური სამუშაო „ანაზღაურდება ჩვეულებრივი საათობრივი ხელფასის გაზრდილი განაკვეთით, რომელიც განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით“. იქვეა მითითებული 2021 წელს, პროფკავშირების მიერ წარმოებული ერთ-ერთი სასამართლო დავის გადაწყვეტილების შედეგად დადგენილი 125 პროცენტიანი განაკვეთი, როგორც გონივრული ზეგანაკვეთური ანაზღაურება.

შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შესახებ ქვეთავში, ვკითხულობთ: „2022 წელს მთავრობამ GTUC-ის და სხვა მხარეების ჩართულობით მიიღო ახალი რეგულაციები, რომლებიც განსაზღვრულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით სამუშაო ადგილზე უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველსაყოფად” – ასახულია ანგარიშში.

პროფკავშირებისთვის არაფორმალურად დასაქმებულთა უფლებების დაცვა და გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.  ანგარიშში მთელი თავი დაეთმო იმ პრობლემების ჩამონათვალს, რასაც ამ სექტორში დასაქმებული ადამიანები აწყდებიან.

„სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის მონაცემებით, არასასოფლო-სამეურნეო სექტორში არაფორმალურად დასაქმებულთა წილი სამუშაო ძალაში  28,8% იყო, თუმცა, GTUC-მა განაცხადა, რომ ეს რიცხვი 40 პროცენტია“

არასტანდარტული და არაფორმალური შრომა  გავრცელებულია იმ სექტორებში, სადაც ფიზიკური უსაფრთხოება დასაქმებულთა მთავარი საზრუნავია. როგორიცაა, ღია კარიერები ტყიბულში ან ჭიათურაში, ასევე, სამშენებლო სამუშაოები დიდ ქალაქებში. მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული ინდუსტრია, ასევე, იდენტიფიცირებულია, როგორც საფრთხის შემცველი  სექტორი, რადგან მძღოლები და გიდები ხშირად ასრულებენ ხანგრძლივ, ფიზიკურად რთულ და მეტწილად დაურეგულირებელ სამუშაოს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ტურიზმის სექტორის მძღოლები მანქანას ზედიზედ 15 საათს მართავენ. კანონი ადეკვატურად არ უზრუნველყოფს არაფორმალურ და არასტანდარტულ სამუშაოებში ჩართული პირების უსაფრთხოებას, ხოლო, შრომის ინსპექციას არ გააჩნია მანდატი, ან რესურსი, ადეკვატურად დაფაროს არაფორმალური და არასტანდარტული დასაქმების სექტორები“ – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტი ყოველწლიურად ფართოდ მიმოიხილავს შრომისა და მის თანმდევ სფეროში არსებულ გამოწვევებს, საკანონმდებლო ცვლილებებს, არსებული რეგულაციების პრაქტიკაში დანერგვის თავისებურებებს და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე  აკეთებს კონკრეტულ დასკვნებს.

ანგარიში სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ: https://www.state.gov/reports/2023-country-reports-on-human-rights-practices/georgia/