ხელოსნის შრომა

მრავალი საუკუნეა, რაც მსოფლიოში სულ უფრო და უფრო სრულყოფილ მანქანებს იგონებენ, მაგრამ ძალიან დიდხანს კიდევ ადამიანის დახვეწილი ხელით შრომას თავისი ადგილი საიმედოდ ეკავება. ინდუსტრიალიზაციის შემდეგ შრომამ განსხვავებული მორალური ღირებულება შეიძინა, რადგან მანქანებმა იწყეს ხელით შრომის ტოტალური განდევნა.. mechane ბერძნული სიტყვაა და მოხერხებულებას ნიშნავს და მანქანაც ამ სიტყვიდან მომდინარეობს. ბოლო სამი საუკუნის განმავლობასი ფიზიკოსების, მათემატიკოსების, ფილოსოფოსებისა და ზოგადად გამომგონებლების მიერ არაერთი თეორია და იდეია იქნა წამოყენებული, რომელნიც ემსახურებიან ხელით შრომის ისტორიის სამუზეუმო ექსპონატად ქცევას.

მხოლოდ ინდუსტრიული რევოლუციის გამარჯვებამ დაანახა კაცობრიობას პირველად ხელოსნის შრომის სილამაზე, მისი ღირებულება შრომის კულტურაში. მოხდა ღირებულებების საყოველთაო გადაფასება. ხელოსანი, რომელიც სოციალური კიბის ქვედა საფეხურზე იდგა, თითქმის ხელოვნად იქცა, მისი შრომა მხატვრობას დაემსგავსა. ინდუსტრიალიზაციამ ძველი სახელოსნოებს თავისი ხელსაწყოებით და ხელით დამზადებული ნაკეთობებით იდილური სამუშაო ადგილის სახე შესძინა. ხელობებმა, რომელთაც დღემდე შეინარჩუნეს ინდუსტრიალიზაციამდელი ფორმები ნამდვილ შედევრები მოუვლინეს კაცობრიობას.

ხელოსნობა წარმოების ფორმაა და იგი გარკვეული ფორმის ადამიანს აყალიბებს. ხელით დამზადებულ ნივთს ყოველთვის აქვს განუმეორებელი ხიბლი, რადგან ხელით შრომა განუმეორებელია.

ხელოსნობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს ჩვენს ქვეყანაში. საცხოვრებელი სახლები, სამეურნეო ნაგებობები, საბრძოლო და თავდაცვითი ციხე-კოშკები და გოდოლები ადამიანის ხელით ხდებოდა. საქართველოში ძველი წელთაღრიცხვის მე-7 ათასწლეულში დამზადებული თიხის ჭურჭელი დღესაც ანცვიფრებს ადამიანებს. ბრინჯაო, სპილენძი, ვერცხლი, მუხა, რცხილა, წიფელი, მატყლი, სელი, კანაფი და კიდევ სხვა მრავალი ხელოსნების ხელში სასწაულებრივად გარდაიქმნებოდა.

საქართველოს ისტორია გვიჩვენებს, რომ არსებობდა ხელოსანთა დინასტიები და ხელობათა შიგნით „დინასტიური“ ქორწინებები ნორმას წარმოადგენდა. თუ ქმარი არ იყო რომელიმე ხელობის წარმომადგენელი, ასეთი ქორწინება მას კარს უღებდა მისთვის სასურველი ხელობის ამქრის სრულფასოვანი წევრობისკენ. „ დინასტიური“ ქორწინება განაპირობებდა ხელობის დაუფლებას ბავშვობიდან, რადგან დაბადებიდანვე ადამიანი გარემოცული იყო კონკრეტული ხელობით, ოსტატობით, ტრადიციით, რომელთა კულტივაციასაც ხშირად  რამდენიმე საუკუნის ისტორია გააჩნდა, ხელობა მისთვის უკვე მემკვიდრეობითი იყო.

დღეს ადამიანი ითვალისწინებს ბევრ ფაქტორებს, როგორც საკუთარ მიდრეკილებას, ასევე შანსს შრომის ბაზარზე, კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას. ეს ნიშნავს რომ ხელობას აღარაა ბედისწერა, მაგრამ იგი რჩება ახალი ადამიანებით დაკომპლექტებული კულტურული ტრადიციის ორგანული ნაწილად. ხელობა ადამიანებს ავალდებულებს იცოდნენ ქალაქისა და სოფლის სპეციფიკა, ბუნება, ნიადაგი, კლიმატი, რესურსები და ადამიანები, რათა მათი ნახელავი ამ ქალაქისა და სოფლის განუმეორებლობის ბეჭედით იყოს არნიშნული. ხელობასთან განუყოფელია სამუშაო ინსტრუმენტები, რადგან ისინი ოსტატის ხელის ორგანულ ნაწილად არიან ქცეული, მათი ფორმირება არაერთ საუკუნეს ითვლის და ისინი ადამიანს ხელით შრომისას შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენაში შეუცვლელნი არიან.

ის ფაქტი, რომ საკუთარი ხელით, მხოლოდ ინსტრუმენტის და არა მანქანის მეშვეობით დამზადდა ღირებული პროდუქტი სამართლიანი სიამაყით ავსებს ადამიანის გულს , რადგან მან სამყაროს განვითარების სურათზე მცირე, მაგრამ საკუთარი შტრიხი გაავლო.

დღეს ადამიანის სამსახურში ტიტანური მექანიზმებია და მისი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაიზარდა. მის ამოცანა გახდა ეს მექანიზმები საზოგადოების ჰუმანური განვითარების სამსახურში ჩააყენოს.

საქართველოში ხელოსნის შრომა დიდი ფინანსური შემოსავლის წყარო არ არის. საუკუნეზე მეტი ხანი გავიდა, მას შემდეგ რაც ქართველი ხელოსნების მრავალსაუკუნოვანი ამქრებიც დიდი ხანია რაც ისტორიის კუთვნილებაა. მაგრამ XXI საუკუნეში უაღრესად აქტუალურისოციალური საკითხია ხელოსანთა პროფესიული გაერთიანებები. ხელოსნების ორგანიზაციად დარაზმვა დროის მოთხოვნაა, რადგან მასზეა დამოკიდებული ხელოსანთა  შრომითი საქმიანობიის წარმატება, მატერიალური კეთილდღეობა და სოციალური განვითარება.  პროფესიულ კავშირად დარაზმული ხელოსნები საზოგადოების დიდი სოციალური ძალაა.

დავით  არაბიძე