მიმდინარეობს საიტის განახლება

შვებულება, მისი ხანგრძლივობა და გაცემის წესი

ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და შვებულების მიცემის წესი შრომითი ხელშეკრულების არსებით – ძირითად პირობას წარმოადგენს. იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტით ან შრომის შინაგანაწესით არ არის განსაზღვრული შვებულების შესახებ ნორმები, მოქმედებს კოდექსით გათვალისწინებული წესები.

დაიმახსოვრეთ: დამსაქმებელს არ შეუძლია უარესი პირობები შემოგთავაზოთ, ვიდრე შრომითი კანონმდებლობითაა დადგენილი. შენი შვებულების უფლება წარმოიქმნება მას შემდეგ, რაც კონკრეტულ დამსაქმებელთან მუშაობის დაწყებიდან გავა 11 თვე. თუმცა, მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, შესაძლოა უფრო ადრეც ისარგებლო ამ უფლებით.

არსებობს ანაზღაურებადი და აუნაზღაურებადი შვებულებები

1. ანაზღაურებადი – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღე.

2. აუნაზღაურებადი – წელიწადში სულ მცირე 15 სამუშაო დღე.

გარდა ზემოაღნიშნულისა, უფლება გაქვს, ასევე, ისარგებლოშემდეგი შვებულებებით:

1. ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო

730 დღის ოდენობით, საიდანაც ანაზღაურებადია 183 სამუშაო დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე.

2. შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო

დასაქმებულს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო – ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე.

3. დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო

დასაქმებულს თავისივე თხოვნით, უწყვეტად ან ნაწილ-ნაწილ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 2 კვირისა, ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება ბავშვის მოვლის გამო – 12 კვირის ოდენობით, სანამ ბავშვს შეუსრულდება 5 წელი. ამ შვებულების მოთხოვნა შეუძლია როგორც მდედრობითი, ისე მამრობითი სქესის წარმომადგენელს.

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობაა არაუმეტეს 1000 ლარისა. დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ დამატებით ანაზღაურებაზე.

4. მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულისათვის დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება

წელიწადში 10 კალენდარული დღის ოდენობით. თუ რა ითვლება მძიმე, მავნე ან საშიპირობიან სამუშაოდ – განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით – შექმნილია სპეციალური სია, რომელსაც უნდა გაეცნო, თუ თვლი, რომ ასეთ სამუშაოს ასრულებ.

არსებობს მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც თქვენთან შრომითი ხელშეკრულების (შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“–„თ“ და „ო“ პუნქტებით) შეწყვეტისას, თუ გამოყენებული არ გაქვს შვებულება, შესაძლოა მოგეცეს გამოუყენებელი დღეების სათანადო ფულადი კომპენსაცია ნამუშევარი დროის პროპორციულად.

მუშაობის მეორე წლიდან, თუკი დამსაქმებელი არ იქნება წინააღმდეგი, შესაძლოა, შვებულება გამოიყენოთ წელიწადის ნებისმიერ დროს. არც მისი ნაწილ-ნაწილ (ორ-ორი, ან სეზონში თითო კვირის ოდენობით, როგორც მოილაპარაკებთ) გამოყენებაა გამორიცხული.

დამსაქმებელს შეუძლია დაადგინოს დასაქმებულთათვის წლის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებათა მიცემის რიგითობა.

ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას, ვალდებული ხართ, 2 კვირით ადრე გააფრთხილო დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო, ან ოჯახური პირობების გამო.

თუ მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების თქვენთვის მოცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე, თქვენი თანხმობით დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისთვის. აკრძალულია არასრულწლოვნის ანაზღაურებადი შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის. აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში.

დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება გამოითვლება:

1) გამომუშავებითი ხელფასის დროს:

ა) შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან;

ბ) თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან;

2) ფიქსირებული ხელფასისას: ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ დამატებით ანაზღაურებაზეც.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა იცოდეთ: თუ ხართ მეძუძური დედა და კვებავ ერთ წლამდე ასაკის ბავშვს: შენი მოთხოვნის საფუძველზე უფლება გაქვს აიღო დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ 1 საათისა. ბავშვის კვებისათვის შესვენება ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება. შესაბამისად, ჩვეულებისამებრ, ერთის ნაცვლად, დღის მანძილზე გექნებათ ორ-საათიანი შესვენება.