ოქსფამის უახლესი კვლევების მიხედვით, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში მსოფლიო 67 ტრილიონი $-ით გამდიდრდა, თუმცა ამ სიმდიდრის გადანაწილების მონაცემები თანამედროვე სამყაროში უთანასწორობის კატასტროფულ ხარისხზე მეტყველებს.
2010 წელს, ოქსფამისავე კვლევები გვაჩვენებდა, რომ მსოფლიოში უმდიდრესი 388 პიროვნება იმავე რაოდენობის ქონებას ფლობდა, რასაც დედამიწის უღარიბესი მოსახლეობის 50%.
2015 წლის მონაცემები კი საკმაოდ შოკისმომგვრელია: დღეს მსოფლიოში მხოლოდ 62 ადამიანი ფლობს დანარჩენი მოსახლეობის ნახევრის ტოლ ქონებას – საუბარია 3,6 მილიარდ ადამიანზე.
2000-2015 წლებში მსოფლიო 113 ტრილიონი დოლარით გამდიდრდა, რაც ერთ ადამიანზე საშუალოდ 19 000$-ს შეადგენს. აქედან, 68 ტრილიონი დოლარი მოდის მსოფლიოს უმდიდრეს 1% ზე – ერთ ადამიანზე, საშუალოდ, 762 000 $. დარჩენილის 10%-ზე მოდის 48 ტრილიონი დოლარი, საშუალოდ 72 600 $ ადამიანზე. დანარჩენი 17 ტრილიონი დოლარი ნაწილდება მოსახლეობის დანარჩენ 90%-ზე, 6 მილიარდ ადამიანზე.
რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, მოსახლეობის ნახევარზე მეტის წლიური შემოსავალი არ აღემატება 1184$-ს, მაშინ როცა 23 649$-ით ადამიანი ხვდება მოსახლეობის უმდიდრეს 10%-ში. თუ განვიხილავთ ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე 1%-ს, მათი წლიური შემოსავალი ბევრად აღემატება 50 000$-ს.
სხვა კვლევები ამტკიცებენ, რომ გლობალური უთანასწორობა და უკიდურესი სიღარიბე მკვეთრად მცირდება უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში. Oxfam-ის მტკიცებით, უმდიდრესი და უღარიბესი ადამიანების ქონების თუნდაც თანაბარი (5-5პროცენტით) გაზრდა დიდ გავლენას ვერ მოახდენს საერთო ფონზე. მაგალითად: თუ უღარიბესი ადამიანის შემოსავალი შეადგენს 100$-ს და მას გავზრდით 5%-ით, მაშინ მისი შემოსავალი გაიზრდება მხოლოდ 5$-ით, მაშინ როდესაც თუ მდიდარი ადამიანის შემოსავალი შეადგენს 1 მილიონ დოლარს, მისი შემოსავალი გაიზრდება 50 000$-ით.
1988-2011 წლებში, პლანეტის უღარიბესი 10%ის შემოსავალი გაიზარდა 65$-ით, მაშინ როცა უმდიდრესი 10%-ის შემოსავალი გაიზარდა 3278$-ით.
Oxfam-ის კვლევის შედეგების გამოქვეყნება ემთხვევა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დავოსში, სადაც იკრიბებიან მსოფლიოს პოლიტიკური და ბიზნეს ლიდერები.
„უბრალოდ მიუღებელია, რომ მსოფლიოს უღარიბესი მოსახლეობის ნახევარი არ ფლობს იმდენ ქონებას ვიდრე სუპერმდიდარი ადამიანების ისეთი მცირე რაოდენობა, რომელიც ერთ პატარა ვაგონში ჩაეტევა.“- აცხადებს Oxfam ის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი მარკ გოლდრინგი. მისი თქმით უნდა დამთავრდეს ის ერა, რომელიც უფლებას აძლევს მდიდარ პიროვნებებს და მულტინაციონალურ კომპანიებს, თავიდან აიცილონ გადასახადები ოფშორული ანგარიშების გაზრდით.