ავსტრიის მთავრობა მზად არის საქართველოში შრომის მაღალი რანგის ექსპერტები გამოგზავნოს და ჩვენს ქვეყანაში შრომის ინსპექტორები გადაამზადოს. აღნიშნული შეთავაზება ირაკლი პეტრიაშვილის ინიციატივის პასუხად, დღეს ავსტრიის მთავრობის და პროფკავშირების ერთობლივი გლობალური განვითარების პროექტის (WUSA) 25 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე გაჟღერდა.
კონფერენცია, რომელშიც საქართველო ავსტრიასთან ტელეხიდით მონაწილეობდა “ევროკავშირის საზღვრები”-ს თემატიკაზე მსჯელობდა. საქართველოდან მთავარი მენტორი პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე იყო, რომელმაც ვრცლად ისაუბრა ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პანდემიის პირობებში, ეკონომიკურ პრობლემებზე, რომელიც კოვიდ 19-მა გამოიწვია და კრიზისზე, რომელშიც არაერთი სფერო და ორგანიზაცია აღმოჩნდა, აგრეთვე შრომის კანონმდებლობაზე, შრომის უსაფრთხოებაზე, საპენსიო რეფორმასა და მინიმალურ ხელფასზე. პეტრიაშვილმა საქართველოს მაგალითი პან ევროპული რეგიონული კონტექსტით განიხილა და ევროკავშირის და საქართველოს კავშირების და თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. მათ შორის იმსჯელა იმ დიდ პოზიტიურ გავლენაზე, რაც იქონია საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირებულმა პარტნიორობამ 2014 წლიდან დღემდე.
ავსტრიის მთავრობის გლობალური განვითარების პროექტის მესვეურები დაინტერესდნენ როგორი პოლიტიკური ვითარებაა საქართველოში წინა საარჩევნოდ, რომელი პარტიები არიან ევროკავშირის მომხრეები და მოწინააღმდეგეები და როგორ გამოიყურება მთავრობის პროგრამა? რა პოზიცია აქვთ პროფკავშირებს? რა გამოწვევების წინაშეა დასაქმებულთა გაერთიანება? რა არის მნიშვნელოვანი დასაქმებულთა / დარგობრივი ორგანიზაციების გადმოსახედიდან?
ირაკლი პეტრიაშვილმა ვრცლად ისაუბრა პოლიტიკაზე და იმაზე, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიუხედავად აშშ-ს სამრეწველო პალატის და დამსაქმებელთა ორგანიზაციების შატანჟისა, მოახერხა და გათვალისწინებულ იქნა პროფკავშირების წლების დასახული მიზანი – შრომა გამხდარიყო უსაფრთხო, შრომის ინსპექცია კი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონვენციების შესაბამისი. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პოზიტიური ცვლილებების გათვალისწინებით, რომელიც შევიდა შრომის კანონმდებლობაში, პოლიტიკური ვითარება შემდეგია – პროფკავშირებს მოუხდებათ ერთის მხრივ მიღეწულის დაცვა და მეორეს მხრივ კი იმ ნაკლოვანებების გამოსწორებაზე მუშაობა, რომელიც კანონმდებლობაში ცვლილებებით არ აისახა – საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მინიმალური ხელფასი, ზეგანაკვეთური შრომა და ა.შ. პოლიტიკის ამგვარი ჩამოყალიბება კი განპირობებულია, სწორედ იმით, რომ წარმომადგენლობითი ოპოზიციური პარტიები ამ ტიპის რეგულაციების და უსაფთრთხო შრომის, ისევე როგორც დასაქმებულთა უფლებების დაცვის წინააღმდეგნი არიან.
იოზეფ ვალ-შტრასერმა ავსტრიის (ÖGB) გლობალური განვითარების პროექტის (WUSA) აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელსაც საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს გაიხსენა ის (“country meetings”) ქვეყანათაშორისი შეხვედრები, რომლებიც იმართებოდა საქართველოს პროფკავშირების და მისი ფიზიკური გადარჩენისთვის წინა მთავრობის პერიოდში. ავსტრიელებისთვის კარგადაა გასაგები, რომ პროფკავშირები არასოდეს დაუჭერენ მხარს ძალებ, რომლებიც ნეოლიბერტარიანიზმს ქადაგებენ და პოლიტიკური დემაგოგიით გამოირჩევიან. ვალ-შტრასერმა შეკრებილი საზოგადოების წინაშე განაცხადა, რომ ავსტრიის მთავრობა და მისი გლობალური განვითარების პროექტი საქართველოში გადაამზადებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს, გაუზიარებს ღირებულ და მნიშვნელოვან გამოცდილებას სხვადასხვა მიმართულებით და ამას გარდა დაკავებული იქნება საქართველოს პროფკავშირების პოზიციების დაცვით, პარტნიორი ევროპელი პოლიტიკოსების მეშვეობით.
აღსანიშნავია, რომ ავსტრია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს პროფკავშირებთან და სწორედ ავსტრიის მთავრობის და პროფკავშირების მხარდაჭერით შედგა საქართველოში ავსტრიის პროფკავშირული სკოლების პროექტი, რომელმაც გადაამზადა აქტიური მოქალაქეები, დასაქმებულები და პროფკავშირების წევრები სხვადასხვა რეგიონიდან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა ორგანიზება უფლებების დაცვისთვის, შრომის უსაფრთხოება, შრომითი კანონმდებლობა, მედიასა და საზოგადოებასთან კომუნიკაცია, სამართლებრივი დავის წარმოების გზები და ფორმები, გენდერული საკითხები, დისკრიმინაცია და ა.შ.
ღონისძიებაზე გამოიფინა ფოტოგრაფ შაკო ჯოხაძის ფოტო ნამუშევრებიც, რომელიც საქართველოში დასაქმებულთა ყოფას ასახავს.