შრომითი უფლებებისა და სოციალური დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი პროგრამა, საქართველოში შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის მხარდასაჭერად

საქართველოს მთავრობამ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ დაიწყეს პროექტი “შრომითი უფლებებისა და სოციალური დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში“.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და განხორციელდება 30-თვიანი პერიოდის განმავლობაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საქართველოს მთავრობასთან, პროფკავშირებისა და დამსაქმებელთა ორგანიზაციებთან ახლო თანამშრომლობით.

პროექტი ხელს შეუწყობს შრომის ბაზრის მართვის გაუმჯობესებას მდგრადი და ჰარმონიული შრომითი ურთიერთობების გამოყენების გზით.
პროექტის შედეგად მოსალოდნელია, რომ სამმხრივი და ორმხრივი დიალოგი საქართველოში ეფექტურად მხარდაჭერილი იქნება ეროვნულ, რეგიონალურ და საწარმო დონეებზე; გაუმჯობესებული იქნება დამსაქმებელთა ორგანიზაციების ეფექტურობა შრომითი ურთიერთობების საკითხებთან და მათი წევრებისათვის საჭიროებების შესაბამისი მომსახურების მიწოდებასთან მიმართებაში; ასევე გაუმჯობესდება პროფკავშირების ორგანიზაციების ეფექტურობა შრომითი ურთიერთობების საკითხებთან და დასაქმებულთა უფლებებისა და ინტერესების წარმოდგენასთან დაკავშირებით.

სოციალური დიალოგის გასაძლიერებლად პროექტი სთავაზობს სოციალურ პარტნიორებს (საქართველოს მთავრობას, დამსაქმებელთა და პროფკავშირების ორგანიზაციებს) სპეციალურად მორგებული საშუალებების ფართო სპექტრს, მათ შორის: ტრენინგ-პროგრამებს, სატრენინგო მასალების შემუშავებას, მრჩეველობით მომსახურებას, სემინარების დაგეგმვას.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის რეგიონალურმა დირექტორმა, ბატონმა ჰაინც კოლერმა აღნიშნა, რომ „საქართველოს ეკონომიკა და საზოგადოება მუდმივად იცვლება. პრინციპში, ჩვენ ვხედავთ ფუნქციონალური საბაზრო ეკონომიკის განვითარებას სამართლებრივი ბაზით, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო შრომით სტანდარტებზე და ეფექტურ ინსტიტუტებზე, რომლებიც შესაბამისია დამსაქმებელთა სურვილთან, შესაბამისი და მდგრადი შემოსავალი მიიღონ და დასაქმებულთა ღირსეული შრომის პირობების თანაბრად ლეგიტიმურ სურვილთან. მკვეთრი პოლიტიკური სურვილი შრომისა და სოციალური პოლიტიკის სფეროში შესაბამისი ინსტიტუტის გამოყენებისა გამოიკვეთა შრომის კოდექსის ახალ ცვლილებებში, რომლის საფუძველზე შეიქმნა სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისია პრემიერ მინისტრის თავმჯდომარეობით. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია მზად არის თავისი ინსტრუმენტების გამოყენებით მხარი დაუჭიროს საქართველოს ამ წამოწყებაში.“

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ,  ირაკლი პეტრიაშვილმა გაამახვილა ყურადღება, რომ “სოციალური დიალოგის კულტურა უნდა დამკვიდრდეს ჩვენს გონებაში და გულებში, როგორც ჩვენი თანაცხოვრების, საზოგადოებრივი განვითარებისა და სტაბილურობის უალტერნატივო რეალობა, რომელიც არის გარანტი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. სწორედ დიალოგის გზით უნდა გაეცეს პასუხი ყველა გამოწვევას. სოციალური დიალოგი უნდა იყოს როგორც ეროვნულ, რეგიონალურ, სექტორულ, ასევე საწარმოების დონეზე.  თუმცა, დღევანდელი რეალობა ამ kუთხით საკმაოდ არასასურველია და ეს პირველ რიგში გამოიხატება იმით, რომ ხელისუფლება არ აპირებს სრულფასოვანი შრომის ინსპექციის შექმნას, რაც ჩვენს პროტესტს იწვევს. ამიტომაც შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ არ დავთანხმდებით იმ ფსევდოინსპექციის შექმნას, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს”

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ბატონმა იანოშ ჰერმანმა ხაზი გაუსვა “საჭიროებას გაძლიერდეს 2013 წელს მიღებული ახალი შრომის კოდექსი ახალი ინსტიტუტებითა და პროცედურებით დავების გადასაწყვეტად და მოლაპრაკების კულტურის განსავითარებლად. 2014 წელმა გვაჩვენა, რომ მედიაცია სასარგებლოა ეკონომიკის ხელშემშლელი ფაქტორების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს თავისი ვალდებულების შესრულებაში შექმნას ისეთი ინსტიტუტი, რომელიც შეძლებს შეამოწმოს შრომითი პირობები საქართველოს შრომის კანონმდებლობისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად.“

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ბატონმა ელგუჯა მელაძემ ბრძანა, რომ “სოციალური დიალოგი მნიშვნელოვანია სისტემური ბიზნესისათვის. იგი მდგრადი ბიზნესის საფუძველია.”

პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პროფკავშირებისა და დამსაქმებელთა ორგანიზაციების, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, გაეროს სააგენტოების, საელჩოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები.dial