საქართველოს პროფკავშირების ცენტრალურ ოფისში, რუსთავის “ინტერტრანსის” წარმომადგენლებმა საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირის თავმჯდომარესთან ერთად პრესკონფერენცია გამართეს.
რუსთაველ მძღოლებს, რომლებიც რუსთავის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ინტერტრანსთან“ შეთანხმებას ვერ აღწევენ, კომპანია პროფკავშირების მეშვეობით შეუთანხმდება.
როგორც კომპანიის წარმომადგენელმა მამუკა მუმლაძემ განაცხადა, ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირები დაეხმარება გაფიცულ მძღოლებს, გაიგონ, რა პირობებს სთავაზობს მათ კომპანია.
ხელშეკრულების მიხედვით, დამსაქმებელი თანახმაა, არაუმეტეს ორი წლის ვადით, მარშრუტების კონკურსამდე, დაასაქმოს არსებულ მარშრუტებზე მოძრავი M2 კატეგორიის ის სამარშრუტო ტაქსები, რომლებიც 2005 წელს არის გამოშვებული და მათი ტექნიკური მონაცემები დააკმაყოფილებს ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, მგზავრთა გადაყვანისთვის მოქმედი ნორმატიული აქტების ძირითად მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
ასევე, მემორანდუმი ითვალისწინებს კომპანიაში მომუშავე ყველა მძღოლის დაზღვევას. ხელშეკრულების თანახმად, მარშრუტების კონკურსამდე არ უნდა გაიზარდოს დადგენილი გადასახადები. დამსაქმებელსა და მძღოლს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადის (7 წელი) გასვლის შემდეგ, დასაქმებულ მძღოლს უფლება ექნება საკუთრებაში გადაიფრომოს კომპანიის კუთვნილი M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება, ხოლო სანებართვო ვადის – რვა წლის განმავლობაში, სურვილის შემთხვევაში უფლება ექნება გააგრძელოს მარშრუტზე მუშაობა კომპანიისგან გამოსყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებით.
ასეთ შემთხვევაში, არსებული გეგმა შემცირდება თითოეული მანქანის შესყიდვისთვის გადახდილი თანხის ოდენობით, რაც გაანგარიშებული იქნება თითოეულ თვეზე.
მემორანდუმს ხელი „ინტერტრანსის“ დირექტორმა მამუკა მუმლაძემ და პროფკავშირების პრეზიდენტმა ლავრენტი ალანიამ მოაწერეს.