მიმდინარეობს საიტის განახლება

“ღირსეული შრომის დღე“ საქართველოში ღირსეულად აღინიშნება

საქართველოს პროფკავშირები ღირსეული შრომის დღე აღნიშნეს. წელს “შრომის დღე” მთელს მსოფლიოში ერთი სლოგანით ჩატარდება “სოციალური და კლიმატური სამართლიანობისათვის“. შრომის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის აღნიშვნას საქართველოს პროფკავშირები 4 ოქტომბერს დაიწყეს და 7 ოქტომბრის ჩათვლით თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ.

4 ოქტომბერს, 16 საათზე, პროფკავშირების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, გაერთიანების ცენტრალურ ოფისთან შეიკრიბებნენ და პერფორმანსი გამართეს. სპეციალურად მომზადებულ ბანერებზე ახალგაზრდებმა ის მოთხოვნები დაწერეს, რომელიც ხელისუფლების მიმართ აქვთ.

საქართველო კვლავ დგას ისეთი მწვავე პრობლემების და გამოწვევების წინაშე, როგორიცაა ხშირი უბედური შემთხვევები საწარმებში, უმძიმესი შრომითი პირობები, ქალთა შრომითი დისკრიმინაცია და ა.შ. პროფკავშირები შრომის დღისადმი მიძღვნილ კვირეულზე სწორედ ყველაზე აქტიუალურ თემებზე ამახვილებს ყურადღებას. ხელისუფლებისგან კი მოითხოვს: გასულ წელს, ხანგრძლივი შრომისა და ბრძოლის შედეგად შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების პრაქტიკაში განხორციელებას და არსებული ხარვეზების დროულ აღმოფხვრას, ასევე ნორმებისა და კანონმდებლობის შესრულების მონიტორინგს, შრომის ინსპექციის საშუალებით. შრომის ინსპექციის აღდგენა პროფკავშირების ერთ ერთი მთავარი პრიორიტეტია. გაერთიანება შრომითი კანონმდებლობის მეორე ეტაპის დაჩქარების და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნითაც გამოდის.

ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით, პროფკავშირები ზეწოლად აღიქვამს, სხვადასხვა სექტორში ხელმძღვანელი პირების შეცვლის შემდეგ, თანამშრომლების მასობრივ განცხადებებს სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით. პროფესიული გაერთიანება მოუწოდებს ხელისუფლებას არ გაიმეოროს წინა მთავრობის შეცდომები, (როდესაც ერთი გამგებლის შეცვლას – კადრების მასობრივი დათხოვნა ან “საკუთარი ნებით” წასვლა მოჰყვეებოდა ხოლმე) რადგან უსამართლობა ცუდად შემოუტრიალდება ქვეყანას. აქვე პროფკავშირები ხელისუფლებას მოუწოდებს (სასამართლოს გარდა) შეიქმნას მექანიზმები და ინსტიტუტები მსგავსი პრობლემატური საკითხების და დავების სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტისთვის.

აღსანიშნავია, რომ ღირსეული შრომის დღე განვითარებული მსოფლიოს უემტეს ნაწილში აღინიშნება. სოციალური და კლიმატური პრობლემების წინა პლანზე წამოწევა კი განპირობებულია იმით, რომ 2008 წლიდან, დაწყებულმა მსოფლიო გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა ღრმა სოციალური კრიზისი გამოიწვია, პლანეტის 200 მილიონი მაცხოვრებელი კი მასობრივმა უმუშევრობამ მოიცვა.

ღირსეული შრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნა პროფკავშირების საერთაშორისო კონფენდერაციის ეგიდით ხორციელდება. მსოფლიო პროფკავშირები ამ დღეს მთელი პლანეტის მაშტაბით აღნიშნავენ- აქციებით, ღონისძიებებით სამუშაო და საჯარო ადგილებზე და სხვა მრავალი აქტივობით სამართლიანობის დასაცავად.

მსოფლიო პროფკავშირები ყველაზე ძლიერი ძალაა დემოკრატიის დასაცავად და სამართლიანობისა და სტაბილური მომავლისთვის. საქართველოს პროფკავშირები, უკვე 4 წელია საქართველოს პარლამენტს სთხოვს ყოველი ოქტომბრის პირველი შაბათი სახელმწიფოს მიერ გამოცხადდეს “შრომის დღედ”. აქვე აღსანიშნავია, რომ “შრომის დღის” ამ ფორმით აღნიშვნის ინიციატივა საქართველოს პროფკავშირებს ეკუთვნით და ის მსოფლიოს პროფკავშირების კონფედერაციამ მოიწონა და დააწესა. საქართველოს ხელისუფლებას კი ოქტომბრის პირველი შაბათი “შრომის დღედ” ჯერაც არ გამოუცხადებია.

საქართველოში დასაქმებულთ უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნით პარლამენტს სპეციალური მიმართვაც გაეგზავნება.2