პროფკავშირები „რუსთავის სამშობიარო სახლში“ შრომის ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარვევების დაუყოვნებლივ გამოსწორებას მოითხოვენ

პროფკავშირების მოთხოვნით რუსთავის სამშობიარო სახლი შრომის ინსპექციამ შეამოწმა და სამშობიაროს ხელმძღვანელს თანამშრომელთა უფლებების დაცვა და 30 დღის ვადაში სახელფასო დავალიანების დაფარვა დაავალა.

რუსთავის სამშობიარო სახლის 129 თანამშრომლიდან 117-ს ხელფასი რამდენიმე თვეა არ აუღია, დავალიანება ჯამში 600 ათას ლარს აჭარბებს.

,,სავარაუდო მონობა სამშობიაროში დადასტურდა და გამოიცა დადგენილება. სახელფასო დავალიანება, რაც წარმოშობილია 117 ადამიანზე და მუშაობს 129 ადამიანი, ვინ არის 12 ადამიანი და სახელფასო დავალიანება რატომ არ აქვთ? ეს არის მისი შვილიშვილი, იურისტი, მისი შვილი, ბიძაშვილი და ა.შ.” – აცხადებს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ალანია.

,,ძალიან სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეში მათ უწევთ ბრძოლა იმის შესახებ, რომ რაც იმუშავეს, კუთვნილი ხელფასი აიღონ; რაც ეკუთვნით 24 სამუშაო დღე შვებულება – ის მიიღონ, კუთვნილი დასვენების დრო და ყველა ის პირობები, რაც საქართველოს კანონმდებლობით აქვთ მინიჭებული,” – ამბობს მედიცინის პროფკავშირის თავმჯდომარე ირაკლი ამირანაშვილი.

წლებია ,,სს რუსთავის სამშობიარო სახლში’’ ექიმები და ექთნები სრულად ვერ იღებენ კუთვნილ ანაზღაურებას, დარღვეულია მთელი რიგი შრომის უფლებები, ხშირია ხელფასის დაგვიანების და დავალიანების შემთხვევები. პროფკავშირებმა ამასთან დაკავშირებით არაერთი საპროტესტო აქცია გამართა. სწორედ ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე ჩაატარა სს რუსთავის სამშობიარო სახლში შრომის ინსპექციამ მოკვლევა და დაავალა ადმინისტრაციას დავალიანების დაფარვა.