ირაკლი პეტრიაშვილი შვეიცარიაში შრომის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე შვეიცარიაში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, შრომის საერთაშორისო კონფერენციის 108-ე სესიაში მონაწილეობს.

ყოველწლიურ, გლობალური მნიშვნელობის შეხვედრას, წელს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ჟენევაში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე სახელმწიფო დელეგაციის წევრის რანგში იმყოფება და გლობალური მნიშვნელობის შეხვედრაში, საქართველოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის- პარტნიორის სტატუსით მონაწილეობს. პეტრიაშვილმა კონფერენციის დამსწრე საზოგადოებას სიტყვითა პლენარულ სესიაზე სწორედ იმ ტრიბუნიდან მიმართა, საიდანაც გასულ კვირას განცხადებები საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ირაკლი პეტრიაშვილი უარყოფითად აფასებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში ვიზიტისას გაჟღერებულ ინიციატივებს, რაშიც პეტრიაშვილის განცხადებით – ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროების “დამსახურება”აშკარად თვალშისაცემი და ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელია. აღნიშნული საკითხის ანალიზს იგი საზოგადოებას ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ შესთავაზებს.

მანამდე კი ირაკლი პეტრიაშვილმა საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ 21 საუკუნემ მსოფლიო თანამეგობრობა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, როგორიცაა მასიური შრომითი მიგრაცია, რობოტიზაცია და დიგიტალიზაცია, დემოკრატიის გლობალური კრიზისი, შეიარაღებული კონფლიქტები და ავტორიტარული რეჟიმების არსებობა. ირაკლი პეტრიაშვილის აზრით, შექმნილი მდგომარეობიდან ადეკვატური გამოსავლის მოძიების მიზნით მსფლიო პროფკავშირულმა მოძრაობამ სოციალურ პარტნიორებს, ქვეყანათა მთავრობებს და ფართო საზოგადოებას უნდა შესთავაზოს ახალი ორიენტირები და მიდგომები. ამ მიზნით მისი განცხადებით, უკვე არსებობს ეფექტური ინსტრუმენტი როგორიცაა შსო-ს გენერალური დირექტორის გაი რაიდერის “შრომის მომავლის ინიციატივა”, ისევე როგორც “შრომის მომავლის გლობალური კომისიის” შესაბამის დასკვნა, რომელიც განსაზღვრავს სოციალურ სფეროში მომავალი თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვან ორიენტირებს და მიმართულებებს.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, ის უდიდესი გამოწვევა რომელიც განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს დღითიდღე და მოითხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას – საუბარია ეკოლოგიურ გამოწვევებზე და გარემოს დაცვის საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ გაეროს და შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების კომპეტენტურმა ექსპერტებმა მოამზადეს დასკვნები, რომელთა თანახმადაც საერთაშორისო საზოგადოების უმოქმედობის პირობებში და გლობალური მასშტაბის მოქმედებების გარეშე მხოლოდ 11 წელია დარჩენილი იმ მომენტამდე, როდესაც დაიწყება გამოუსწორებელი პროცესები.

კონფერენციის ფარგლებში ირაკლი პეტრიაშვილს დაგეგმილი აქვს არაერთი ჯგუფური და პირისპირ შეხვედრა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის და სხადასხვა ქვეყნის შრომის სფეროს წარმომადგენლებთან.