ქართული პროფკავშირული მოძრაობა 100 წლის წინ

პროფკავშირული მოძრაობა საქართველოში საკუნეზე მეტი ხნის ისტორიას ითვლის. მისი წინამორბედები ხელოსანთა ამქრები იყო, რომელნიც ფეოდალური ეპოქის საქართველოში მნიშვნელოვან სოციალურ როლს ასრულებდნენ.

ჩვენი დროის არსებითი გარდაქმნების ეპოქაში პროფკავშირებმა არაერთხელ იცვალეს სახე და შინაარსიც კი. ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ცვლილება პროფკავშირებმა მე-20 საუკუნის დამლევს განიცადეს, როდესაც 80-ანი წლების ბოლოს აღმოჩნდნენ გარდაქმნისა და საჯაროობის ეპოქაში. საბჭოთა კავშირის ბიუროკრატიულ-მონოპოლისტური შინაარსის პოლიტიკურ-ეკონომიკურმა სისტემამ ვერ მოახდინა ადეკვატური პასუხის გაცემა ახალი დროების გამოწვევებისადმი და სწრაფად იწყო დაშლა. ამ სწრაფმა დაშლამ არსებულ სოციალურ სტრუქტურაში დიდი მღელვარება გამოიწვია. საქართველოში გაიშალა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისკენ მიმართული საერთო ეროვნული მოძრაობა, რომლის ყურადღების ქვეშ იყო არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ისეთი დიდი სოციალური მნიშვნელობის საკითხი, როგორიც არის პროფკავშირები. საბჭოთა საქართველოს პროფკავშირები კრიზისში იმყოფებოდნენ და საზოგადოება ეძებდა ალტერნატივას, ახალ პროფკავშირებს. იმჟამად საქართველოში გამომავალ ანტისაბჭოთა არალეგალურ გამოცემებში იბეჭდებოდა მასალები პროფკავშირების გარდაქმნის საკითხზე. ერთ-ერთ ასეთ ანტისაბჭოთა, არალეგალურ  1988 წლის 31 ოქტომბრიდან გამომავალ გამოცემაში “ცნობის ფურცელი -უწყებანი“ დაიბეჭდა საყურადღებო მასალები პროფკავშირულ თემაზე.

“ცნობის ფურცელი – უწყებანი“ 1989 წლის აგვისტო #1(7).   გვ: 8-9.

ვინაიდან ადამიანთა უფლებების საყოველთაო დეკლარაციით ყველა ადამიანს აქვს უფლება შექმნას თავისუფალი ასოციაციები და პროფესიული კავშირები, ვინაიდან პროფკავშირული უფლებების ქარტიით მშრომელებს აქვთ უფლება ჩამოაყალიბონ პროფესიული კავშირები, შევიდნენ არსებულ პროფესიულ ორგანიზაციებში და მონაწილეობა მიიღონ პროფკავშირულ მუშაობაში სახელმწიფო ხელისუფლებისა და წარმოების ხელმძღვანელთა ნებართვისა და კონტროლის გარეშე,

ვინაიდან საქართველოში დღეს არსებული პროფკავშირები სახელმწიფო ტოტალიტარული სტრუქტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და არ გამოხატავს მოქალაქეთა სოციალურ ინტერესებს,

ვინაიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის პერიოდში ყველა მოქალაქეს გააჩნდა კონსტიტუციური უფლება გაერთიანებულიყო თავისუფალ პროფესიულ კავშირებში,

ვინაიდან ეროვნულ მოძრაობაში ყოველ პიროვნებას უნდა გააჩნდეს როგორც პოლიტიკური, ასევე გარკვეულად სოციალური ფუნქცია

ქვეყნდება თავისუფალ ასოციაციებში მყოფ საქართველოს ეროვნული სამართლიანობის კავშირისა და საქართველოს სამართალ-რადიკალური პარტიის წევრთა

დეკლარაცია

ერი მთლიანობას ქმნის არა მისი შემადგენელი სოციუმების ინტერესთა ერთგვაროვნების, არამედ ამ ინტერესთა მრავალგვარობის სრული გარანტირებით.

დღევანდელი ქართული ეროვნული მოძრაობა პოლიტიკურად საერთო ეროვნულ ინტერესს ტოტალიტარული სახელმწიფო სისტემის მიერ ხელყოფისაგან დაიცავს მხოლოდ მაშინ, როდესაც თითოეული სოციალური ჯგუფი დაიცავს თავის სოციალურ ინტერესებს.

სოციალურ ინტერესთა დაცვისთვის ეროვნულ მოძრაობაში შექმნილია და იქმნება თავისუფალი პროფესიული გაერთიანებანი, რომელთა მოქმედება შემდეგ მიზნებს ისახავს:

ა) ერთი პროფესისა და დარგის მუშაკთა შემოკრებას;

ბ) ბრძოლას ეკონომიკური დამოუკიდებლობისათვის;

გ) სოციალური სამართლიანობის დაცვა-აღდგენას და მშრომელთა უფლებების დაცვას;

დ) მოღვაწეობას პროფესიონალიზმის ასამაღლებლად.

თავისუფალი პროფესიული გაერთიანებანი ეროვნული მოძრაობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და მათი უზენაესი მიზანი ერისა და პიროვნების თავისუფლებაა.

თავისუფალი პროფესიული გაერთიანებანი თავიანთი მიზნების რეალურ ცხოვრებაში დასამკვიდრებლად იბრძვიან გაფიცვებით, დემონსტრაციებით და ბრძოლის სხვა მშვიდობიანი ფორმებით.

ქ. თბილისი 2/08/1989 წ.  თავისუფალი ასოციაციების წევრთა ჯგუფი.

“ცნობის ფურცელი – უწყებანი,,      1989 წლის ოქტომბერი  #3(9).   გვ: 5.

თვალსაზრისი

თავისუფალ პროფკავშირულ კომიტეტთა

უფლებამოსილებათა შესახებ

1) თავისუფალი პროფკავშირული კომიტეტების არჩევა ხდება წარმოება-დაწესებულებებში ამ ორგანიზაციების მუშაკთა საერთო კრების მიერ, ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით.

2) თავისუფალი პროფკავშირული კომიტეტის რაოდენობრივ შემადგენლობას და შეცვლის წესს განსაზღვრავს მუშაკთა საერთო კრება.

3) თავისუფალი პროფკავშირული კომიტეტები მოქმედებენ ქართველი ერის ინტერესებიდან გამომდინარე და კანონის შესაბამისად, ისინი უფლებამოსილნი არიან დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებანი, რომლებიც ეხება ამ ორგანიზაციის საქმიანობას, განკარგონ საკუთარი სახსრები, თავისუფალი პროფკავშირული კომიტეტები არ საჭიროებენ რეგისტრაციას სახელმწიფოს არცერთ ორგანოში.

4) თავისუფალი პროფკავშირული კომიტეტები უფლებამოსილნი არიან დაიცვან სახელმწიფო, კოოპერატიულ, კერძო და შერეულ სექტორში დასაქმებულ მუშაკთა კოლექტიური და ინდივიდუალური უფლებები და ინტერესები. თავისუფალი პროფკავშირული კომიტეტები ამ უფლების განხორციელებისათვის არ საჭიროებენ მის დაქვემდებარებაში მყოფ მუშაკთა რაიმე სპეციალურ მიმართვას, ამასთან ყოველ პირს უფლება აქვს უარი თქვას თავისუფალი პროფკავშირული კომიტეტის მიერ დახმარებაზე.

5) არცერთ იურიდიულ და ფიზიკურ პირს არ აქვს უფლება რაიმე სახით შეზღუდოს ან დაუწესოს რაიმე საზღვრები თავისუფალი პროფკავშირული კომიტეტის საქმიანობას. თავისუფალი პროფკავშირული კომიტეტები პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ მოცემული ორგანიზაციის მუშაკთა საერთო კრების წინაშე.

6) ორგანიზაციის ადმინისტრაციის მიერ გაცემული ბრძანებები და განკარგულებები, აგრეთვე ადმინისტრაციის მიერ დადებული ხელშეკრულებები იურიდიულ ძალას იძენენ, მას შემდეგ, რაც მათ დაამტკიცებს თავისუფალი პროფკავშირული კომიტეტი.

7) უთანხმოება თავისუფალ პროფკავშირულ კომიტეტსა და ადმინისტრაციას, თავისუფალ პროფკავშირულ კომიტეტსა და ცალკეულ მუშაკთა, აგრეთვე თავისუფალი პროფკავშირული კომიტეტის წევრებს შორის წყდება მოცემული ორგანიზაციის საერთო კრებაზე.

8) თავისუფალ პროფკავშირული კომიტეტები არიან რა საწარმოს მუშაკთა, როგორც საწარმოს კოლექტიურ მესაკუთრეთა სრულუფლებიანი წარმომადგენლები კონტროლს უწევენ ადმინისტრაციის საქმიანობასა და საჭირო შეთხვევაში საერთო კრების წინაშე გააქვთ საკითხი ადმინისტრაციის სრული ან ადმინისტრაციული ცალკეული პირების გადაყენებისა და მათი სხვა პირებით შეცვლის შესახებ.

9) თავისუფალი პროფკავშირული კომიტეტები ხელმძღვანელობენ რა ადმინისტრაციის მუშაობას, მათი მეშვეობით:

ა) წარმართავენ საწარმოს საქმიანობას,

ბ) განკარგავენ საწარმოს წმინდა მოგებას,

გ) იღებენ დადგენილებას მუშაკთა სამუშაოზე მიღებისა და განთავისუფლების, აგრეთვე სხვა სამუშაოზე გადაყვანის შესახებ,

დ) ხელმძღვანელობენ საგაფიცო მოძრაობას,

ე) იღებენ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ აქციაში მონაწილეობის შესახებ,

ვ) ამტკიცებენ გადაწყვეტილებას საწარმოს სტატუსის შეცვლის შესახებ,

ზ) განსაზღვრავენ კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების პირობებს და საჭიროების შემთხვევაში შეაქვთ მასში ცვლილებები,

თ) ადგენენ და ამტკიცებენ საწარმოს განვითარების გეგმას,

ი) ატარებენ ღონისძიებებს შრომის ორგანიზაციის სრულყოფისა და შრომის ნაყოფიერების ამაღლებისათვის,

კ) წყვეტენ შრომის ანაზღაურების საკითხებს,

ლ) იღებენ გადაწყვეტილებებს მუშაკთა სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე,

მ) წყვეტენ საკითხებს მუშაკთა და ადმინისტრაციის მიმართ მატერიალური სტიმულირებისა და პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ,

ნ) იღებენ გადაწყვეტილებებს ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და საწარმოს სანეტარული მდგომარეობის დაცვის შესახებ.

საქართველოს ეროვნული სამართლიანობის პარტიის სამართლებრივი კომისია.

“ცნობის ფურცელ – უწყებანში“  გამოქვეყნებული ეს მასალები ნათელყოფს, რომ ყველაზე მძაფრ პოლიტიკურ ცვლილებების დროსაც  კი საზოგადოების ყურადღება უცვლელადაა მიმართული ისეთი დიდი მნიშვნელობის სოციალური საკითხისადმი, როგორიცაა პროფკავშირები. მეოთხედი საუკუნის წინ დასმული ეს საკითხები დღესაც აქტიური განსჯის საკითხი უნდა იყოს მოქმედი პროფკავშირული მოძრაობისთვის.

სტატია მომზადებულია სპეციალურად WWW.GTUC.GE–სათვის100