მიმდინარეობს საიტის განახლება

უშრომელი შემოსავლები საბჭოთა კავშირში

თითქმის შვიდი ათეული წლის განმავლობაში საბჭოთა პროპაგანდა საუბრობდა ისეთ სოციალურ მონაპოვარზე, როგორიც არი უშრომელი შემოსვლების დაძლევა. გარდაქმნისა და საჯაროობის ტალღამ ძირი გამოაცალა ამ პროპაგანდისტულ კლიშეს და  კიდევ ერთ სოციალურ მოვლენას ახადა ფარდა საბჭოთა კავშირში, ეს იყო მუქთახორობა – უშრომელი შემოსავლები. აღმოჩნდა რომ მუქთახორობა არსებული ეკონომიკური სისტემის პირობებში, როცა ერთმანეთის გვერდით არსებობდა ხილული და ჩრდილოვანი ეკონომიკა, იყო არა წარსულის გადმონაშთი, არამედ არსებული საზოგადოების შემადგენელი ელემენტი. მუქთახორობა მოქმედი ბიუროკრატიული მონოპოლიზმის პირობებში იყო მასიური უარყოფითი დამოკიდებულება შრომისადმი, რაც საბოლოო ჯამში იწვევდა ინდივიდისა და საზოგადოების შრომითი უნარების განვითარების დაბრკოლებას. შრომისადმი ნეგატიური დამოკიდებულება მოქმედი ეკონომიკური სისტემისა და სოციალური სტრუქტურის პირობებში  პირველ რიგში განპირობებული იყო შრომის ღარიბი შინაარსით, რაც ადამიანს აჩერებდა მატერიალური და სულიერი სიღარიბის წერტილში, ეს კი ლოგიკურად იწვევდა ამ ადამიანის მხრიდან საზოგადოებაში არსებული ნორმების დარღვევას, მასში მომთხოვნელობითი იდეოლოგიის ჩამოყალიბებას და მის შესვლას კონფლიქტში სისხლის სამართალთან.

საბჭოთა კავშირში მუქთახორობის ფორმები იყო: შრომითი საქმიანობის სიმულაცია, მაწანწალობა, მათხოვრობა. გარდა ამ ფორმებისა იყო აგრეთვე ძალმომრეობითი მუქთახორობა – გამომძალველობა. მუქთახორობის მთავარი მახასიათებელი ნიშანი იყო საზოგადოებაში წარმოებული მატერიალური და არა მატერიალური პროდუქტის მართლსაწინაღმდეგო მოხმარება ან დაუფლება.

ლეგალური შრომის უარყოფის პირობებში მუქთახორები მიმართავდნენ ისეთ საქმანობებს, როგორიცაა აზარტული თამაშების ორგანიზაცია, პროსტიტუციისთვს თავშესაფრის მოწყობა, სპეკულაცია. მაწანწალობა ასევე მუქთახორობის ფორმა იყო, რომელიც დაკავშირებული იყო კრიმინალთან-ქურდობასთან, ძარცვასთან, ყაჩაღობასთან. მუქთახორებს განეკუთვნებოდნენ ასევე მათხოვრებიც, რომელთა რიგებში იყვნენ ისეთებიც , რომელთაც ჰქონდათ ლეგალური საცხოვრისი და ფაქტობრივი სამუშაო ადგილიც, მაგრამ დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით ეწეოდნენ მათხოვრობას, როგორც წესი საკუთარი ქალაქიდან ან რეგიონიდან მოშორებით. აღსანიშნავია რომ მუქთახორებში არ მოქმედებდა რაიმე საქმიანობის ამკრძალავი „კანონი“ – სპეკულიანტს შეეძლო კიდეც ეწანწალა და კიდეც ემათხოვრა, ხოლო მაწანწალას ან მათხოვარს მოეწყო აზარტული თამაშების ან პროსტიტუციის ბუნაგი, ჩაედინა ქურდობა,ძარცვა ან ყაჩაღობა. უშრომელი შემოსავლები ყველაზე შეურიგებელ წინააღმდეგობაში იყვნენ სოციალური კონტოლის ყველა ფორმასთან და სისტემასთან.                                                                                                                                ის რომ მუქთახორობა დიდი სოციალური პრობლემა იყო ადასტურებს იმ ეპოქის სტატისტიკური მონაცემებიც. საქართველოს სსრ-ში 1987 წელს იმ შრომის უნარიანი პირებიდან ვინც არსად არ მუშაობდა და არ სწავლობდა, მსჯავრი დადებული ჰქონდათ  პირადი ქონების ქურდობისათვის- 38,1%-ს, ძარცვისთვის- 40,6%-ს, ყაჩაღობისთვის- 43,2%-ს, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქონების ქურდობისათვის- 27,7%-ს, სპეკულაციისათვის- 15,6%-ს.

არსებული ბიუროკრატიული მონოპოლისტური ეკონომიკა თავად წარმოშობდა სოციალურ წინააღმდეგობებს და მუქთახორობა მისი ერთ-ერთი გამოვლინება იყო. საქართველოს სსრ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 234-ე მუხლით (მუქთახორობა) 80-იანი წლების ბოლოს მსჯავრდებულთა 79,4% მამაკაცი, ხოლო 20,6% ქალი იყო. ასაკის მიხედვით კი 18-დან  20 წლამდე- 4,4%, 21-დან  24 წლამდე- 9,1%,25-დან  29 წლამდე- 8,8%, 30-დან  34 წლამდე- 18,2%, 35-დან  44 წლამდე- 29,4%, 45-დან  49 წლამდე- 10,2%, 50-დან  60 წლამდე- 11,8%.  განათლების თვალსაზრისით მუქთახორების 18,5% გააჩნდათ დაწყებითი განათლება, შვიდწლედი დამთავრებული ჰქონდა 11,7%-ს, რვაწლედი 23,5%-ს, საშუალო განათლება გააჩნდა 36,8%-ს, პროფესიულ-ტექნიკური განათლება 4,4%-ს, საშუალო სპეციალური განათლება 2,9%-ს, უმაღლესი განათლება 0,88%-ს. მუქთახორების 61,8%-ს ოჯახი საერთოდ არ გააჩნდათ, ხოლო განქორწინებულების რაოდენობა მათში 3-ჯერ აღემატებოდა რესპუბლიკაში არსებულ საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელს. მუქთახორებში უაღრესდ დიდი იყო 5-ჯერ და მეტჯერ ნასამართლევი პირები რიცხვი. მუქთახორების  მესამედი ცხოვრობდა სოფლად, ხოლო ორი მესმედი ქალაქებში. როგორც სოფლის, ასევე ქალაქის მუქთახორები განსაკუთრებით დაბალი კვალიფიკაციით გამოირჩეოდნენ.

არსებული ვითარებაში საბჭოთა კავშირში კი მიიღებოდა დადგენილებები “უშრომელ შემოსავალთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ“, მაგრამ ეს დადგენილებები ქაღალდზევე რჩებოდა, რადგან არ იცვლებოდა მთავარი -ბიუროკრატიულ მონოპოლისტური ეკონომიკა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოები არა კორდინირებულად მოქმედებდნენ, არ ხდებოდა მუქთახორობის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების კომპლექსურად შესწავლა და განხილვა, შესაბამისად დასკვნებიც არა სრულყოფილი იყო. ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან არსებული შრომითი მოწყობის კომისიები ბიუროკრატიულ ფორმალიზმს იჩენდნენ, ხშირი იყო როდესაც საწარმოების-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები თავს არიდებდნენ ყოფილ მუქთახორათა მიღებას სამსახურში, შესაბამისად იშვიათი არ   იყო ადამიანების სამუშაო ადგილებზე ფიქტიური გაფორმებაც, უკვე სამუშაო ადგილზე მიღებულ ყოფილ მუქთახორის შრომასა და ქცევაზე სოცალური კონტროლი  თვითდინებაზე იყო მიშვებული.

საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკებსა და ამ რესპუბლიკების სხვადასხვა რეგიონებში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებში დიდი დისპროპორცია იყო, ეს  თავის ასახვას ახდენდა შრომითი რესურსების განაწილებასა და ფუნქციონირებაზე, ასევე ამ რესპუბლიკებისა და რეგიონების ორგანოების შესაძლებლობებზე ზეგავლენა მოეხდინათ მუქთახორობის სტრუქტურასა და დინამიკაზე. მუქთახორობა არ იყო მხოლოდ იურიდიული ფარგლებით შემოსაზღვრული საკითხი, ის სოციალურ-ეკონომიკური და სოციალურ-ფსიქოლოგიური კომპლექსური პრობლემა იყო, რომელსაც ბიუროკრატიულმა მონოპოლისტურმა ეკონომიკამ ადეკვატური პასუხი ვერ გასცა. ეს პრობლემა დღესაც არის საზოგადოები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც თავის გადაწყვეტას საჭიროებს ჰუმანიზმის საფუძველზე.

დავით  არაბიძეmuqta